ნიჭიერი, ახალბედა პოეტი


ამ პოსტში მინდა გაგაცნოთ უნიჭიერესი ახალგაზრდა პოეტი. ეს გახლავთ ანა ხარაიშვილი, რომელსაც წერის განსაკუთრებული მანერა აქვს. მისი ლექსების კითხვისას უნებურად ინუსხები და ემორჩილები მის ემოციებს, იძენ იმ უდიდეს მუხტს, რომელიც მძაფრად იგრძნობა მის შემოქმედებაში.

მოკლედ ჯობია თავად გაეცნოთ მის ლექსებს და თავადვე შეაფასოთ.
ეს კი ამ უნიჭიერესი ადამიანის ფოტო… ვაი თუ შემთხვევით ქუჩაში შემოგხვდათ…. )

ხო მართლა არ დაგავიწყდეთ ეს ექსკლუზუვია ამ ბლოგზე შესანიშნავი ლექსებისა.. მე დარწმუნებული ვარ, რომ ანა სახელგანთქმული პოეტი გახდება და ეს მარტო ცარიელი სიტყვები არ არის მის შესაქებად… მე მართლაც ასე ვფიქრობ…

……
ბავშვი თუ უბრალოდ პატარა?!

ვიცი, უკვე გავიზარდე, აღარა ვარ პატარა,
ახლა მე უნდა ვატარო რაც ცხოვრებამ მატარა.
ვხედავ ჩემი ნაბიჯებიც დღითიდღე რომ იზრდება
და თანდათან მეტად მიჭირს მათი გადაბიჯება!

ვხედავ თურმე დარქმევია წარმოსახვას იმედი,
შევამჩნიე მომიხიეს მეც სიცოცხლის ბილეთი,
მთელი ერი გამალებით ერთ დიდ ჭადრაკს თამაშობს
პაიკები იცვლებიან, მეფე ციხეს დარაჯობს…
ორთქმავალი ისევ ოხვრით მიუყვება ლიანდაგს,
თვითმფრინავით დღესაც ფრინავს ბევრი ბაბაიაგაც,
ხშირი სმისგან ეს ბოთლები სულ ჯინებით ივსება,
თუმცა ბოთლიდან გაშვებას ალბათ ვერ ეღირსება!

საუკუნე საუკუნეს ეჯახება მიწისძვრით,
წელიწადი ძველ წელიწადს მიაგორებს კინწისკვრით…
მე ვიზრდები, ის ბერდება, ზღაპარი კი გრძელდება,
ვიღაც ამბობს, რომ ბავშვობა თურმე არ მეორდება!

……
რომ შემძლებოდა

რა მოხდებოდა, რომ შემძლებოდა
გულში ჩახედვა, ფიქრების გაცრა…
რომ შემძლებოდა ღრუბლის გაწურვა,
თოვლისთვის შავი სიცივის გაცლა…
რომ დამეხატა სხივების ჩრდილი
და ვარდისფერი ღამის სიბნელე,
ჩემი თვალებით რომ დამენახა
ამდენ სიყვარულს როგორ ინელებთ…
რომ შემძლებოდა მთელი სიკეთის
ისრებად შეკვრა და გამოტყორცნა!
ან მწუხარების ცრემლიდან შთანთქმა
და წამწამებზე მათი დაკოცნა…
თუ სამოთხეში არ არის ღამე,
მაშინ მითხარით როგორ თენდება?!
ვიხილო მინდა შეშლილი მთვარე
ლიმნისფერ აისს როგორ ნებდება…
მინდა შევიგრძნო ვარსკვლავთა ცქერით
ყვავილისფერი სიმღერის ვნება,
დრო გაიწელოს, ან სულ გაჩერდეს
როცა ფიფქები ჰაერში დნება…
რომ შემძლებოდა დამეშვა ციდან
ამ სიყვარულზე ფიქრების თავსხმა,
ალბათ, უთუოდ შემეძლებოდა
ჩემი შენდამი გრძნობების ახსნა!..

…..
თურმე როგორ ყვარებია

თურმე როგორ ყვარებია იმ ლამპიონს ნამგალა,
რიჟრაჟამდე შევყურებდი, ტრფობას ვერ შეველიე,
თუ აქამდე შენ იყავი ჩემი ფიქრთა ამალა
სწორედ წუხელ შევიგრძენი როგორ გამომელიე…

ცივი, ცივი მთვარის შუქიც თუ ჩემს გულში თბებოდა,
და თუ ვნებამ აისბერგიც ნაფოტებად აქცია,
გულის ფეთქვას რა ისეთი ძალა უნდა ჰქონოდა,
რომ ღელვისას შენი თავიც ნაპირს გადმოაქცია…

წუხელ, როცა ცამ ლამპიონს განთიადი ანახა
მთვარე გაქრა, თქვა სიშიშვლე არ შვენითო ქალწულებს,
სწორედ მაშინ შევამჩნიე, რომ ფიქრებში აღარ ხარ
და რომ მათაც გამოგრიყეს, მათაც აგითვალწუნეს…

ყურს ვუგდებდი, ოხ, რა ტკბილად ღიღინებდა ვოკალი!
ორი შუქი ჩრდილებითურთ სიმფონიას ერწყმოდა,
თუ ასეთი სპეტაკი ხარ ღამე როგორ მოკალი
დილაავ… მათი სიყვარული ხომ არავის ერჩოდა!..

ახლაც ვხედავ ემოციებს წამწამების ჩრდილიდან,
შენც ხომ ისე სწრაფად გაქრი როგორც მათი სინათლე…
ლამპიონი ხვალ გამოვა ვიცი აგონიიდან,
შენ კი ვეღარ დამიბრუნებ, ვეღარ გამოიზამთრებ…

თურმე როგორ ყვარებია იმ ლამპიონს ნამგალა,
რომ წუხანდელ ნაჭრილობევს დილაც ვეღარ იამებს…
ეს შუადღეც უძილობამ ისე დააბანცალა,
ვიცი, ისევ დაბნელდება, ისევ შემოიღამებს!

……

არ შემადაროთ

არ შემადაროთ, გევედრებით მე იმ პოეტებს
ძილმორეულნი სიყვარულით ლექსებს რომ ჭრიან…
სატრფოს ჩურჩული რომ აგონებთ მოცარტის ნოტებს
ან ყველა ლექსში უმიზეზოდ მზის სხივებს სჩრიან…

არ შემადაროთ, გევედრებით საბრალო ქალწულს,
გულგანგმირული მწუხარებას კალამს რომ ეტყვის,
და არც იმ მწერლებს, ვინც პრობლემებს, ათასგზის დაწნულს
წვალებ-წვალებით მიაქსოვენ კიდევ ერთ გრეხილს!

არ შემადაროთ, გევედრებით, მე არც იმ მგოსანს
რომ სურთ ლექსები დაამსგავსონ ვრცელ ეპითეტებს,
იქნებ მე უფრო შთამბეჭდავი გრძნობები მმოსავს
და სატრფოს ლანდებს მთვარის ნათებად ვეღარ ვიმეტებ?!

ნუ შემადარებთ, გევედრებით იმ იღბლიანებს
ვისი გრძნობებიც მწერლობაში მუზად თარეშობს!
არ შემიცოდოთ თუ ამ წლებმა დაიგვიანეს!
დღეს ხომ ჩემი მზე რომანტიზმით ბევრის მთვარეს სჯობს?!

ნუ შემადარებთ უსიყვარულო და ურჩ მელექსეს!
არა! მე თქვენთვის სიბრალული არ მითხოვია!..
მწერლებო, თუ თქვენ ლამაზ რითმებს სატრფოში ეძებთ
მე დამაბრმავა ჩემი მუზის მელანქოლიამ!

…..
მაჯამა

ამბობდნენ წარსულ ჭრილობებს ახალი გრძნობა შველისო…
რქამომტვრეული ირემი მსგავსი იქნება შველისო?-
ვერ მიპასუხეს, კითხვები დაგროვდა, ტყე-ღრე იარა,
ვერ დავივიწყე წარსული, არ მომიშუშდა იარა…

რქებით ვკაწრავდი ღრუბლებზე, იქაც მეწია მე წერა,
ძირს ჩამომაგდო, არ მომცა უფლება ცაზე მეწერა!
ვერ ვეტეოდი საზღვრებში, არ არსებობდა ცა-კიდე,
ბედო, შენ კი ამ გოგონას თვით დედამიწაც აკიდე!

როგორ მინდოდა მთვარესთვის ყუნწზე მეკოცნა, როგორ მე…
დღეს უკან-უკან მივცოცავ, აისს გავექცე როგორმე!
ერთმა უმწეომ ტკივილი ქვეყანას როგორ აუწყოს?
უკუღმართულად მოძრავ ბედს ვინ შეძლებს ფეხი აუწყოს?!

ვატყობ, თუ როგორ მივიწყებს ეს კარ-მიდამო მე ნელა,
ერთი ჩვარიც არ მეღირსა, მეგლოვა და მომენელა!..
თუ საცოდავი ამ ხალხმა ამ ლექსის გამო მიწოდა,
მაშინ საბრალოს ხელები რატომ არ გამომიწოდა?!

რა ვქნა, ვერ მიტევს ეს მიწა, უნდა მოვძებნო ცის კარი,
თორემ მეც ქალთევზასავით მკლავს ხვალინდელი ცისკარი!..

…..
„საღვთო ერია!“
დღეს ყველა ცოდვამ ჩემს ქალაქში შეისხა ფრთები,
შავი ფრთოსნებიც აქ მოდიან გაღმა ხევიდან,
აქ ვერ შეიგრძნობთ, როგორ რბიან უმიზნო წლები-
აქ ხომ მიზნებიც დაუკარგავთ თვალთახედვიდან!

აქ უკვდავია ყველა სული, ყველა არსება,
ვერ შეაშინებს აქ სიკვდილი უკვე ვერავის!
აქ არ ჩვევიათ არც სინდისთან გაბაასება,
წარსულის ნაშთმა მოიყვანა აქ ხომ ყველანი!

ვერც არწივები იპოვიან ჩვენს ქვის გალავანს!
მხოლოდ ჩვენ გვაკრავს კლდენი ასე სალი, პიტალო,
მაგრამ ვერ ნახავთ ასე ადვილად მისადგომ ალაგს,
მთელი სამყარო თუნდაც ფეხით შემოიაროთ!

ოხ, თქვენ რა იცით, აქ რა ტკბილი, ცხელი ჰავაა!
აქ ხომ სუყველას ერთმანეთის ნაკლი ანაყრებს!
ჩვენთან სიცოცხლე ინსტიქტური წარმოსახვაა,
აქ არსებისას დაინახავ მხოლოდ ანარეკლს!

აქ ხომ ბუნებაც ხელოვნურად ნაზავებია!
აქ არნახულად ეწყობიან შავები წითლებს!
აქ აღარავის ახსენდება პაპა-ბებია!
აქ მხოლოდ აწმყო უზავდება მომავლის რითმებს!

აქ მათხოვრობა მართლაც იოლი თავის რჩენაა,
აქ სირცხვილია მხოლოდ სხვისთვის ხელის გაწევა,
უსინდისობა ერთადერთი გადარჩენაა,
უნამუსობა-სიკვდილისგან თავის დაღწევა!

ზუსტად იციან ჩვენთან ყადრი გაშლილი სუფრის,
მერე ბარბაცით ანაცვლებენ დაღლილ ნაბიჯებს,
აქ ერთადერთი დაბრკოლება რწმენაა უფლის,
მაგრამ ამასაც დიდი ხანია გადააბიჯეს!

მოდი! ღიაა შენთვის ყველა კარები!
შეხედე! გშურდეს! აქ ხომ ყველა ბედნიერია!
აი ესსაა ის ნაქები, მყუდრო ქალაქი,
და ეს კი ჩემი გარდაცვლილი „საღვთო ერია“!!!

…..
პაემანი ყივჩაღთან(ყივჩაღის პაემნის მე-5, ანასეული ვერსია)

ათას წელიწადს ვითვლიდი ღამეს
მკვდარი ვიყავი თუმცა პეპელა,
ვხედავდი ისევ ეტრფოდი მარნებს,
ძველი სიმთვრალეც ვერ მოგენელა,

შენ ნათელში ხარ, ჩემთან კი ბნელა,
არ გსაყვედურობ, ახია ჩემზე!
მე იმ ტაძრებთან ჯორით მატარეს,
შენ რომ ჩემ გამო გზადაგზა ლეწე!

ტყუილად ლესავ, დააგდე ხმალი!
შუქს ვერ გაჰკვეთავ! ამით დაგვსაჯეს:
შენ სამოთხეში უჩემოდ კვდები,
მე კი ვერც ახლა ვერ გადაგარჩენ!

არ ვნანობ, არა! შენ რომ მომქაჩე
ჯერ ის ნაწნავიც არ მომიჭრია,
კიდევ ცოტაც და თვითონ მოგაწვდენ,
უკვე ათასი წელი გვიცდია!

ვხედავ გასცქერი აღმოსავლეთით,
აღარც მე ვშიშობ, გატყდება ნავსი!
მეც ხომ ყივჩაღის ნიშანი მადევს
რაც შენ ტუჩებზე დაღი დამასვი!

თუ მე ღალატი არ მეპატია,
შენ სიყვარულის გადევს იარა
მაშ, უსაშველო ეს ტრაგედია
ბუნებამ ზიდოს ტკივილიანად!

მე ხომ ის მქმნიდა შენთვის მოსაწონს,
შენც ხომ ყივჩაღად იმან დაგბადა!
შეხედე ნანობს და ჩვენი ხათრით
მაისიც იცვამს რძისფერ ლაბადას!

შეხედე, ვარდი აპირებს გაშლას
და ტრამალებზეც მწვანეა მოლი,
მე ისევ ის ვარ- ნაზი პეპელა,
შენ ყურღანიდან ფრენილი გნოლი!

……
მიყვარხარო…

მერცხლებს შეუპყრიათ აივნები
ბუდის მასალა რომ შემოაკლდათ
და მე ოცნებებში შევიჭერი
შენი ღიმილი რომ მომენატრა…
ალბათ ეს მერცხლებიც ისე გრძნობენ
თავებს სიწყნარისგან დამშვიდებულს,
როგორც მე ჩარჩენილს ივნისში და
ივლისს უსაფუძვლოდ აკიდებულს…
ვიცი კვლავ შევხვდებით ფოთოლცვენას,
ზღურბლებს გადავლახავთ ზვირთებიანს
და ეს გაწელილი უშენობაც
მალე გადაივლის იმედია…
რაც რომ ვარდობის თვემ მაფარფატა
რატომ მომანატრა თიბათვისამ…
რატომ გადაგვთელა უმოწყალოდ
ზაფხულს აღზნებულმა სუფსარქისმა?..
დღეს თუ უშენობას გავურბივარ
ხვალაც უშენობას გავექცევი
და არ დავიღლები სანამ თავზე
ზეცას გაეხსნება სარეცელი…
მაგრამ ეს სიკვდილი მე არ მომკლავს
და შენც უფრო ძვირად შეგაფასებს,
დღეს თუ ეს კალამიც არ მეკუთვნის
მკვდარი დაგიტოვებ მხოლოდ ანდერძს!..
მე ვერ შეგპირდები ოქროს საწმისს
და ვერც ცათამბჯენებს თაღებიანს,
მაგრამ შენთან რჩება ის რაც ჩემთვის
ქვეყნად სიხარულის ნაღებია:
როცა შენს ფანჯრებში დაღამდება
მთვარე მოიხრება სევდით სავსე
მაშინ დაინახავ რაც მის ყუნწზე
ასე სიყვარულით მოვათავსე…
ღამეს დავუტოვე ერთგულება
და შენ მოგიძღვენი თვიტონ ღამე…
ტუჩებს დაგიტოვე ის შეხება
ჩუმად რომ მომპარა ურცხვმა მთვარემ…
მაგრამ ჯერ ხომ ისევ ცოცხალი ვარ…
ჯერ ხომ ისევ მღერის ეს სიმღერაც…
მარტო ერთს გთხოვ, ფრთები გამომასხი
შენი სიყვარულით გასაფრენად!
რათა როცა მართლა მომაკითხავს
ქვეყნად ანგელოზი დიდებისა
მასაც გავუფრინდე, შევებრძოლო,
მთვარეს ჩავუსახლდე, თუნდაც ხიზნად…
მერე ისევ, ჩუმად შემოგხედო,
ფარდა გადავწიო გულისცემით,
მაგრამ თუკი სხვასაც დავინახავ
აღარ შეგაწუხებთ გეფიცები…
შორეულმა ფიქრმა გამიყოლა…
დღეს კი აღარ ვიცი რა ვაკეთო,
ახლა ეს კალამიც აღარ მიწერს,
რაც დღეს მატრიალეთ მაკმარეთო!
ალბათ წაიკითხავთ, გამომლანძღავთ,
შვილო, გიჟი ხარ თუ ვინა ხარო…
მაგრამ ვიცი ამ დროს ერთი ბიჭი
ჩუმად ჩამჩურჩულებს _ მიყვარხარო…


11 responses to “ნიჭიერი, ახალბედა პოეტი

  • spamwriters

    არ მომწონს. ათასჯერ ნახმარი და გაცვეთილი რითმები, უინტერესო რეპრეზენტაცია, უინტერესო ენობრივი ფორმა, ტკივილები და ტკივილები :)) პოეზია სხვა რამეა, ეს ლექსები პოეზია არაა.

    თქვენ ალბაღ იტყვით, ახაალბედაა ჯერ, აცადეთ ბატონო, მე ბევრი არაახალბედაც არ მომწონს 🙂

  • ანონიმური

    მე ნაწილობრივ ვეთანხმები თქვენს აზრს, და ამიტომაც მაინც გმადლობთ კომენტარისთვის, თუმცა, არ ვეთანხმები სიტყვებს: ,,ტკივილები და ტკივილები”, აქ მხოლოდ ერთი ლექსია ცოტა განზოგადებულად ტკივილიანი(მაჯამა) და მისი შინაარსით არც მე ვამაყობ, მაგრამ ამ ლექსში მე ცოტა სხვა მისია მქონდა შესასრულებელი და ვფიქრობ, რომ შევასრულე. რასაკვირველია ,,შეიძლება იყოს ლექსი და არ იყოს პოეზია”, ასეთი ლექსებია აქ : მიყვარხარო; არ შემადაროთ, საღვთო ერია…… მაგრამ არა მგონია ეს ეთქვას ლექსებს: ,, თურმე როგორ ყვარებია; ან თუნდაც რომ შემძლებოდა”… და ერთ რამეს დავამატებდი, მე აქ შევეცადე სხვადასხვა სტილის ლექსები დამედო, თქვენ კი ეს ვერ შენიშნეთ, და ყველაფერი განაზოგადეთ… ,,ყოველგვარი განზოგადება კი პრიმიტივია, თვით ამ განზოგადების ჩათვლით” 🙂

  • ანონიმური

    :))))) sheni azria da aravin gartmevs… leqsi zogadad charchoa romelshic adamiani tavis shinagan samyaros atevs. da sheizleba tqveni azrebi tkivili da gancebi ertmanets ar emtxveodes amitom :))) gemovnebaze ar daoben

  • teennewson

    შენთვის არ ვიცი პეოზია რას ნიშნავს, მაგრამ მე ეს ლექსები ნამდვილად მომწონს.. ბევრი ახალბედა პოეტი, რომელიც დღესდღეისობით ცნობილია ამ ადამიანის შემოქმედებას ვერც დაუპირისპირებს თავის ლექსებს.. ყველას თავისი გემოვნება აქვს, ზოგს მოეწონება, ზოგს არა… იძახი ტკივილიო, მაგრამ არ დაგვავიწყდეს პოეტები ყოველთვის იმას გადმოსცემენ რასაც გრძნობენ და არა ხალხის დაკვეთილს…..

  • ანი ხარაიშვილი

    მეც მინდა ჩემი აზრი გითხრათ, რადგან ამ ლექსების ავტორი მე ვარ… მე ასე მიმაჩნია: ,, ყოველგვარი განზოგადება პრიმიტიულობაა, თვით ამ განზოგადების ჩათვლით!” ასე, რომ როდესაც ასეთ მკაცრ კომენტარს წერთ უნდა დაკონკრეტდეთ კიდეც! რომ ამბობთ ათასჯერ ნახმარი და გაცვეთილი რითმებიო, დაწერეთ რას გულისხმობთ, და ისიც გაითვალისწინეთ, რომ რითმა ხშირად შინაარსს ქმნის! უინტერესო ენობრივი ფორმაო, დიახ, არც მე მომწონს ,,მიყვარხარო” მაგ მხრივ, მაგრამ მე მას არ ვუყურებ როგორც პოეზიის ნიმუშს, მე ის ერთ კონკრეტულ არსებას მივუძღვენი ადრე! არც “საგვტო ერიაა” პოეზიის ნიმუში, ის არის ლექსი, სადაც მკაპიოდ და კარგად არის გამოხატული მტავარი სათქმელი! და რატომ არ ახსენეთ ,,თურმე როგორ ყვარებია”? რა იყო იკ მოდზველებული და უკვე ნახმარი? ან თუნდაც, ,რომ შემძლებოდა”? დამისახელეტ ერტი პრაზა ამ ორი ლექსიდან რომელთა შინაარსიც ადრე სადმე შეგხვედრიათ 🙂 მე ვფიქრობ, თქვენ უბრალოდ გადაჭრილი პასუხები მოგწონთ და ნამდვილ კრიტიკას გაურბიხართ 🙂

  • ანონიმური

    am adamianma tavisi grdznobebi chaaqsova am leqsebshi da martlac, aravis dakvetit dauweria…yvelas gansxvavebuli gemovneba aqvs,magram mainc sachiroa davpiqrdet ras vambobt…da mainc, ver vxvdebi “modzvelebuli da ukve naxmari” stropebia romelia aq ?

  • natia bagaturia

    am adamianma tavisi grdznobebi chaaqsova am leqsebshi da martlac, aravis dakvetit dauweria…yvelas gansxvavebuli gemovneba aqvs,magram mainc sachiroa davpiqrdet ras vambobt…da mainc, ver vxvdebi “modzvelebuli da ukve naxmari” stropebi romelia aq ?

  • spamwriters

    ღმერთო რატო ვარ ცოცხალი :)) ასე ძალიან “მოგხვდათ” ჩემი “მკაცრი კომენტარი” :დ გულზე? :)) ჯერ კარგად წაგეკითხათ და მერე გეპასუხათ იქნებ 🙂 აბსოლუტურად შეუსაბამო კითხვებია

    მოვალ მერე და გიპასუხებთ თუ სწორ კიტხვებს დასვამთ 🙂

  • spamwriters

    ეს ნაწერები ისეა ლექსები, როგორც მე წმინდანი 🙂 მამენტ, მე უფრო წმინდავი ვარ, ვიდრე ესენია ლექსები 🙂

  • teennewson

    ara me arafaeri “mxvdeba” , kritikas yoveltvis vgebulob.. ubralod me momewona da davde….

  • ანონიმური

    sxviis uflebeebs nu argveevt..tqven tqveni azri gqondeet….leqsiit is adamiani tavis tkiviils da shinagan mdgomareobaas gamoxataavs…is aq tavisufalia da misi nebaa tu roor daweers….rato ar afaseebt adamianeebs sanaam cocxlebi ariaan mere ki mistiriit yvelaas..eg aris damgupvelii…bevri qartveli poetis leqseebs mainc sjoobs zogiertii…..arsebobs aseve tetri leqsebiic amitoom daukvirdiit ra tqvens qceveebs

დატოვე კომენტარი

Entertainment

What’s good, bad and happening, from pop culture to high culture

ninia's

,,ისეთი სიტყვა მინდა დავწერო, შენ რომ გაიგებ"

ქრისტინას ბლოგი

ქრისტინას ბლოგი

gabo.blog

გოჩა გაბოძე

teen news about all

ერთი შემაძრწუნებლად საინტერესო ბლოგი :)