“არაბული გაზაფხული” ლიბიაში



2011 წელს თუნისში დაწყებულმა აჯანყებამ ნათელყო, რომ უკმაყოფილებას სოციალური და ეკონომიკური საფუძველი ჰქონდა და აღნიშნული რეგიონის მაშტაბებს ბევრად სცილდებოდა.
”არაბული გაზაფხული” კი სწორედ ის სახელწოდებაა, რომელიც მსოფლიო მასმედიამ ამ მოვლენებს უწოდა, როგორც ჩანს, 1968 წლის ”პრაღის გაზაფხულის” ანალოგიით, როდესაც ხალხი გამოვიდა ჩეხოსლოვაკიის ტოტალიტარულ-კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ.
მრავალ არაბულ ქვეყანაში არსებობდა ღრმა უკმაყოფილება საკუთარი რეჟიმებით, მაგრამ ”თუნისის რევოლუციის” სწრაფმა წარმატებამ პროტესტის აფეთქებისთვის დეტონატორის როლი ითამაშა.
დომინოს ეფექტით პროტესტი სწრაფად გადაედო სხვა არაბულ ქვეყნებს. უკვე 2011 წლის იანვარში დაიწყო საპროტესტო გამოსვლები: იორდანიაში, ომანში, იემენში, ეგვიპტეში, ბაჰრეინში; მარტში-სირიაში. რეგიონს გარეთ დემონსტარციები იყო ალჟირში, მაროკოში, ხოლო ლიბიაში , რომელსაც 1969 წლიდან, 42 წლის განმავლობაში თავის ოჯახთან და კლანთან ერთად უცვლელად მართავდა საერთაშორისო დონეზე უტაქტობითა და ახირებით ცნობილი დიქტატორი, პოლკოვნიკი მუამარ ალ-კადაფი, ანტისამთავრობო გამოსვლები ნახევარწლიან სამოქალაქო ომში გადაიზარდა.
საყოველთაო ლოზუნგად იქცა ”აშ-შააბ იურიდ ისკატ ან-ნიზამ” (ხალხი მოითხოვს რეჟიმის დამხობას). (გაჩეჩილაძე, 2011)
      პოლკოვნიკი მუამარ ალ-კადაფი ბედუინების ოჯახში დაიბადა. სამხედრო განათლება საბერძნეთსა და დიდ ბრიტანეთში მიიღო. იგი არაბულ  სამყაროსა და აფრიკაში თანამდებობაზე  ყველაზე დიდხანს მყოფი ლიდერია. კადაფი ლიბიას 1969 წლიდან მართავდა, მას შემდეგ, რაც 27 წლის ასაკში სისხლიანი გადატრიალებისას  მეფე იდრის I ჩამოაგდო.
1977 წელს კადაფიმ შექმნა პოლიტიკური სისტემა სახელწოდებით “ჯამაჰირია”,  “მასების სახელმწიფო”, რომელშიც ძალაუფლებას ათასობით ადამიანისგან შემდგარი საბჭოები ფლობენ. საზღვარგარეთ ვიზიტებისას იგი ხშირად შლიდა ბედუინურ კარავს, რომელსაც შეირაღებული ქალები ყარაულობდნენ – კადაფი მიიჩნევდა, რომ ქალი მცველების ყურადღების მოდუნება გაცილებით რთულია, ვიდრე მამაკაცების.
მიუხედავად ოდიოზური იმიჯისა, კადაფის ჭკვიან პოლიტიკოსსაც უწოდებდნენ, რადგან მან  ქვეყანა დიპლომატიური იზოლაციიდან გამოიყვანა. 2003 წელს კადაფიმ ხელი აიღო მასობრივი განადგურების იარაღის შექმნაზე, რითაც დასავლეთის სიმპათია დაიმსახურა. HUMAN RIGTS WATCH-ის მონაცემებით კადაფის მთვარობამ ასობით ადამიანი პოლიტიკური შეხედულებების გამო კანონის დარღვევის ბრალდებით დააპატიმრა და ბევრს სიკვდილიც კი მიუსაჯა. ანგარიშში აღნიშნულია ადამიანების წამებისა და გაქრობის ფაქტები.
2009 წლის თებერვალში, მას შემდეგ რაც აირჩიეს აფრიკის კავშირის თავმჯდომარედ ეთიოპიაში, კადაფიმ მიმართა შეკრებილ აფრიკელ ლიდერებს: “მე გავაგრძელებ დაჟინებულ მოქმედებას, რათა ჩვენმა სუვერენულმა ქვეყნებმა იმუშაონ და მიაღწიონ აფრიკის შეერთებულ შტატებს”. (ლიბერალი, ვასო კუჭუხიძე, 2011)
აი ასეთი გახლდათ მუამარ ალ-კადაფი, რომელმაც მსოფლიო ისტორიაში ნამდვილად დაიმსახურა ტირანისა და დიქტატორის სტატუსის მინიჭება. ახლა კი დავუბრუნდეთ ლიბიაში მომხდარ მოვლენებს, რომელმაც გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონია, ლიბიის დღევანდელობაზე და რაღათქმაუნდა მომავალზე.
სიტუაცია ერთ-ერთ ყველაზე დრამატულად განვითარდა ზემოთხსენებულ ჩრდილო-აფრიკულ სახელმწიფოში – ლიბიაში. საპროტესტო გამოსვლები 15 თებერვალს ლიბიის სიდიდით მეორე ქალაქ ბენღაზში დაიწყო. ბოლო ათწლეულების განმავლობაში ბენღაზი ”ოპოზიციის დედაქალაქად” და ტრიპოლთან დაპირისპირებულ ცენტრად ითვლება. თავიდან გამოსვლები არ იყო მასობრივი, მხოლოდ რამდენიმე ათასი დემონსტრატი ითხოვდა კადაფის გადადგომას. მომიტინგეთა სიმცირით გათამამებულმა ხელისუფლებამ აქციის აღკვეთა მისი დარბევით სცადა, რასაც პირველსავე დღეს 8 დემონსტრანტის სიცოცხლე შეეწირა. ამ მომენტიდან კი დიდი როლი სოციალურმა ქსელებმა შეასრულეს. სწორედ facebook-ის საშუალებით დაიგეგმა ანტისამთავრებო ”რისხვის დღე”. 3 დღეში სიტუაცია უმართავი გახდა.

16 თებერვალს დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, საპროტესტო აქცია, რომელიც პოლიციასთან და მთავრობის მომხრეებთან დაპირისპირებაში
გადაიზარდა, ადგილობრივი უფლებადამცველის დაპატიმრებას მოჰყვა.

17 თებერვალს ლიბიის ლიდერის, მუამარ კადაფის ასობით მხარდამჭერი შეიკრიბა ტრიპოლიში, რათა წინააღმდეგობა გაეწიათ ინტერნეტით გავრცელებული მოწოდებებისთვის დედაქალაქში ანტი-სამთავრობო, „მრისხანების დღის“ აქციის ჩატარების თაობაზე -რომელიც ეგვიპტესა და თუნისში მომხდარი ამბოხებებით არის შთაგონებული.

18 თებერვალს მღელვარების მონაწილეებმა დაიკავეს ქვეყნის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქი ალ-ბაიდა.

20 თებერვალს ქალაქ ბენღაზში, შეტაკებების დროს დაღუპული ადამიანების სამგლოვიარო პროცესიის დროს ქვეყნის უშიშროების ძალებმა პროცესიის მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნეს. შეტაკების შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 14 დაშავდა.

21 თებერვალი – ლიბიის ლიდერის, მუამარ კადაფის შვილმა, საიფ ალ-ისლამ კადაფიმ განაცხადა, რომ ლიბია სამოქალაქო ომის საფრთხის წინაშე დგას. ხელისუფლება უკანასკნელ ტყვიამდე დაიცავს თავს და თუ მოვლენები ქუჩებში არ დასრულდება, ლიბიას ათასობით დაღუპულის დატირება მოუწევსო.როგორც საინფორმაციო საგენტოები იუწყებოდნენ დედაქალაქ ტრიპოლიში 160 ადამიანია დაღუპული.

22 თებერვალი – ლიბიის ხელისუფლებამ დედაქალაქ ტრიპოლისა და ქვეყნის სხვა ქალაქებში საჰაერო შეტევა განახორციელა დემონსტრანტებზე. გავრცელებული ინფორმაციით დაიღუპა ასობით ადამიანი. ამავე დღეს ლიბიის ორი ავიაგამანადგურებელი გაუფრთხილებლად მალტის ერთ-ერთ აეროდრომზე დაეშვა, მისი პილოტები პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვენ.

23 თებერვალი – ლიბიის აღმოსავლეთს ოპოზიცია აკონტროლებს. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი აბდელ ფათაჰ იუნის ალ-აბიდი, გადადგა და ჯარსა და პოლიციას მოუწოდა აჯანყებულთა მხარეს გადასულიყო.

24 თებერვალი – მუამარ კადაფის მომხრე არმიის ნაწილებმა იერიში მიიტანეს ანტისამთავრობო შეიარაღებულ რაზმებზე ქალაქ მისტრაფაში, ზავიაში. კადაფი თავს აფარებს ტრიპოლის.

27 თებერვალი – ანტისამთავრობო გმოსვლების ფონზე ლიბიაში, ქვეყნის ლიდერ მუამარ კადაფის დაპირისპირებულმა მხარეებმა ალტერნატიული მთავრობა შექმნეს, რომლის ხელმძღვანელად იუსტიციის ექს-მინისტრი მუსტაფა აბდელ-ჯალილი დანიშნეს. (Wikipedia)
      ამ ფონზე მეზობელი ეგვიპტისთვის ყველაზე ხელსაყრელი ლიბიაში კადაფის რეჟიმის შენარჩუნება იყო. მოსაზღვრე ქვეყანაში სეკულარისტული მთავრობის დამხობა კაიროში ხელს არ აძლევდათ – იქ ახლა თავად დგანან ფუნდამენტალისტების გაძლიერების საფრთხის ქვეშ. ლიბიის სამხედრო სისტემაზე დაფუძნებული სახელმწიფო წყობა ნასერისეულ მემკვიდრეობად ითვლება და დიდი სიმპათიით სარგებლობს ეგვიპტელ სამხედროებში. მუბარაქის გადადგომის შემდეგ კი სწორედ არმიას უპყრია ხელში ძალაუფლება. ეგვიპტე ესაზღვრება ლიბიის აჯანყებულ აღმოსავლეთ ნაწილს, რომელსაც კადაფი ვეღარ აკონტროლებდა. ეგვიპტელი სამხედროები საზღვარს განსაკუთრებული სიმკაცრით აკონტროლებდნენ, რათა არ დაეშვათ ლიბიელი მეამბოხეების იარაღით, რესურსებითა და ცოცხალი ძალით მომარაგება ეგვიპტიდან.
ლიბიაში ბრძოლა აჯანყებულებსა და ხელისუფლების ძალებს შორის ცვალებადი წარმატებით მიმდინარეობდა. მნიშვნელოვანი ქალაქები ხელიდან ხელში გადადიოდა. 9 მარტს ქალაქ ბენჯავადის ხელში ჩაგდება კადაფის არმიამ შეძლო, თუმცა მორიგი ბრძოლის შემდეგ აჯანყებულებმა მისი დაბრუნება კვლავ მოახერხეს. ანალოგიური ვითარება შეიქმნა ქალაქ აზ-ზავიასთან დაკავშირებით. აღნიშნულ მომენტში ლიბია ფაქტობრივად ორად იყო გახლეჩილი – აღმოსავლეთ რაიონი, სადაც მნიშვნელოვან ნავთობტერმინალებს აჯანყებულები აკონტროლებდნენ და დედაქალაქი ტრიპოლი, სადაც მართვის საადავეები კადაფის ხელში იყო.
ოპოზიციის მიერ ქვეყნის აღმოსავლეთში მიღწეული წარმატების პარალელურად, ანტისამთავრობო გამოსვლები დაიწყო ტრიპოლიშიც. ამ დროისთვის სპეცსამსახურები უკვე დიდი მონდომებით ეძებდნენ და აპატიმრებდნენ აქტივისტებს, რომლებიც სოციალური ქსელების საშუალებით ხალხის შეკრებას ცდილობდნენ. დევნის მიუხედავად, 20 თებერვალს მრავალათასიანი გამოსვლა მაინც მოეწყო. დემონსტრანტებმა შტურმით აიღეს სახელმწიფო ტელევიზიის შენობა და გადაწვეს მთავრობის სასახლე. გავრცელდა ხმა, რომ კადაფი ქვეყნიდან გაიქცა და თავი ვენესუელას შეაფარა. ეჭვს ისიც ამძაფრებდა, რომ დასამშვიდებლად ხალხს არა კადაფმა, არამედ  პრეზიდენტის უფროსმა ვაჟმა მიმართა.კადაფი უმცროსმა ისლამისტი ფუნდამენტალისტებისგან მოსალოდნელ საფრთხეებზე ისაუბრა, სამოქალაქო ომი იწინასწარმეტყველა და ამბოხებულებს “სისხლის მდინარეებით” დაემუქრა.
საიფ ალ-კადაფის “ხისტი რიტორიკა” მეორე დღესვე ცუდად დაუბრუნდა რეჟიმს – ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსვლა უკვე სხვადასხვა ტომის წარმომადგენლებმა დაიწყეს. ლიბია მრავალეთნიკური ქვეყანაა და არაბების გარდა, რამდენიმე დიდი და მცირე ტომითაა დასახლებული. ისინი კადაფის კეთილგანწყობით სარგებლობდნენ და რეჟიმისადმი ლოიალურად განწყობილ ჯგუფებს ქმნიდნენ, თუმცა მათი დიდი უმრავლესობა მეამბოხეთა მხარეს გადავიდა.
კადაფისაგან გამიჯვნა დაიწყეს საზღვარგარეთ არსებულმა ლიბიის დიპლომატიური სამსახურების წარმომადგენლებმაც. 20 თებერვალს კაიროში, არაბული ლიგის შეხვედრაზე, ლიბანის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა უფლებამოსილებას გადააჭარბა და მისი ერთგული ვეღარ იქნება, მომავალში კი აპირებს, მეამბოხეებს შეუერთდეს. ხოლო, არაბული ქვეყნის, კატარის, ავიაცია უშუალოდ მონაწილეობდა ოპერაციებში ლიბიაში. ამის პარალელურად, ლონდონში ლიბიელი ემიგრანტების მიერ გამართულ ანტისამთავრობო მშვიდობიან მსვლელობას თითქმის სრული შემადგენლობით შეუერთდა ლიბიის საელჩო ინგლისში. ასევე, თანამდებობები ნებაყოფლობით დატოვეს ლიბიის დიპლომატიურმა წამომადგენლებმა 22 ქვეყანაში.
22 თებერვალს ტელეეკრანებზე მუამარ კადაფი გამოჩნდა. 52-წუთიან მიმართვაში მან განაცხადა, რომ ბრძოლას მანამ არ გამოეთიშება, სანამ ერთი მხარდამჭერი მაინც იქნება მის გვერდით. კადაფიმ ხაზი გაუსვა,  რომ ლიბიაში იმყოფება და ქვეყნის დატოვებას არც ახლო მომავალში აპირებს. მისი თქმით, თუ საჭიროება მოითხოვს, ის თავს შესწირავს ლიბიის კეთილდღეობისთვის ბრძოლას. იმავე დღეს, კადაფიმ სამხედრო შენაერთები დაძრა ამბოხებულ ქალაქებზე კონტროლის აღსადგენად, თუმცა ჯარის გარკვეული ნაწილი მეამბოხეებს შეუერთდა, ისევე, როგორც უშიშროების მინისტრი და სხვა რამდენიმე მაღალჩინოსანი. ამავე დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კადაფიმ მეამბოხეების წინააღმდეგ ავიაციის გამოყენების ბრძანება გასცა. ამ ცნობას 2 პილოტი ადასტურებდა, რომელთა თქმით, ბრძანებას არ დაემორჩილნენ და ბენღაზის დაბომბვის ნაცვლად თვითმფრინავები მალტაზე დასვეს. მალე Facebook-ზე გავრცელდა მეამბოხეების მიერ ჩამოხრჩობილი სამხედროებისა და მერიის თანამშრომლების სურათები, რაც იმას ადასტურებს, რომ სისასტიკისაგან არც ანტისამთავრობო ძალები იკავებდნენ თავს და ქვეყანა სრულ ქაოსში იმყოფებოდა. (ლიბერალი, ვასო კუჭუხიძე, 2011)
ლიბიის რევოლუციონერებს და კადაფის მომხრეებს შორის ბოლო და ყველაზე წარმატებული  დაპირისპირება ამბოხებულებისათვის სწორედ დიქტატორის მშობლიურ ქალაქში სირტეში მიმდინარეობდა. მანამდე 2 თვით ადრე კი მეამბოხეებმა ტრიპოლი აიღეს. ეს ბოლო თვეებში კადაფის მომხრეთა ყველაზე სერიოზული წარმატება იყო. ტრიპოლის აღებისას, ტყვედ ჩავარდნენ მუამარ კადაფის ვაჟები: მუჰამადი და სეიფ ალ-ისლამი. ლიბიელი ამბოხებულების მიერ ქვეყნის დედაქალაქ ტრიპოლის აღებისას დაიღუპა 1 300 ადამიანი, 5 000-მა კი სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო. აღნიშნული ინფორმაცია კადაფის მთავრობის წარმომადგენლებმა გაავრცელეს.  საქმე ისე იყო გართულებული, რევოლუციონერმა ლიდერებმა განაცხადეს, რომ ლიბიაში დემოკრატიული რეჟიმის დამყარება მხოლოდ ამ ქალაქის აღების შემდეგ მოხდებოდა.
ქალაქ სირტეში  20 ოქტომბერს ლიბიელთა მრისხანებამ კულმინაციას მიაღწია და “დიქტატორი მმართველი სადამ ჰუსეინთან გაამგზავრეს”. 23 ოქტომბერს კი ლიბიის სრული განთავისუფლება გამოცხადდა. ამ მოვლენასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმაც გააკეთა განცხადება. მან იმედი გამოთქვა იმის თაობაზე, რომ  ლიბიელი ხალხი, რომელიც სათავეში ჩაუდგა რევოლუციას, შეძლებს, გაუძღვეს გარდამავალ პროცესსა და მთავრობის ფორმირებას.
პოლკოვნიკ მუამარ მოჰამად აბდოლსალამ კადაფის მოკვლით საბოლოოდ მისი 42 წლიანი დიქტატურის ჩრდილიც გაუჩინარდა ლიბიაში და ლიბიელთა სახლებში უდიდესმა სიხარულმა დაისადგურა. მუამარ კადაფი 1942 წელს ქალაქ სირტეს მახლობელ ერთ-ერთ სოფელში დაიბადა. ეს სწორედ ის ადგილია, სადაც 70 წლის შემდეგ საკუთარი ხალხის რისხვის პირისპირ აღმოჩნდა და საბოლოოდ  ამავე ადგილას იქნა მოკლული. დღემდე უცნობია თუ როგორ და ვინ მოკლა კადაფი, ისევე როგორც ყოველთვის ბურუსით იყო მოცული მისი პირადი ცხოვრება და მმართველობა ლიბიაში. მუამარ კადაფის 42 წლიანი დიქტატურის ყველაზე სახასიათო ნიშანს კი მისი გასაიდუმლოებული ინფორმაციები, ამასთან ძალისმიერი მმართველობა და გენოციდი შეადგენდა. ათი ათასობით ლიბიელის გენოციდი, რომლებიც წლების მანძილზე ამ ქვეყნის ჩაკეტილ და მეტად შევიწროებულ სივრცეში ცხოვრობდნენ საკუთარი ხალხისადმი ლიბიელი „პოლკოვნიკის” დაპირისპირების შედეგი იყო. ყოველივე ეს კი დასავლეთის ორგანოებისა და მთავრობების ლიბიელი მმართველისადმი აშკარა მხარდაჭერის ფონზე მიმდინარეობდა.
ამის მიუხედავად აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კადაფი საკუთარ მოსახლეობას გარკვეულწილად ეხმარებოდა. ახალ-ახალ აზრებს სთავაზობდა თანამოძმეებს. მაგალითად, სამხრეთ კორეაში შეიძენდა ავტომანქანებს, ჩამოიყვანდა და მეოთხედ ფასად მიჰყიდდა ლიბიელებს, ლიბიელებიც ბედნიერები იყვნენ ამით. ანდა, ვთქვათ, ისიც, რომ ლიბიას ენერგომატარებლების ექსპორტით წლიურად რჩება, დაახლოებით, ათი მილიარდი ამერიკული დოლარი. ამ მოგების ნახევარი მიდიოდა სახელმწიფო ხაზინაში, ნახევარი ნაწილდებოდა ლიბიის მოსახლეობაში.
– ეს გამომდინარეობს მუამარ კადაფის მსოფლმხედველობიდან, რომელიც მან ჩამოაყალიბა თავის ნაშრომში: „მწვანე წიგნი“. ამიტომ, სხვა არაბული ქვეყებისგან განსხვავებით ლიბიაში არ იყო ძალიან მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა. ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის რაოდენობით ბოლო დროს ლიბიამ გაუსწრო დიდ ბრიტანეთის იმპერიას, ხოლო უმუშევრობა ლიბიაში საერთოდ არ არსებობდა. აგრეთვე არ არსებობდნენ მათხოვრები, მაგრამ ეს ყველაფერი იმდენად მცირეა იმ ბოროტების კვალობაზე, რომლელიც ამ ადამიანმა ჩაიდინა არა მარტო საკუთარი, არამედ მთელი მსოფლიოს წინაშე, რომ სახალხო აჯანყება გარდაუვალი გახდა.
მოგეხსენებათ კადაფის მმართველობის დროს ლიბიის შიდა მდგომარეობაზე ინფორმაცია ძნელად მოსაპოვებელი იყო, რადგან იქ მხოლოდ სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი მასმედია არსებობდა და ამასთანავე უცხოელ ჟურნალისტებს იქ შესვლა აკრძალული ჰქონდათ.
თავდაპირველად საერთაშორისო საზოგადოება არ ჩქარობდა აქტიურ ჩარევას და მხოლოდ საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციით იყო დაკავებული. პირველი ქვეყანა, რომელმაც ძალადობის წინააღმდეგ კონკრეტული ნაბიჯი გადადგა იყო პერუ. კონკრეტულად ლიმამ ლიბიასთან დიპლომატიური კავშირი გაწყვიტა.
საერთაშორისო ჩარევა არ ხერხდებოდა იმ მიზეზითაც, რომ ეგვიპტისა და თუნისისგან განსხვავებით, ლიბიის მიმართ არ არსებობდა ერთსულოვანი პოზიცია. საფრანგეთი და გერმანია კადაფის რეჟიმის მიმართ მკაცრი სანქციების დაწესებას მოითხოვდნენ. იტალია კი მის მიმართ კვლავ ტოლერანტული იყო. 2004 წელს სწორედ იტალიის ინიციატივა იყო ლიბიისთვის ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების მოხსნა. ლიბია იტალიისთვის გაზის ძირითადი მომწოდებელია და მისი მოთხოვნილების 24%-ს ფარავს. იტალიური ენერგოცენტრი ELI, რომლის დიდ წილსაც სახელმწიფო ფლობს, ლიბიაში მრავალი შეღავათით სარგებლობდა. იტალიის გარდა, ტრიპოლი სამხრეთ ევროპის სხვა ქვეყნებისთვისაც გაზის და ნავთობის ერთ_ერთი ძირითადი მიმწოდებელია. (ლიბერალი, ვასო კუჭუხიძე, 2011)
      საერთაშორისო საზოგადოება ბოლოს იძულებული გახდა ჩარეულიყო მეტად დაძაბულ სიტუაციაში და სწორედ 19 მარტს, გაერთიანებული ერების უშიშროების საბჭოს მიერ 1973 წლის რეზოლუციის მიღებიდან 2 დღის შემდეგ, ფრანგული ბაზიდან გაბედული საჰაერო რეიდი განხორციელდა, რომელმაც შესაძლებელი გახადა ბენღაზში დაგეგმილი შეღწევის მიზნით მიმავალი პოლკოვნიკ კადაფის ძალების კუთვნილი ჯავშანტექნიკის დიდი კოლონის შეჩერება და განადგურება. მაშინ როდესაც, ლიბიის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები ჯერ კიდევ არ იყო ნეიტრალიზებული, ამ მტკიცე და სარისკო მოქმედებით თავიდან იქნა აცილებული ამბოხებული ქალაქის დაცემა. საფრანგეთისა და ინგლისის ირგვლივ შეკრებილი კოალიციის ძალებისათვის ამ ოპერაციაში მონაწილეობას საწრვთნელი ეფექტიც ჰქონდა. 31 მარტიდან, საერთაშორისო ძალების სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობა ნატოს სარდლობის ეგიდით ხორციელდებოდა, ამ სამხედრო მოქმედებებმა მიიღეს სახელწოდება « ოპერაციაUnified Protector ». ნატოს 1973 წლის რეზოლუციის ფარგლებში, ოპერაციას აქვს საჰაერო და საზღვაო ნაწილი. მისი მთავარი მიზანი იყო :

ლიბიელი ხალხის დაცვა თავდასხმებისაგან,
ნეიტრალური საჰაერო სივრცის დაცვის იძულება და პოლკოვნიკ კადაფის საჰაერო ხომალდებისთვის ხელის შეშლა, მოსახლეობის დაბომბვის თავიდან აცილების მიზნით.
შეიარაღებაზე არსებული ემბარგოს დაცვის იძულება.

ოცამდე ქვეყანა იღებდა მონაწილეობას ამ ოპერაციაში, კერძოდ ნატოს პარტნიორი ქვეყნები როგორებიცაა: შვეცია, არაბეთის გაერთიანებული საამიროები, ის ქვეყნები რომლებთანაც საფრანგეთს ხანგრძლივი და მნიშვნელოვანი თავდაცვითი ურთიერთობები აკავშირებს. ამან დიდად გააადვილა მათი მონაწილეობა საჰაერო ოპერაციებში.

საფრანგეთის როლი
პოლიტიკური თვალსაზრისით, ხაზი უნდა გაესვას პრეზიდენტ სარკოზის პირად მონაწილეობას საერთაშორისო საზოგადოების მობილიზებისა და ლიბიელი ხალხის ინტერესების დაცვის საქმეში: საფრანგეთი იყო პირველი ქვეყანა, ვინც აღიარა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლეგიტიმურობა და მისი გადამწყვეტი როლი ლიბიის მთავრობის ცვლილებაში. ა.წ. 1 სექტემბერს, სწორედ პარიზში, საფრანგეთის ინიციატივით, გაიმართა ახალი ლიბიის მხარდამჭერი საერთაშორისო კონფერენცია.

სამხედრო თვალსაზრისით, ბრიტანელ თანამებრძოლებთან ერთად, ჩვენი შეიარაღებული ძალები მთავარ როლს ასრულებენ ლიბიაში გამართულ სამხედრო მოქმედებებში: განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

19 მარტს, სწორედ ფრანგული რაფალის ტიპის გამანადგურებლები,   მცირე ხნით ადრე მიღებული წინასწარი გაფრთხილების მიუხედავად, პირველები შედიან ლიბიის საბრძოლო მოქმედებებში და ახერხებენ უხვი სისხლისღვრის თავიდან აცილებას ბენღაზში.

22 მარტს, ავიამზიდ « შარლ დე გოლის » დამრტყმელი ჯგუფი შევიდა ლიბიის სანაპიროზე. ფრანგული ძალების მაღალმა აქტივობამ პოლიტიკურ ხელისუფლებას უპირატესობა შეუქმნა, რათა აღედგინა მდგომარეობა თითქმის წაგებულ ბრძოლაში.

და ბოლოს, საფრანგეთი არის ოპერაცია Unified Protector -ის ერთ-ერთი ყველაზე პირველი მონაწილე. ყველაზე კრიზისულ დროს საფრანგეთმა გამოიყენა 40 საჰაერო ხომალდი, 20 საბრძოლო ვერტმფრენი და სამხედრო-საზღვაო ფლოტის ათამდე გემი. (http://www.ambafrance-ge.org, 2011)
საფრანგეთს ლიბიის პროცესებში სამხედრო ჩარევა 300 მილიონი დოლარი ევრო დაუჯდა. გაზეთ ”ლა ფიგაროს” საინფორმაციო ცენტრის თანახმად ჟერარ ლანგემ აღნიშნა, რომ ლიბიაში წარმართული სამხედრო ოპერაციების ხარჯები საფრანგეთის სამხედრო ბიუჯეტის 1 %-ს, ხოლო წლიური ბიუჯეტის 50%-ს შეადგენს. ამავე ინფორმაციის თანახმად საფრანგეთი მზად არის ლიბიასთან ეკონომიკური ხელშეკრულების გაფორმებისათვის, რომელიც ნავთობით მდიდარ სახელმწიფოდ ითვლება. ამ გაზეთის ცნობით ინგლისის თავდაცვის მინისტრმაც ლიბიაში დიდი ბრიტანეთის სამხედრო ჩარევის ხარჯებად 343 მილიონი ევრო დაასახელა. თუმცაღა ამ ინფორმაციაში არაფერია ნათქვამი თუ რა დაუჯდა ლიბიის საომარი ოპერაციები ამერიკას. დასავლეთის ქვეყნები, მათ შორის ამერიკა, ინგლისი, საფრანგეთი და იტალია, რომელთაც წარსულში ლიბიის საომარ ოპერაციებში მიიღეს მონაწილეობა ამჟამად, მუამარ კადაფის მოკვლის შემდეგ, ამ ქვეყნის ნავთობ საბადოების ხელში ჩაგდებას ცდილობენ.
როგორც ზემოთ აღინიშნა ლიბიაში ნატოს სამხედრო ოპერაცია 31 მარტს, ნატოს 28–იდან 12 წევრმა და 4–მა არაწევრმა ქვეყანამ დაიწყო. მათ 9600 საბრძოლო ერთეულით კადაფის ძალების წინააღმდეგ დაიწყეს მოქმედება.
ალიანსის გენერალური მდივნის განცხადებით ნატოს ოპერაციები ლიბიაში 31 ოქტომბერს წარმატებით დასრულდა. ანდერს ფოგ რასმუსენმა საფრანგეთის 24–ე არხთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ნატომ ლიბიაში თავისი მისია უშიშროების საბჭოს რეზოლუციის თანახმად დაასრულა და ამ ორგანიზაციის უმთავრეს მოვალეობას მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვა შეადგენდა. მანვე დასძინა ნატო სერიოზულად შეეწინააღმდეგა ლიბიელი ხალხის სისხლისღვრას და ამ ორგანიზაციის მისიის დროს არცერთი სამოქალაქო პირი არ დაღუპულა იქ. ნატოს ლიდერის განცხადება მაშინ გაკეთდა, როდესაც დამოუკიდებელი სააგენტოები ლიბიაში ალიანსის საჰაერო აგრესიის დროს ათასობით უდანაშაულო მოქალაქის დაღუპვის შესახებ ავრცელებენ ინფორმაციას. (Iran Georgian radio, 2011)
ლიბიის ჯანდაცვის სამინისტროს ახალი მოხსენების თანახმად კი, ნატოს მიერ 7 თვის განმავლობაში განხორციელებული დაბომბვების შედეგად მინიმუმ 30 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

ნატომ ლიბიაში დაახლოებით 10 ათასი ოპერაცია განახორციელა. ნატო 28 ქვეყანას მოიცავს, რომელთაგან 6–მა ლიბიის ოპერაციებში მონაწილეობა არ მიიღო. თუმცა ამჟამად ნატოს წევრი ქვეყნები: ამერიკა, ინგლისი, საფრანგეთი და იტალია ლიბიის ეკონომიკაში საკუთარი წილის მოპოვებას ცდილობენ, რათა ამ გზით 7 თვის განმავლობაში გაწეული ხაზინა დააბალანსონ.
2016 რეზოლუციის თანახმად ლიბიაში ნატოს მისია დეკემბრის ბოლოს სრულდება. თუმცა არსებული ფაქტები მოწმობს, რომ ნატოს წევრები ლიბიაში ეკონომიკური ოპერაციის წამოწყებისათვის ემზადებიან, რაც თავის მხრივ დიქტატორის ჩანგლიდან განთავისუფლებულ ქვეყანაში ნატოს ახალ ასპარეზს შეუმზადებს. ( Iran Georgian radio, 2011)
      დიქტატორის აღსასრული და მისი შვილების ერთიმეორის მიყოლებით დახოცვა ყველა ძალაუფლების მქონე პირისათვის გაკვეთილს წარმოადგენს, რომლებიც სახელმწიფოს მართვის დროს ძალადობასა და უსამართლობას მიმართავენ.
აღსანიშნავია რომ ლიბიელი ხალხის 7 თვიან რევოლუციას კადაფის მხრიდან ათი ათასობით მოკლული ჰყავს, რაც ამ დიქტატორის ისტორიაში ყველაზე შემაძრწუნებელი და სისხლიანი პერიოდი იყო.
ათი თასობით ლიბიელი მოქალაქის დაღუპვა, რომლებიც წლების განმავლობაში “დახურულ და საშიშ” სახელმწიფოში ცხოვრობდნენ, ამ ქვეყნის სისხლიან პოლკოვნიკთან ხალხის ბრძოლის შედეგია, რომელი ბრძოლაც ნატოს ინტერვენციითა და ძალის ჩვენებით მიმდინარეობდა.
კადაფის მკვლელობამ ლიბიის ისტორიაში ახალი გზა წარმოაჩინა, რომელიც ხანგრძლივი და რთული იქნება.
ასე, რომ საინტერესოა როგორ განვითარდება მოვლენები, როგორ დაიწერება ლიბიის ისტორიის ახალი ფურცლები “სისხლიანი დიქტატორის” გარეშე. მნიშვნელოვანია აქვე ვიმსჯელო იმ მოვლენებზე რომლებიც უკვე მოხდა ან სავარაუდოდ მოხდება მომავალში. წარმოვაჩინო ის პერსპექტივები, რითაც ჩემი აზრით, ამ ქვეყანამ უნდა მოახერხოს მომავალი განვითარება.
ამ მისის შესასრულებლად აუცილებელია ჯერ ვისაუბრო, თუ როგორ განვითარდა სიტუაცია კადაფის სიკვდილის შემდგომ პერიოდში.
ლიბიაში მუამარ კადაფის ჩამოგდებიდან სამი თვის შემდეგ ახალი დროებითი მთავრობა იქმნება, ამ მთავრობას ახალი კონსტიტუციის პროექტის მომზადება და 8 თვის განმავლობაში ეროვნული საბჭოს დემოკრატიული არჩევნების ჩატარება დაევალა. პრემიერ-მინისტრად ინიშნება რახიმ ალ-კიბი. მან განაცხადა, რომ აქცენტი გაკეთდება ქვეყნის ერთიანობის შენარჩუნებასა და ცენტრალიზაციაზე. (24 საათი, ივა შილაკაძე, 2011)
      ლიბიელმა ხალხმა ქვეყნის რამდენიმე ქალაქში მათ შორის ბონ ყაზიში დემონსტრაციების მოწყობით ისლამი  ქვეყნის სახელმწიფო მოწყობის  საფუძვლად მიიჩნია. ლიბიელმა დემონსტრანტებმა თავიანთ გამოსვლებში აღნიშნეს, რომ ყურანი ცხოვრების საფუძველია და ლიბიის ახალი კონსტიტუციაც ისლამურ კანონმდებლობაზე უნდა იქნეს აგებული. ბონ ყაზის მეჩეთის ერთ–ერთმა წინამძღოლმა აჰმად ალ-მაღრიბიმაც აღნიშნულის შესახებ განაცხადა, რომ ლიბია ისლამური სახელმწიფოა და ამ ქვეყნის კანონიც მათი რელიგიური მრწამსის გამოხატულება უნდა იყოს. ბონ ყაზის დემონსტრაციის ერთ–ერთმა ორგანიზატორმა საბერ ალი აჰმადმა კი დასძინა, რომ კადაფის მმართველობის პერიოდში ისლამური პრინციპები ოფიციალურად არ  ხორციელდებოდა ქვეყანაში, მაშინ, როცა მუსტაფა აბდულჯალილმა ლიბიის ეროვნული გარდამავალი  საბჭოს ხელმძღვანელმა მუამარ კადაფის მოკვლიდან მესამე დღეს აღნიშნა, რომ კადაფის შემდეგ ლიბიის კანონმდებლობის უმთავრესი საწყისი სწორედ ისლამური რელიგია იქნება. მუსტაფა აბდულჯალილმა ლიბიის თავისუფლების დღესასწაულზე ქალაქ ბონ ყაზიში, რომელსაც ათასობით მოქალაქე და საზოგადო მოღვაწე ესწრებოდა განაცხადა, რომ ქვეყანაში ისლამური შარიათის საწინააღმდეგო ნებისმიერი კანონი გაუქმდება და ხელისუფლება ამიერიდან ისლამური ბანკების შექმნას დაიწყებს. თრაბლესის სამხედრო საბჭოს ერთ–ერთმა წარმომადგენელმა აბდულ ჰაქიმ ბალჰაჯმა ამ მცირე ხნის წინათ ლიბიელი ხალხის ამბოხების შექებით ლიბიის რევოლუციას ისლამური რევოლუცია უწოდა. მანვე რევოლუციის ისლამურ ლოზუნგებზე ხაზგასმით დასძინა, რომ ამ რევოლუციის დროს „ალლაჰუ აქბარ”-ის გარდა სხვა ლოზუნგი არ გაისმოდა. მანვე აღნიშნა, რომ ლიბიელები მუსლიმები არიან და მათი რევოლუციაც ისალმურ ხასიათს ატარებს. ლიბიის გარდამავალი საბჭოს განცხადებით მომავალი 8 თვის მანძილზე ადგილობრივი ხელისუფლების საკრებულოთა არჩევნები, ხოლო მას შემდეგ კი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. ( Iran Georgian radio, 2011)

ეს კი იმას ნიშნავს, რომ გარდამავალი მთავრობის საქმიანობის ხანგრძლივობა რვა თვეზე მეტხანს არ გაგრძელდება . ეს რვა თვე კი “ტყვეობიდან გათავისუფლებული” ლიბიელი ხალხისათვის უდიდესი გამოცდის ტოლფასი იქნება.
სამ მნიშვნელოვან ისლამურ სახელმწიფოზე, თუნისზე, ლიბიასა და ეგვიპტეზე გაბატონებული დიქტატორული მმართველობები ხალხის ამბოხების შედეგად დამხობილ იქნა და ამ ქვეყნების მოსახლეობა ამჟამად შემცვლელი ხელისუფლების შექმნისათვის ემზადება. ამ ქვეყნებში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ მუსლიმი ერების პროტესტი ისლამური გამოღვიძებიდან იღებს სათავეს, რომლებიც დასავლეთის დიქტატორულ რეჟიმებს ემიჯნებიან და ისლამურ კანონმდებლობაზე დამყარებული წყობილების შექმნას ესწრაფვიან. თუნისში ისლამისტებმა საპარლამენტო არჩევნებში ხმათა უმრავლესობა მოიპოვეს. ლიბიაშიც რევოლუციაში გამარჯვებულმა ძალებმა ისლამურ კანონმდებლობაზე დამყარებული მმართველობა ჩამოაყალიბეს და ეგვიპტეშიც მიუხედავად იმისა, რომ ჰოსნი მობარაქის რეჟიმისგან შემორჩენილი გარკვეული ელემენტები ხელისუფლებაზე ზეწოლას განაგრძობენ, რევოლუციის მარშრუტი ხალხის მისწრაფების შესაბამისად გრძელდება. ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მომხდარმა მოვლენებმა წარსულზე უფრო მეტად აშკარა გახადა ის რეალობა, რომ რეგიონის ხალხები საკუთარ ქვეყნებში ისლამური მმართველობების დამყარებას მოითხოვენ.
ბუნებრივი ფაქტია, რომ შექმნილ ვითარებაში ხელისუფლების ფორმირება და ახალი სახელმწიფო წყობილების შექმნა გასული 42–წლიანი დიქტატურის ნაცვლად ლიბიის ეროვნული გარდამავალი საბჭოს უმთავრესი მოვალეობაა. თუმცაღა ამ მხრივ საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ დღევანდელ ვითარებაში ის ქვეყნები, რომლებიც წარსულში მუამარ კადაფის რეჟიმის აქტიური მხარდამჭერნი იყვნენ, დღეს უკვე რევოლუციონერების პოზიციებს ემხრობიან და მათ არსებითად შეცვალეს საკუთარი პოლიტიკა ლიბიისადმი და ამ ქვეყნის ეროვნულ სიმდიდრეებზე უჭირავთ თვალი. ამერიკაც ამ ქვეყნაში წამყვანი როლის შესრულებას ცდილობს. ლიბიის მდიდარი ნავთობის ავზები იმდენად მიმზიდველია ამერიკისა და დასავლეთის მთავრობებისათვის, რომ ალიანსის წევრები ლიბიის პოლიტიკურ არენაზე უფრო აქტიურად დასწრებისათვის ერთმანეთს ეჯიბრებიან კიდევაც. ( Iran Georgian radio, 2011)
      ბუნებრივია ეს პროცესები არ დაწყებულა ერთ დღეში და მას ძირეული მიზეზები ჰქონდა. სწორედ, ამიტომ აუცილებლად უნდა გავამახვილოთ ყურადღება იმ ფაქტორებზე, რომელმაც გამოიწვია არაბულ ქვეყნებში რევოლუცია.
ლიბიაში, ისევე, როგორც ნებისმიერ არაბულ ქვეყანაში “არაბული გაზაფხული” ძირითადად ამ მიზეზების გამო დაიწყო.
“დემოგრაფიული აფეთქება”, რაც ძალიან მკაფიოდ ვლინდება  არაბულ აღმოსავლეთში, სადაც მოსახლეობის სწრაფი ზრდა იწვევს თაობების სწრაფ განახლებას. 18 წლამდე მოსახლეობის ხვედრითი წილი ყველა ქვეყანაში ორ-სამჯერ სჭარბობს ხანდაზმული მოსახლეობის ხვედრით წილს. იზრდება ურბანიზებულობის დონე, რის გამოც ნაწილობრივ მცირდება შობადობის მაჩვენებლები, იცვლება სოციალური სტრუქტურა, სუსუტდება ტომობრივი კავშირები. ახალგაზრდობა რევოლიციურ მასად შეიძლება იქცეს.
ქვეყნების ეკონომიკური განვითარების მაღალი ტემპიც კი არ იძლევა უფრო სწრაფად მზარდი შრომისუნარიანი მოსახლეობის სრულად დასაქმების საშუალებას. არაბულ ქვეყნებში სოციალური ვითარების გაუარესება, მაგალითად, სამომხმარებლო ფასების სწრაფი ზრდა, ძალიან კარგ ნიადაგს ქმნის ოპოზიციური ძალების რიცხვობრივი ზრდისათვის. უმუშევრები და სოციალურად დაუცველები რევოლუციურ მასად შეიძლება იქცნენ. თუმცა ამისთვის მათ ლიდერი სჭირდებათ.
არაბული ქვეყნების მთავრობების ძალისხმევა განათლების დონის ასამაღლებლად თვით ამ მთავრობების  წინააღმდეგ მოქმედებს, ვინაიდან ზრდის ინფორმირებულობის დონეს. განათლებულ ადამიანებს ეზრდებათ მოთხოვნილებები, მათ შორის აზრის თავისუფლად გამოთქმისა, რაც არადემოკრატიულ ატმოსფეროში არ არსებობს. მოსახლეობის განათლებული ფენიდან გამოდიან ხოლმე რევოლუციის ლიდერები.
ქვეყნების მმართველი ელიტების უმრავლესობა ქმნის კარჩაკეტილ კასტას, ერთმანეთთან დაკავშირებულს ნათესაობით ან საერთო წარმოშობით, რომელშიც შეღწევა მაღალი განათლების მქონე “უცხო”ადამიანებს პრაქტიკულად არ შეუძლიათ. ქვეყნის მეთაურთა მრავალწლიანი მმართველობა, ფიქტიური არჩევნები, ელიტარული კორუფცია, მმართველი ელიტების დაუოკებელი მომხვეჭველობა, მათი მეტისმეტი გამდიდრება შეუმჩნეველი არ რჩება და ზრდის მოსახლეობის უკმაყოფილებას, რაც რევოლუციისათვის დენთის როლს ასრულებს. (გაჩეჩილაძე, 2011)
ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ფაქტორი რათქმაუნდა უშუალო კავშირშია ლიბიაში მომხდარ რევოლუციასთან.
ახლა კი დადგა დრო ვისაუბრო ლიბიის დღევანდელ მდგომარობაზე და იმ რესურსებზე, რის მეშვეობითაც ლიბიამ უნდა მოახერხოს მომავალი განვითარება.
ლიბია ნელ-ნელა გამოდის მძიმე მდგომარეობიდან, რაზეც მეტყველებს ის ფაქტი, რომ გაერომ კვლავ მიიღო ლიბია. ცნობილა, რომ იგი გაირიცხა მიმდინარე წლის მარტში, კადდაფის რეჟიმის მხრიდან მშვიდობიან მოსახლეობაზე განხორციელებული მასიური ძალადობის საპასუხოდ.
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა „არაბული გაზაფხულის“ მიერ რეგიონისთვის მიყენებული ზარალი დაითვალა. აღმოჩნდა, რომ ქვეყნებმა, სადაც ყველაზე სერიოზული სახალხო მღელვარებები მიმდინარეობდა, მთლიანობაში 55 მილიარდი დოლარი დაკარგეს. ამ სახელმწიფოებში მთლიანი შიდა პროდუქტი 20,6 მილიარდი დოლარით შემცირდა, კიდევ 35,3 მილიარდი სახელმწიფო ბიუჯეტებმა ხარჯების გაზრდისა და შემოსავლების კლების გამო დაკარგეს.
      მთავარი დარტყმა ლიბიამ და სირიამ მიიღეს, რომლებმაც, შესაბამისად, მშპ–ის 7,7 და 6 მილიარდი დოლარი დაკარგეს. უფრო ნაკლები ეკონომიკური ზარალი განიცადეს იემენმა, თუნისმა, ეგვიპტემ და ბაჰრეინმა. (banksandfinance.ge, 2011)
მნიშვნელოვანია ისიც, რომ ლიბიაში ნავთობის წარმოების განახლებასთან ერთად ივარაუდება, რომ ამ ქვეყნის ნავთობის ექსპორტი სულ მალე გაიზრდება, რაც რათქმაუნდა სასიკეთოდ იმოქმედებს ლიბიის ეკონომიკურ განვითარებაზე.
ნავთობმრეწველობა ომამდელ ლიბიაში წამყვანი ინდუსტრია და შემოსავლის მთავარი წყარო იყო. ქვეყანას აფრიკის მთელ კონტინენტზე ნავთობის ყველაზე დიდი რესურსი აქვს. ასე, რომ ნავთობის წარმოების აღდგენას და მისი ექსპორტის განახლებას ლიბიის სახელმწიფოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.
იმის მიუხედავად, რომ ქვეყნის მთავარი დასახლებული პუნქტების დიდი ნაწილი დანგრეულია, ნავთობსარეწი პუნქტების უმეტესობა უვნებლადაა გადარჩენილი. სპეციალისტებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა იმის თაობაზე, თუ რამდენ ხანში შესძლებს ლიბია ექსპორტის განახლებას. ანალიტიკოსი სამუელ ჩიზუკი თვლის, რომ ეს შეიძლება საკმაოდ სწრაფად მოხდეს.
„იენაი, რეფსოლი და სხვა კომპანიები, რომლებიც ნავთობის გადამუშავებას ყველაზე დიდი მოცულობით აწარმოებენ, თითქმის მთლიანად გადაურჩნენ ზარალს. ასე რომ სამხრეთ-დასავლეთში განლაგებული პუნქტები, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, მუშაობას მალე განაახლებენ“ – აღნიშნავს ის.
უკანასკნელი დროის განმავლობაში ნავთობის ფასები ლიბიაში განვითარებული მოვლენების გამო, საგრძნობალდ დაეცა. მუამარ კადაფისა და მეამბოხე ლიბიელების დაპირისპირებამ მსოფლიო ბირჟებზე ერთგვარი ასახვა ჰპოვა, ყოველივე ამან კი მსოფლიო ეკონომიკის მდგომარეობაზე გარკვეული ზეგავლენა მოახდინა.
აღსანიშნავია, რომ ლიბია ყოველდღიურად ერთი მილიონ რვაასი ათასი ბარელ ნავთობს აწარმოებს, რაც მსოფლიო წარმოების თითქმის ორ პროცენტს შეადგენს. ლიბიის ნავთობის იმპორტი ძირითადად ევროპის ქვეყნებში ხდება, რომელთაგანაც ყველაზე მეტ ნავთობს იტალია მოიხმარს.
საერთაშორისო საზოგადოებამ ლიბიას უკვე მიმართა დახმარების და აღმშენებლობის თანადგომით. გაერო მომავალ კვირას  ლიბიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალურ შეხვედრას გამართავს.
ახლო აღმოსავლეთის დარგის ანალიტიკოსი მიშელ დუნი აღნიშნავს:

“დასავლეთის ქვეყნები მზად არიან თანხები გაიღონ ლიბიის დასახმარებლად, ვიდრე შემდეგ უდიდესი კატასტროფის წინაშე აღმოჩნდნენ.”

დუნის თქმით, მუამარ კადაფის მილიარდობით გაყინული ანგარიშები და ნავთობის აქციები ასევე დიდ როლს ითამაშებს ლიბიის აღდგენით სამუშაოებში. (www.voanews.com, 2011)
      გა­ე­როს სან­ქ­ცი­ა­თა კო­მი­ტეტ­მა და­აკ­მა­ყო­ფი­ლა ბრი­ტა­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის თხოვ­ნა ლი­ბი­ის სა­ბან­კო ან­გა­რი­შებ­ზე ყა­და­ღის მოს­ხ­ნის თო­ბა­ზე. ამ ან­გა­რი­შე­ბის სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბა 1.5 მლრდ დო­ლა­რია.
დი­დი ბრი­ტა­ნე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტ­რ­მა უილი­ამ ჰე­იგ­მა ამ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას ლი­ბი­ე­ლი ხალ­ხის დახ­მა­რე­ბის­თ­ვის გა­დად­გ­მუ­ლი მო­რი­გი ნა­ბი­ჯი უწო­და. ფო­რინ-ოფი­სის გან­მარ­ტე­ბით, ეს თან­ხა ჰუ­მა­ნი­ტა­რულ სა­ჭი­რო­ე­ბებ­სა და სა­ხელ­მ­წი­ფო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბის­თ­ვის ხელ­ფა­სის გა­დახ­დას მოხ­მარ­დე­ბა.
ბრი­ტა­ნე­თის მა­გა­ლი­თის მი­ბაძ­ვა სურთ სხვა ევ­რო­პულ ქვეყ­ნებ­საც. კონ­კ­რე­ტუ­ლად კი, გერ­მა­ნი­ა­სა და საფ­რან­გეთს. გერ­მა­ნი­ა­ში სა­ბან­კო ან­გა­რი­შებ­ზე და­ახ­ლო­ე­ბით მი­ლი­ო­ნი ევ­როა გა­ყი­ნუ­ლი, ხო­ლო საფ­რან­გეთ­ში – 5 მლრდ ევ­რო. ორი­ვე ქვეყ­ნის მთავ­რო­ბე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ეს თან­ხე­ბი მთლი­ა­ნად ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი მიზ­ნე­ბით და­ი­ხარ­ჯე­ბა. რაც რათქმაუნდა ლიბიას საშუალებას მისცემს განავითაროს ისეთი მნისვნელოვანი დარგები, როგორიცაა მაგალითად ტურიზმი. მისი განვითარების პერსპექტივებში ტურიზმს ნავთობის შემდეგ პირველი ადგილი უკავია.
ცოტაოდენი ხნის წინ ლონდონში მსოფლიო ტურისტული ბაზრობა გაიმართა, სადაც მართალია ლიბია ცალკე წარმოდგენილი არ ყოფილა, მაგრამ კომენტატორებმა აღნიშნეს, რომ ქვეყნის ტურისტული პოტენციალი უდიდესია, თუმცა არასათანადოდაა განვითარებული. აქ არის ასობით კილომეტრის სიგრძის პლაჟები ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, მშვენიერი ამინდი და ანტიკური ძეგლების ნანგრევების დიდი რაოდენობა.(www.onlinenews.ge, 2011) რამაც ბუნებრივია ტურისტები მთელი მსოფლიოს მაშტაბით უნდა მიიზიდოს, მაგრამ ხალხი ტურისტული მიზნებით ამ ქვეყანაში მანამდე არ ჩავა, სანამ სიტუაცია საბოლოოდ არ დალაგდება და ქვეყანა არ დაადგება დემოკრატიული განვითარების გზას.
ჩვენ ზემოთ ვახსენეთ “არაბული გაზაფხულის” გამომწვევი მიზეზები, ამიტომ ბუნებრივია მიზეზებს  შედეგებიც მოსდევს.
ევროპული ქვეყნებისათვის ქაოტური ვითარება ახლომდებარე ჩრდილოეთ აფრიკაში სერიოზულ პრობლემებს ქმნის, განსაკუთრებით იქიდან ლტოლვილების მოზღვავების თვალსაზრისით. ლიბიიდან ათეულ ათასობით ლტოლვილი უკვე მიაწყდა იტალიას და იქიდან – საფრანგეთსაც. სულ დაახლოებით კონფლიქტის დაწყებიდან ლიბია 490 000-მა ადამიანმა დატოვა.
თუკი არაბულ ქვეყნებში რევოლუციური მოძრაობა გაგრძელდება და გადაედება არაბულ მონარქიებს, ეს იმოქმედებს ნავთობის მსოფლიო ფასების მატებაზე. როგორც ცნობილია ლიბიის ნავთობი ევროპის გარდა სხვა მრავალ ქვეყანაში მიდის. ლიბიის კრიზისმა ნავთობის ფასების მკვეთრი გაზრდა გამოიწვია და ბარელზე 107 დოლარი შეადგინა.
”არაბული გაზაფხულის” შემდეგ სრულიად შესაძლებელია ზოგიერთ ქვეყანაში, ადრე სეკულარული მთავრობების ნაცვლად, ისლამური პარტიები მოვიდნენ ქვეყნის სათავეში.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ ახლო აღმოსავლეთი საკამოდ მრავალფეროვანი რეგიონია და რევოლუციების შედეგებიც სხვადასხვაა. მაგრამ გარესამყარო უნდა შეეგუოს იმას, რომ რეგიონი აღარ იქნება ისეთი, როგორიც ის 2011 წლამდე იყო.
ლიბიის მაგალითზე გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ ამ ქვეყანაში არაბების გარდა, რამდენიმე  სხვადასხვა ტომი ცხოვრობს. ახალი მთავრობის და საერთოდ ლიბიის ფორმირების დროს შეიძლება წამოიჭრას საკითხი ამა თუ იმ ტომის დაპირისპირების გამო. ეს კი საფუძველს ჩაუყრის ახალ საპროტესტო გამოსვლებს და ლიბიაში სხვადასხვა ტომების დაპირისპირებას, რაც ამ ქვეყნისთვის ზედმეტად მძიმე დარტყმა იქნება.
თავისუფალმა და სამართლიანმა არჩევნებმა, რისკენაც მოუწოდებენ დასავლეთის ქვეყნები, შეიძლება ისეთი ძალები მოიყვანონ არაბული ქვეყნების სათავეში, რომლებიც მიუღებელი აღმოჩნდება დასავლეთისათვის, ამან კი შეიძლება გარკვეული პრობლემები წარმოშვას.
რევოლუციამ არაბულ ქვეყნებში ხელი უნდა შეუწყოს ქვეყნების დემოკრატიზაციას. სავსებით შესაძლებელია, რომ გამარჯვებული აღმოჩნდეს ”ზომიერი ისლამიზმი”, რომელიც ხელს შეუწყობს საზოგადოების ნორმალურ განვითარებასაც(Islam and democracy, 2011) და მოახერხებს გარესამყაროსთან ნორმალურ ურთიერთობასაც.
გასათვალისწინბელია ისისც, რომ ტირანული რეჟიმის დამხობა ძნელია, მაგრამ კიდევ უფრო რთულია იმ საზოგადოების გამოსწორება, რომელიც მან დააზიანა და, ხშირად, გარყვნა კიდეც (ამის კარგი მაგალითია ერაყი 2003 წლის შემდეგ). (გაჩეჩილაძე, 2011)
      მეორე მხრივ სრულიად მოსალოდნელია ლიბიამ მოახრეხოს განვითარება და ეკონომიკური აღმასვლა. მას ამის საფუძველი ნამდვილად აქვს, რადგან ყველასთვის ცნობილია, მიუხედავად კადაფის მრავალი საშინელი ქმედებისა, მის დროს ქვეყანაში არ იყო მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, სხვა აფრიკულ ქვეყნებთან შედარებით. ამასთანავე თუ ახალი მთავრობა გონივრულად გამოიყენებს ნავთობის იმ დიდ მარაგს, რომელიც ლიბიას გააჩნია და გეგმაზომიერად მიჰყოფს ხელს ტურიზმის განვითარებას, ლიბია შესძლებს ფეხზე დადგომას და თავის რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ სახელმწიფოდ მოგვევლინება.
საბოლოო ჯამში ძნელია ისაუბრო არაბული გზაფხულის შედეგებზე, რადგან ის არაა სრულიად პროგნოზირებადი. მაგრამ, ფაქტია ამ მოვლენებმა ზეგავლენა იქონია მთელ მსოფლიოზე, რადგან ეს არაა მხოლოდ არაბული ქვეყნების პრობლემა. ეს კაცობრიობის საერთო გამოწვევაა, რადგან ჩვენ დღეს, ისე გვჭირდება დემოკრატიული განვითარება, როგორც არასდროს.
მთელი მსოფლიოს ყურადღება არაბული სამყაროსკენაა მიმართული. ისმის უამრავი კითხვა, რომელიც ჯერჯერობით პასუხგაუცემელია. კითხვებზე პასუხს კი მხოლოდ და მხოლოდ დრო გვიჩვენებს.
2011 წლიდან ამ ქვეყნებისთვის განვითარების ახალი ერა დაიწყო. ვნახოთ შესძლებს თუ არა ხალხი, სისხლის ფასად მოპოვებული თავისუფლების გამოყენებას, ქვეყნის კეთილდღეობისათვის.


9 responses to ““არაბული გაზაფხული” ლიბიაში

  • tsotnee

    რო არ მოგატყუო, დავიწყე და მერე გავანებე თავი. მართალია კადაფი გააგდეს, მაგრამ რაც კადაფ უქნეს არანაკლებ საზიზღრობა და ტირანიაა, ვიდრე თავად კადაფის მმართველობა.

    • teennewson

      მაგაში მეც სრულიად გეთანხმები. არანაირი გამართლება არ აქვს კადაფის ასეთ მკვლელობას… ბოლომდე თუ არ წაიკიტხე ვერ მიხვდებოდი რისი თქმა მინდოდა… ან რაზე იყო პოსტი…

  • ანონიმური

    warmatebebi damwyebo arabistoo 😉

  • მოლი ბლუმი

    რასაც დასთესო… ძველი ანდაზაა. არ შემცოდებია კადაფი.

  • teennewson

    კი რაც დასთესა ნამდვილად ის მოიმკო, მაგრამ მთლად ისეც არაა, როგორც ამას დასავლეთი და ქართული მედია აშუქებს. კადაფის ბიოგრაფიას გავეცანი და ბევრი კარგი საქმეც გააკეთა ქვეყნისთვის, მაგრამ რათქმაუნდა ეს არ ამართლებს მის საშინელ ქმედებებს. მთავარი ისაა, რომ საბოლოოდ ხალხი განთავისუფლდა მისი სისხლიანი დიქტატურისგან…

  • Vika Sichinava

    ძალიან კარგი სტატია იყო. თუ არის შესაძლებელი ავტორმა მეტი ინფორმაცია მოგვაწოდოს იტალიის როლის შესახებ არაბული გაზაფხულის დროს.

    • teennewson

      დიდი მადლობა, ასეთი შეფასებისთვის. სამწუხაროდ ახლა ამ თემაზე აღარ ვმუშაობ, მაგრამ თუ მოვიპოვე დამატებითი ინფორმაცია, აუცილებლად დავდებ.

  • giorgi

    იქნებ ბრიტანეთის როლის შესახებ გვიამბოთ უფრო ვრცლად

დატოვე კომენტარი

Entertainment

What’s good, bad and happening, from pop culture to high culture

ninia's

,,ისეთი სიტყვა მინდა დავწერო, შენ რომ გაიგებ"

ქრისტინას ბლოგი

ქრისტინას ბლოგი

gabo.blog

გოჩა გაბოძე

teen news about all

ერთი შემაძრწუნებლად საინტერესო ბლოგი :)