გადავწყვიტე – საავადმყოფოში მივდივარ, რატომ “ევექსი”?

731

ჩემი ბლოგის მკითხველმა კარგად იცის, რომ საავადმყოფოებზე არ ვგიჟდები. სუნიც კი მაღიზიანებს. თუმცა, ამჯერად მომიწია არჩევანის გაკეთება – ჯანმრთელობის სასარგებლოდ. უცნაურია, მაგრამ ბოლო 3 წელია თბილისის არცერთ საავადმყოფოში არ ვყოფილვარ. ხომ იცით, სანამ რამე არ გართულდება, მანამდე ექიმის თეთრი ხალათიც კი გაღიზიანებს.

​მოკლედ, გადავწყვიტე – საავადმყოფოში მივდივარ. თუმცა, ისევ პრობლემა – სად? დავწერე სტატუსი და მეგობრების რჩევებს დაველოდე. 22 პასუხიდან ერთი სასურველი უნდა ამომერჩია. რატომღაც “ევექსის” პოლიკლინიკები ლიდერობდა, თუმცა გამაფრთხილეს, სანამ წახვალ, ჯიბე შეამოწმეო. მოგეხსენებათ, სტუდენტის ჯიბე არც ისეთი სქელია, ამიტომ ჩემი ამბებიც ჩაიფუშა.

თუმცა, ზოგჯერ ჩემნაირ ტიპებსაც უმართლებთ ხოლმე. ისევ ცუკერბერგი დამეხმარა, ნიუსფიდის სქროლვისას ასეთ სიახლეს წავაწყდი: “სამედიცინო კორპორაცია ევექსის პოლიკლინიკები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩაერთო”. გავიფიქრე, ვახ, ეს უკვე კარგია. მე სტუდენტი ვარ, შესაბამისად ბევრი მომსახურება სრულიად უფასოდ მეკუთვნის, ვიფიქრე რაც იქნება იქნება და დავრეგისტრირდი ჩემს ახლთან მდებარე სამედიცინო ცენტრში.
ოჯახის ექიმს “ევექსის” დიდუბის პოლიკლინიკაში მივადექი. შენობა კი მომეწონა, მაგრამ თეთრხალათიან ტიპებს ისევ ვუღრენდი. შევედი ექიმთან და ​დრამატული სურათი გაიჩითა. ექიმი ვერ გაერკვა რატომ მივადექი, ზოგადი სისუსტე გადაღლილობას დააბრალა. მე ვუთხარი, მგონი გაციებული ვარ, თირკმელი და ფილტვები მაწუხებს-მეთქი. აშკარად დზნ დავაბნიე, მაგრამ თბილად მომიდგა და გულიც უცბად მომილბა. მგონი, თეთრი ხალათიც მომეწონა. ისე კარგ ვიდზე კი იყო.

ბევრი, რომ არ ვიბოდიალო, სისხლის და შარდის საერთო ანალიზზე გამიშვა. შარდის საერთო ანალიზმა მომატებული ლეიკოციტები გაქვსო და ასე დამიდგინეს შარდის ბუშტის ანთება. სად ჯანდაბიდან ავიკიდე არ ვიცი, მაგრამ ახლა სახლში მოკალათებული კი ვწერ ამ პოსტს და თან წამლებს ვყლაპავ. ხო, კინაღამ დამავიწყდა, ჯიბის გამოცარიელება სულაც არ დამჭირვებია, სახელმწიფოს საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში , ოჯახის ექიმისა და ანალიზების მომსახურება უფასოდ გამოვტყუე.


“უკაცრავად, მაგრამ ჩემს ონკანში ქლორიანი წყალი მოდის?”

water-tap

“უკაცრავად, მაგრამ ჩემს ონკანში ქლორიანი წყალი მოდის და ეს კიდევ არაფერი, ქვიშაც მოჰყვება. ხალხს წყალი ვეღარ დაგვილევია, ეს რა ქვეყანაა.”

“ჩემს უბანში კი წყალი ისევ გაითიშა. არა, ამის მოთმენა წარმოუდგენელია. განა შეიძლება, წვიმიანი ამინდი გახდეს წყლის შეწყვეტის მიზეზი?”

 

ეს და სხვა მრავალი მიზეზი, ხშირად, თქვენი მხრიდან კომპანია GWP-ის „კეთილად“ მოხსენიების საბაბი ხდება. მთავარი ხომ ერთია, მოდის თუ არა ჩვენს ონკანში წყალი და სულაც არ გვაღელვებს, ვინ არის რეალურად ამაზე პასუხისმგებელი ან რა ხდება, თუნდაც, წყლის დროებითი შეწყვეტის მიზეზი?

მე ვინ ვარ? მე თქვენნაირი მომხარებელი ვარ, მეც თქვენსავით მაწუხებს წყლის ხარისხი და მისი უწყვეტი დინება ჩემს ონკანში. ხო, ვაღიარებ, ალბათ, მეც ხშირად გამომიხატავს პროტესტი, თუნდაც, სოციალურ ქსელში GWP-ის წინააღმდეგ. თუმცა, ეს მაშინ, როცა ჯერ კიდევ არაფერი ვიცოდი.

12 ივლისს წყალმა ბუნდოვანი მხარეები ჩამორეცხა და სიმართლეც გამოააშკარავა. სწორედ ამ დღეს მოეწყო ბლოგერების ტური ყველა იმ წერტილში, საიდანაც თბილისის და მისი შემოგარენის მოსახლეობას სასმელი წყალი მიეწოდება.

ათვლის წერტილი ღრმა ღელის წყალსადენი გახდა, რომელიც არაგვისა და ჟინვალის წყლებით მარაგდება.

და პასუხი კითხვაზე: რატომ ხდება ძლიერი წვიმა წყლის მიწოდების შეფერხების მიზეზი ?

მაგალითად, თუ არაგვის ხეობაში ძლიერი წვიმაა, ეს იწვევს მდინარის დაბინძურებას, რომლითაც ღრმა ღელის წყალსაცავი მარაგდება, შესაბამისად, ასეთ წყალს სტანდარტებთან მისაახლოებლად უფრო ხანგრძლივი პროცედურის გავლა სჭირდება, რაც, ზოგ შემთხვევაში, მოკლე დროით, წყლის მიწოდების შეფერხების მიზეზი ხდება. კომპანია GWP-ის პოლიტიკა ხომ ასეთია: სჯობს, მიწოდება შეაფერხო, ვიდრე მოსახლეობას არასტანდარტული წყალი მიაწოდო.

ლაბორატორია, სტერილური ხალათები და ჩვენი სასმელი წყლის სათავესთან სიახლოვე განსაკუთრებულად საინტერესო გამოდგა. აღმოჩნდა, რომ წყლის ხარისხის შემოწმება 24 საათის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, რაც კიდევ ერთხელ გვარწმუნებს სასიცოცხლო სითხის სანდოობაში.

და პასუხი კითხვაზე: ჩვენს ონკანში რატომ მოდის თეთრი შეფერილობის წყალი? განა ეს ქლორია ?

არა, რა თქმა უნდა, არანაირი ქლორი. ეს უბრალოდ გამოწვეულია წყლის ძლიერი ნაკადით და ჟანგბადის მოლეკულებით, რომელიც წყალს თეთრ შეფერილობას აძლევს. ნუ შეგეშინდებათ, ქლორის შემცველობა წყალში 40 წუთში ერთხელ მოწმდება.

„წყლის მუდმივი კონტროლი თქვენი ჯანმრთელობის უტყვი გარანტიაა, ეს GWP-ის უცვლელი პოლიტიკაა.”

და პასუხი კითხვაზე: რატომ მოდის ჩემს ონკანში ქვიშიანი წყალი ?

მაშინ, როდესაც ხდება წყალსადენი მილის გამოცვლა, რეაბილიტაცია ან სულაც საჭიროა მისი გაწმენდა, რაც ქვიშის მეშვეობით ხდება, შესაძლებელია, სასმელ წყალს მცირე ხნით ეს უკანასკნელი მოსდევდეს, რომელიც სრულიად უსაფრთხოა თქვენი ჯანმრთელობისათვის.

ტური ბუნებრივია ღრმა ღელის წყალსაცავთან არ დამთავრებულა, ლაბორატორიის შემდეგ ჩვენ ნატახტრის წყალსადენსა და ჟინვალის წყალსაცავს მივადექით. გაკვირვება ისტორიული ფაქტების მოსმენით კიდევ უფრო გაღრმავდა. ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისში აშენებული სასიცოცხლო სითხის სათავეები, დღესაც იგივე შემართებით აწვდიან მოსახლეობას სასმელ წყალს.

მაგრამ ტურის მთავარი მიზანი მხოლოდ ისტორული ფაქტების მოსმენა არ ყოფილა. მიზანი იყო ერთი – დაიჯერე ის, რაც რეალურია, ქართული წყალი ხომ უნიკალურია.

ასე რომ, რჩევა, დაფიქრდი, სანამ წყალს დალევ, ამ შემთხვევაში სრულიად უადგილოა. 

და მაინც დაგრჩათ კითხვები? არ მესმის, პასუხი ხომ თქვენს ონკანებში მოედინება. დალიე წყალი და შეიგრძენი მისი ხარისხი!

პ.ს.

პოსტის დასასრული. ცხელა, დროა, წყალი დავლიოთ!

 

გიორგი ურუშაძე

ფოტოკოლაჟი

 


საშობაო ეპისტოლეს გამოძახილი

ქრისტესშობის დღესასწაულთან დაკავშირებულ საზეიმო წირვაზე წარმოთქმულ პატრიარქის ეპისტოლეს დიდი გამხომაურება მოჰყვა. საზოგადოებრივი აზრი გაიყო. შეფასებები წირვის დასრულებისთანავე გაკეთდა. ერთ-ერთი პირველი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი იყო:  “პატრიარქის წლევანდელი ეპისტოლე, ისევე როგორც ყოველთვის, ძალიან ღრმა, შინაარსობრივად დატვირთული და საინტერესო იყო”.

ლიტურგიის დასრულების შემდეგ  პატრიარქის ეპისტოლეს სოზარ სუბარიც გამოეხმაურა: ‘’მერამდენედ გაჟღერდა თემა ოჯახის სიმტკიცეზე. ქრისტიანობის მთავარი ფუნდამენტი, რომელიც პატრიარქის ეპისტოლეში იყო, არის ოჯახი და ოჯახის სიწმინდეზე ასეთი აქცენტების გაკეთება არ არის შემთხვევითი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი თითოეული ჩვენგანისათვის’’

პატრიარქმა ეპისტოლეში მრავალ ასპექტზე გაამახვილა ყურადღება. მათ შორის: თანამედროვე ოჯახის ფასეულობებზე, უმცირესობების უფლებებსა და მდგომაროებაზე, აბორტზე. ისაუბრა მასწავლებლების, დამლაგებლების დიასახლსიების და ზოგადად ადამიანთა მოვალეობზებზე, რომელიც მათ ღვთის და საკუთარი ზნეობის წინაშე გააჩნიათ. თუმცა, ყველაზე დიდი აჟიოტაჟი პატრიარქის ეპისტოლის ამ სიტყვებმა გამოიწვია: „შეიძლება ოჯახი იყოს ბედნიერი, სადაც სუროგატი დედის მიერ დაბადებული ბავშვი იზრდება?!“. ილია II-ის  საშობაო ეპისტოლეს ეს ნაწილი ალილოს მსვლელობაზე თამარ ხაჭაპურიძემ გააპროტესტა.  იგი მსვლელობას პლაკატით ხელში მიჰყვებოდა.

თამარ ხაჭაპურიძე

თამარ ხაჭაპურიძე

პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის ხელმძღვანელი ანა აბაშიძე აფასებს, მისი განცხადებით, ის ბავშვთა დისკრიმინაციის რისკს შეიცავს. მისი თქმით, სახელმწიიფო ვალდებულია მსგავს დისკრიმინაციულ განცხადებაზე ადეკვატური რეაგირება მოახდინოს.

„მე წლების განმავლობაში ვმუშაობდი სახალხო დამცველის აპარატში და ჩვენ ადამიანის, ბავშვთა უფლებების კუთხით ვთანამშრომლობდით, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებთან ასევე საქართველოს საპატრიარქოსთან. განვიხილავდით იმ თემებს, რომელიც ბავშვთა უფლებების დაცვას ეხება. დღეს კი მინდა ვთქვა , რომ პატრიარქის საშობაო ეპისტოლე შეიცავს ბავშვთა დისკრიმინაციის რისკს. გამოიყო კონკრეტული ჯგუფი, რომელზეც ითქვა, რომ ისინი არ არიან სრულფასოვნები. ეს გამორიცხავს საერთაშორისო სტანდარტებს. ჩვენი მოთხოვნაა სახელმწიფო იყოს ადეკვატური მსგავსი განცხადებების მიმართ. სახელმწიფოს ვალდებულებაა , გაეროს ბავშვთა უფლებათა კონვენციის დებულებები იყოს დაცული და ხელისუფლება ადეკვატურად რეაგირებდეს, რაც სამწუხაროდ ამ ორი დღის განმავლობაში ვერ დავინახეთ. ამ ეპისტოლიდან გამომდინარე თანასწორობის იდეა გამოირიცხა“. -განაცხადა რუსთავი-2-თან საუბრისას ანა აბაშიძემ.

საშობაო ეპისტოლეს საპატრიაქროქსთან აქცია მოჰყვა. აქციაზე  საპატრიარქოს მხარდამჭერები უფრო ადრე მივიდნენ. მათ შორის იყო გიორგი გაბედავა, რომელმაც აქციის ერთერთ ორგანიზატორის, ეკა ჭითანავას ტრასპარანტის ჩამოგლეჯვა სცადა.

This slideshow requires JavaScript.

ეპისტოლეს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძეც გამოეხმაურა: „საჭიროა ეპისტოლეს არა მხოლოდ მოსმენა, არამედ ძალიან კარგად ჩაკითხვა, შინაარსში ჩაღრმავება. მე დარწმუნებული ვარ, რომ მასში უფრო საინტერესოს ვიპოვით თითოეული ჩვენი მოქალაქე და ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი იყო გაკეთებული მათ შორის, ისეთ თემებზე როგორებიცაა, აბორტები, სექსუალური უმცირესობები, აბსოლუტურად ვიზიარებ და ვეთანხმები ამ სულისკვეთებას რაც არის ეპისტოლეში და ეს ასოლუტურად ტოლერანტული იყო“.

საქართველოს პარლამენტის წევრი თამარ კორძაია ფეისბუქზე პატრიარქის საშობაო ეპისტოლესთან დაკავშირებულ ვნებათაღელვას შემდეგნაირად ეხმაურება: „დღეს მწვავე დისკუსია გამოიწვია საშობაო ეპისტოლემ, ანუ მოსაზრებებმა, რომლებიც ეხებოდა სუროგატი დედების მიერ ან/და ხელოვნური განაყოფიერებით გაჩენილ ბავშვებს, ასევე, სექსუალურ უმცირესობებს და „ადგილობრივი მოსახლეობის“ დამოკიდებულებას მათ მიმართ. ეს იყო გამოთქმული მოსაზრებები, და მაინც რამ გამოიწვია ასეთი ვნებათაღელვა? მხოლოდ მოსაზრებამ არა, რა თქმა უნდა. ამის მიზეზი, ჩემი აზრით, არის ის, რომ მთელს ამ პროცესში არ ჩანდა ადამიანი, მის მიმართ სათუთი დამოკიდებულება“.

მე, როგორც ადამიანის (არა ადამიანების, ან ხალხის) უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრი, ვთვლი, რომ უზენაესი ღირებულება არის ადამიანი, ეს იყო და არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკური განაცხადი და სწორედ ამ ღირებულების გაზიარებით მოვხვდი პარლამენტსა და ამ კომიტეტში. საქართველოს კონსტიტუცია იცავს თითოეული მათგანის უფლებას.”

საშობაო ეპსიტოლეს საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილიც ეხმაურება: “ტექსტის ავტორებმა სამწუხაროდ, ვერ გათვალეს თუ რა ტკივილი შესაძლოა მიყენებოდა იმ ბავშვებს ამ განცხადების საფუძველზე. ჩვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით არის შემდეგი, რომ ეპისტოლეს ის ნაწილი, რომელიც სუროგაციას და ხელოვნურ განაყოფიერებას უკავშირდება, ის რამდენიმე ფრაზა, რომ გაჩენილი ბავშვები იქნებიან პრობლემატურნი და მოწოდება, რომ არ შეიძლება ოჯახი იყოს ბედნიერი სადაც სუროგატი დედის მიერ დაბადებული ბავშვი იზრდება, არის მნიშვნელოვნად რისკისშემცველი.“

როგორც ხედავთ ეპისტოლეს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის არიან მომხრეები და მოწინააღმდეგები.  „თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის“ ხელმძღვნელი თეა თუთბერიძე ეპისტოლეს უარყოფითად აფასებს. მისი აზრით,  წლევანდელი ეპისტოლე ერთდაერთი არაა, სადაც „სისულელეები“ წერია.  “ჩვენი ეკლესია ქრისტეს გზას შორდება” – წერს თეა თუთბერიძე.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია, სოციალური ქსელის მეშვეობით საშობაო ეპისტოლეს ეხმაურება.

“რაც შეეხება საშობაო ეპისტოლეს, ვფიქრობ ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო ასეთ თემებზე საჯარო დისკუსიის დროს. გამოხატვის თავისუფლება დაცულია და შეგვიძლია ყველაფერი ვთქვათ რასაც ვფიქრობთ, მაგრამ გამიჩდა განცდა, რომ ჩვენ ვტკენთ გულს პატრიარქს დაუმსახურებლად. პატრიარქს, რომელიც ყველაზე დიდი მაგალითი გვყავს სიყვარულის, მიმტევებლობის და თავმდაბლობის. მოვისმინე ისეთი კომენტარებიც კი, რომ თურმე პატრიარქი სიძულვილს ქადაგებს, არ უყვარს ეს ბავშვები, არ აღიარებს მათ, შეურაცხყოფა მიაყენა და ა.შ. ….. ბევრი ევროპული ქვეყანა საკანონმდებლო დონეზე კრძალავს სუროგაციის მეთოდს. ჩვენთან ეს ბიზნესი და ტრეფიკინგის წყარო გახდა, თუმცა ვინც ამ გზით მოევლინა სამყაროს, მართლაც ისეთივე მშვენიერია და უსაყვარლესი, როგორც ყველა სხვა ბავშვი, როგორც ჩვენი შვილები. ბავშვი ბავშვია და ყველა გასაფრთხილებელია. “

საშობაო ეპსიტოლეს სასულიერო პირები და თავად საპატრიარქოც გამოეხმაურა.

მამა თეიმურაზის განცხადებით, პატრიარქის ეპისტოლე მოსახლეობამ არასწორად გაიგო. მისი თქმით, რა თქმა უნდა, სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვები არიან ჩვეულებრივი ადამიანები და ბედნიერებიც გახდებიან. მართმადიდებელი ეკლესია არა ბავშვებს, არამედ სურაგაციის გზით განაყოფიერებას ეწინააღმდეგება.

საპატრიაქროს განცხადება საზოგადოებას მამა თეოდორემ გააცნო, განცხადებაში საუბარია, რომ  ეკლესია ხელოვნური განაყოფიერებით და სუროგაციის გზით დაბადებულ ბავშვებს არ უპირისპირდება. აქვე  ასევე ნათქვამია, რომ აღნიშნული მეთოდი მისაღები არ არის.

„ზოგიერთმა ისიც კი ჩათვალა, თითქოს ეკლესია ასეთი მეთოდით დაბადებულ ბავშვებს უპირისპირდება, რაც სრული აბსურდია. პირიქით, ამ პატარებს ეკლესიისგან მეტი სითბო, სიყვარული და დალოცვა სჭირდებათ.“ – განმარტავს მამა თეოდორე.

საზოგადოებრივი დისკუსია აღნიშნულ თემაზე დღემდე გრძელდება. პოლიტიკური პირები, საზოგადო მოღვაწეები და სასულიერი პირები გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებებს. პოზიციები იყოფა. თუმცა, საზოგადოება შემდეგ საკითხში ურყევია, სუროგაციის მეთოდით დაბადებული ბავშვები, სრულფასოვანი ბავშვები არიან.

გიორგი ურუშაძე


ახალი მედიის ინსტრუმენტები

ახალმა მედიამ ჟურნალისტიკაში გარდატეხა მხოლოდ შინაარსობრივი თვალასაზრისით არ მოახდინა. მთავარი წვილი ახალი მედიის ინტრუმენტებს მიუძღვით, რომელთაც სრულიად შეცვალეს თანამედროვე ჟურნალისტის მიდგომა ამბის გაშუქებისადმი.
ცოტა თქვენგანმა თუ იცის შემდეგი ინტერნეტ სერვისები : Dropbox, Google Drive, Soundcloud, Wunderlist, storify და Qik. ზოგიერთი მათგანს იცნობთ კიდეც, მაგრამ იყენებთ კი, მის სრულ შესაძლებლობებს?
dropbox
Dropbox – ეს არის ონლაინ მეხსიერების ბარათი. ძალიან კარგი საშუალება დისტანციურად ფაილების მიმოცვილსათვის და ასევე მათი რედაქტირებისათვის. თქვენ ასევე შეგიძლიათ დიდი ზომის ფაილი გაუზიაროთ მეგობარს, ისე რომ მას არ დასჭირდეს Dropbox – ზე  დარეგისტრირება.

Google Drive – ეს არის უსაზღვრო შესაძლებლობების და პლაგინების მქონე ინტერნეტ გიგანტის სერვისი. ამჯამად, Drive-ის ერთ-ერთ პროგრამაზე – WeVideo-ზე შევჩერდები. ამ პროგრამის გამოყენების შემდეგ, კითხვას – საჭიროა თუ არა ჩავწეროთ კომპიუტერში სპეციალური პროგრამა ვიდეოს დასამონტაჟებლად, შეგვიძლია უარყოფითი პასუხი გავცეთ.

Wunderlist – დღეიდან შეგიძლია დაივიწყოთ  To Do ლისტის შესამქნელად გამოყენებული ბლოკნოტები. ახლა ეს ისეთი მარტივი და მოსახერხებელია, ადვილად შესაძლებელია თქვენი მუშაობა ორმაგად ნაყოფიერი გახდეს. ამ პროგრამის მეშვეობით შეძლებთ დაგეგმოთ  დღის განრიგი, გაუზიაროთ იგი მეგობრებს და ძალიან მარტივად შექმნათ თქვენი ორგანიზაციის გასაკეთებლი საქმეების სია, რომელსაც ყველა თანამშრომელი ერთდროულად იხილავს.

storify – უნიკალური Web პლატფრომა, სადაც ქმნით თქვენ ონლაინ მედია არხს და იწყებთ მაუწყებლობას.  საქმე იმაზე მარტივადაა ვიდრე ეს ჩვენ შეიძლება გვეგონოს. ამ სერვისის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ დაწეროთ სტატია, ისე რომ მულტიმედიური ინფორმაციის მოსაძიებლად არ დაგჭირდეთ ახალი სამუშაო ტაბის გახსნა. გჭირდებათ ვიდეო, სურათი, სოციალური ქსელიდან კომენტარების ამოღება ან ნებისმიერი სხვა ინფორმაციის მიღება? თქვენ ეს ყველაფერი storify-ის სამუშაო პანელში დაგხვდებათ.

Qik – მობილური ტელეფონით ან მცირე მეხსიერების მქონე კამერით ვერ ჩავწერთ დიდი მოცულობის ვიდეოს. ამ დებულების გასაბათილებლად საჭიროა მხოლოდ ერთი ინტერნეტ სერვისი – Qik.  ამ პროგრამის მეშვეობით თავისუფლად შეგვიძლია ჩავიწეროთ დიდი მოცულობის ვიდეო, რომელიც შეინახება პირდაპირ ინტერნეტ სივრცეში, თანაც კამერის დაზიანების შემთხვევაში დაზღვეულები ვიქნებით ვიდეოს დაკარგვისაგან.

Soundcloud – ეს არის ონლაინ აუდიო შემნახველი საკანი, ფლეიერი და ძალიან კარგი უფასო საშუალება, ავტვირთოთ აუდიო ფაილები და შემდეგ უპრობლემოდ ჩავსვათ იგი ჩვენს საიტზე. მაგალითისთვის, აქვე განახებთ გადმოტანილი აუდიო ფაილების ვერსიებს.

გიორგი ურუშაძე


საპარლამენტო შიმშილის თამაშები

newparliamentchamber-kutaisi-may26პოლიტიკური კატა–თაგვობანა სცილდება პარლამენტის “სოლიდურ” საზღვრებს და კომიკურ ელფერს იძენს.  სკამებზე მონადირე “პატრიოტები” ტრიბუნას იყენებენ, არა ქვეყნისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობისათვის, არამედ პირად მტრობაზე დამაყრებული საკითხების განხილვისათვის.  თუმცა, ყველაფერს გაგებით უნდა მოვეკიდოთ. დავაცადოთ, ჯერ კარგად მოიფხანონ ენები და ჩაალპონ ერთმანეთი პოლიტიკურ ჭაობში და მერე იქნებ ხალხისთვისაც მოიცალოს, რომელიმე მხარემ – პოზიციამ თუ ოპოზიციამ.

დღევანდელი საპარლამენტო დებატები მაძლევს იმის ფიქრის საშუალებას, რომ ჯერ  კიდევ კარგა ხანი მოგვიწევს გამგებიანი ძიებისა და დეიდების როლის მორგება. ჯერ კიდევ წინაა ოცნებების ასრულებით გამოწვეული ნეტარება.

კოჰაბიტაცია – ამ სიტყვის პანიკურმა გამოძახილმა და მისმა მუდმივმა გამეორებამ პოლიტიკური ოპონენტების მიერ, მოგვცა მხოლოდ და მხოლოდ ახალი  ფრანგული სიტყვა ქართულ ლექსიკაში. თანამშრომლობა არ შედგა და ალბათ არც შედგება თუ იგივე ტემპებით გაგრძელდა ქვეყნის “განვითარებაზე” ზრუნვა.

ჩვენ არ გვყვავს პოლიტიკოსები, ჩვენ გვყვავს შოუმენები. რომელთა ადგილი Comedy TV –ზე უფროა, ვიდრე პარლამენტში. როგორ შეიძლება სერიოზულად აღიქვა მათი გამოსვლა, როცა ისინი საუბრობენ ერთმანეთზე და არა ქვეყანაზე და ხალხზე.

ისინის საუბრობენ ერთამანეთის მიმართ ზეწოლაზე. ისინი საუბრობენ დაპირებებზე. მაგრამ ისინი არ საუბრობენ შედეგებზე, განსახორციელებელ ნაბიჯებზე.  პოზიციის მთავარი თავდაცვითი არგუმენტია 1 ოქტომბერს განხორციელებული ხალხის ნების გამოვლინება და მათი გამარჯვება. მაგრამ, მათ ავიწდყებათ, რომ სწორედ ეს ხალხი აკვირდება მათ მიერ განხორციელებულ ნაბიჯებს და სწორედ ამ ხალხს შეუძლია შეცვალოს მთავრობა, ისევე როგორც ეს ოქტომბერში გააკეთა.


Adress – იშოპინგე 1 ლარად

საქართველოში არც თუ ისე ხშირი მოვლენაა, სამოსის ბიზნესში მომხმარებლების განებივრება, სხვადასხვა აქციებით. არის სადღესასწაულო ფასაკლებები, მაგრამ არც თუ ისე ხშირად და თანაც შედარებით დაბალპროცენტიანი. Adress-მა კი ბაზარზე სიახლე შემოიტანა. კომპანია, რომელიც საკუთარ ქსელში 7 მაღაზიას აერთიანებს: 1)123 – პეკინის 11;  2)Etam – პეკინის 5, ჭავჭავაძის 16  3)Promod- პეკინის 5;  4)DPAM – ჭავჭავაძის 12;  5)Celio – პეკინის 5;  6)Tom Tailor – პეკინის 5;  7)Gerry Weber – პეკინის 23, იწყებს აქციას – “ნებისმიერი შენაძენი 1 ლარად”.

გრანდიოზული აქციის არსი შემდეგში მდგომარეობს: ყოველი მეხუთე მყიდველი, არა რომელიმე ერთეული მაღაზიის მეხუთე, არამედ Adress-ის ქსელში მეხუთე მომხმარებელი ხდება აქციის გაამრჯვებული და 1000 ლარამდე ღირებულების პროდუქციას იღებს მხოლოდ 1 ლარად. დიახ, არ მოგესმათ. ეს არ არის კლიენტების მოტყუებისათვის განკუთვნილი ფანდი, ეს რეალობაა, რომელიც ისედაც სასიამოვნო პროცესს – შოპინგს, ორმაგად საინტერესოს და სახალისოს ხდის. აქცია Adress-ის 5 წლის თავს ეხმაურება.

მაღაზიები გათვლილია ყველა გემოვნების, ასაკისა და ორივე სქესის წარმომადგენლებისათვის. ამიტომ თქვენ არ იზღუდებით. 12-დან 21 დეკემბრის ჩათვლით შოპინგობთ მხოლოდ 1 ლარად.

Adress-ის აქციამ მთელი თბილისი მოიცვა, ცნობისმოყვარე თვალები მაღაზიის ვიტრინებს დაკვირებით უყურებს და ვერ გაურკვევია, შევიდეს თუ არა. ფიქრობს, იქნებ მატყუებენ, ვინ რას მოგვაგებინებსო. მაგრამ გეტყვით, რომ ეს, ასე არაა. შედით, იყიდეთ და გახდით შემდეგი იღბლიანი. ამ დროსათვის ქსელს, 30-ზე მეტი გამარჯვებული ჰყავს. ვინ იცის, იქნებ შემდეგი, შენ ხარ.

გამარჯვებულს სპეციალური პროგრამა ავლენს, რომელიც საერთოა Adress-ის შვიდივე მაღაზისაათვის. ნებისმიერ მაღაზიაში ნივთის შეძენისას, ჩვეულებრივ იხდით ფულს, ელოდებით ჩეკს, რომელზეც გამარჯვების შემთხვევაში ეწერება – გილოცავთ, ჯამი – 1 ლარი.


როგორ გავბრუვდეთ ლეგალური ნარკოტიკით

9413kviris-palitraქართულ მედია სივრცე ჟურნალ-გაზეთების ნაკლებობას ნამდვილად არ უჩივის. მრავლადაა მარგალიტებიც, რომლებიც თავს ობიექტური მედიის მექად ასაღებენ და “კომპეტენტური” სტატიებით ცდილობენ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას. მათ ავიწყდებათ რომ ჟურნალისტის პირდაპირი მოვალეობა სიმართლის თქმა და საზოგადოებისათვის სწორი გზავნილის მიწოდებაა. თუმცა ჟურნალისტებს უჭირთ ზღვარის გავლება ობიექტურ რეალობასა და პირად დამოკიდებულებას შორის. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართული ტაბლოდი “კვირის პალიტრა” შედარებით დაბალანსებულ მედია საშუალებად ითვლება. რაც სამწუხარო ფაქტი უფროა, ვიდრე სასიხარულო. ამ გაზეთის კითხვისას, მე როგორც რიგით მოქალაქეს მიჩნდება განცდა, თითქოს ვკითხულობ ბლოგერის ჩანაწერებს, რომელიც პირადი მოსაზრებებით ავიწროებს სტატიის ღირებულებას.. ბუნებრივია, ეს არ ეხება ყველა პუბლიკაციას.
10 სექტემბრის “კვირის პალიტრის” რუბრიკა პოლიტიკას თუ გადახედავთ აღმოაჩენთ სტატიას, რომელიც გიგი უგულავას განიხილავს დამამცირებელ კონტექსტში.
მეტი თვალსაჩინოებისათვის შემოგთავაზებთ ამონარიდებს, სტატიიდან:
“გიგი ბატონო, ცოტა ხნის წინ პრემიერ-მინისტრს მიმართე, გირჩევთ, დამაკავოთო. ამბობენ, მაგ დროს “ნიჩურტა” ჰქონდაო და მართალია?”
“ამ საუბარში ჩამოგვაღამდა და წავიდა თავის გზით ჩემი სტუმარი. იმედია, უკმაყოფილო არ იქნებოდა. მართალია, სტრიპტიზიორები ვერ დავახვედრე, მაგრამ კარგი ქართული სიტყვითა და წითელი ღვინით კი გავუმასპინძლდი.”
დიდი ხანია ვფიქრობ და”ქალაქის მერს ხომ არ სჯობს “ქალაქის დარეჯანი” ან “ქალაქის მარო” ეწოდოს? სხვა თუ არაფერი, ქართულად მაინც ჟღერს.
6634gigi_2172
სიმართლე გითხრათ ირონიით გაჯერებული სტატიების წერა მეც სიამოვნებას მანიჭებს, თანაც მაშინ როცა ჩემ სიმართლეში დარწმუნებული ვარ, მაგრამ ეს არ ნიშნავს დავივიწყო მარტივი ჭეშმარიტება – მე ვარ ჟურნალისტი, მე ავსახავ რეალობას და არა ყურმოკრულ ამბებს. ჩემი პირადი შეხედულების დაფიქსირება თავისუფლად შემიძლია სოციალურ ქსელში ან საკუთარ ბლოგზე. საზოგადეობას კი უნდა მიეცეს საშუალება თვითონ გამოიტანოს დასკვნა. სწორედ ამიტომ ნუ გავხდებით უნებლიე ლეგალური ნარკოტიკების მსხვერპლი და ერთხელ და სამუდამოდ ჩვენივე ქმედებებით ხელი შევუწყოთ თავისუფალი, ობიექტური, კრიტიკულ აზროვნებაზე დამყარებული მედიის განვითარებას.


მე – სოციალურად აქტიური

20121204-215419.jpg

საქართველოში ბოლო რამდენიმე წელიწადია იმატა ბლოგერების რიცხვმა და შესაბამისად საზოგადოების დინტერესებამაც სოციალური მედის ამ მიმართულების მიმართ. სხვადასხვა სახელმწიფო თუ არასახელმწიფო ორგანიზაციებიც ხშირად მიმართავენ ინფორმაციის გავრცელების ახალ, შესამჩნევად ეფექტურ საშუალებას, რაც ხშირ შემთხვევაში გამოიხატება მათ მიერ გამოცხადებული კონკურსებით ბლოგერებისათვის და ჯურნალისტებისათვის. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოც არაა გამონაკლისი. მათ მიერ გამოცხადებული კონკურსები გამორჩევა საინტერესო თემატიკით და მიმზიდველი პრიზებით. ერთ-ერთი ასეთი კონკურსი, საქართველოს საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში გამოცხადდა, რომლის ფარგლებში ნებისმიერ ბლოგერს შეეძლო დაეწერა სტატია, თემაზე: რა გზით შეიძლება არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად მოსახლეობის წახალისება?
მიუხედავად ჩემი ნეგატიური დამოკიდებულებისა კონკურსების მიმართ, გამომდინარე საზოგადოებაში დმაკვიდრებული დოგმისა: „მე მაინც ვერ გავიმარჯვებ“ , „ყველაფერი წინასწარაა ჩაწყობილი“ გადავწყვიტე მიმეღო მონაწილეობა და გამომეცადა ჩემი ძალები.
დავწერე სტატია და გავაგზავნე მითითებულ მისამართზე. ამის შემდეგ კონკურსის მსვლელობა სრულიად გადამავიწყდა. არ ველოდი პასუხებს. წარმოუდგენლად მიმაჩნდა საკუთარი თავის გაამრჯვებულთა სიაში ამოკითხვა. არა იმიტომ, რომ ზედმეტად თავმდაბალი ადამიანი ვარ, ან ცუდი წარმოდგენა მაქვს საკუთარ შესაძლებლობებზე, არამედ იმიტომ რომ ძნელია წარმოიდგინო საკუთარი თავი ასეთი კონკურსის გამარჯვებულის ამპლუაში. თუმცა, შეუძლებელი არაფერია.
ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნების გამოცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩემს ტელეფონზე გაისმა ზარი, რომელმაც მაუწყა, რომ მე – ადამიანს, რომელსაც თავი უიღბლოთა სიის მოწინავე რიგებში წარმოედგინა, აღმოაჩინა რომ, სწორედ ის გახდა კონკურსის გაამრჯვებული. ემოციები ორმაგად გამძაფრდა როდესაც გავიგე, რომ საჩუქარს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდი გადმომცემდა და ეს საჩუქარი ipad 2 იქნებოდა. ხო, ამ დროს – ცხოვრება მშვენიერია.
საჩუქრის გადმოცემის დღე ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოცხადებას დაამთხვიეს. იქ ობამა ზეიობდა გაამრჯვებას, აქ კი – მე.
როგორც აღმოჩნდა ეს პრიზი ჩემი წარმატების საწინდარი გახდა ბლოგ სფეროში, რადგან სულ რამოდენიმე დღის წინ კიდევ ერთ, ბლოგერთა კონკურსში გავიმარჯვე, რომელსაც საქართველოში ზიანის შემცირების ქსელი და ევროკავშირი ახორციელებდა, თემაზე: ნარკომანია, აივ-ი, შიდსი და C ჰეპატიტი. რომლის ფარგლებში რამდენიმე ბლოგერი და უკვე შემდგარი, წარმატებული ჟურნალსიტები ლოპოტაზე გავემგზავრეთ, სადაც მიმოვიხილეთ ამ თემების გაშუქების ხარისხი და მისი გადმოცემის ფორმები, რის შედეგადაც აღმოვაჩინეთ მრავალი უზუსტობა და ინფორმაციის ნაკლულობა ქართულ მედია სივრცეში.


დღეიდან ისევ…..

20121127-005202.jpg

და აი, ვიწყებ……

დიდი ხანია ჩემი კლავიატურა ბლოგის რითმებზე არ აწკაპუნებულა, სწორედ ამიტომ მკითხველის წინაშე თავს ვალდებულად ვთვლი იმ დღიდან დავიწყო მოყოლა, როცა ბლოგის კარები გამოვიხურე, ბლოგოთახში შუქი ჩავაქრე, თუმცა ოდნავ მბჟუტავი სინათლე მაინც დავტოვე უკან დასაბრუნებელი გზის საპოვნელად.

ბლოგი, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე ენერგიულად და ყოველდღიური პოსტებით დაიწყო, ბოლო პერიოდია გამოეთხოვა აქტიურ ცხოვრებას და მინებდა საკუთარი პატრონის სიზარმაცეს. თუმცა ვცრუობ, საქმე არაა სიზამრაცეში, პირიქით ბევრ პროექტში მოვინდომე ჩართვა, რამაც შეიწირა ჩემი საყვარელი საქმიანობა. მაგრამ ამ პერიოდს წერის გარეშე მაინც არ ჩაუვლია. ხანდახან აქ, ხანდახან რვეულში ჩანახატად ვაკეთებდი ხოლმე მოკლე შენიშვნებს თუ პოსტებს. ერთ-ერთმა ასეთმა უცაბედმა საკონკურსო პოსტმა წარმატებაც კი მომიტანა და დამარწმუნა, რომ უნდა ვწერო, რადგან საქმე, რომელიც სიამოვნებას განიჭებს და ამავდროულად გიფასდება კიდეც ძალიან მნიშვნელოვანია.

საუბარია ბლოგზე განთავსებულ პოსტზე – “შემოხაზე შენი თავისუფალი არჩევანი” . რომელმაც ამერიკის შეერთებული შტატების ბლოგერთა კონკურსში გაიმარჯვა და ამით დიდი ბედნიერება მომანიჭა. მოვიპოვე მშვენიერი ipad 2, რომლის საშუალებითაც ახლა ამ პოსტს ვწერ. თანაც საშუალება მომეცა შევხვედროდი აშშ-ს ელჩს. ეს ხომ ყოველდღე არ ხდება. ძალიან მაგარი გრძნობა, როცა შენი დაწერილი პოსტი წარმატებას მოგიტანს და შეიგრძნობ რომ ეს ყველაფერი მხოლოდ შენი დამსახურებაა.

ამას გარდა, მუდამ ვფიქრობდი იმაზე თუ რისი გაკეთება შეიძლებოდა ქართულ მედია სივრცეში ისეთის, რაც დღემდე საქართველში არაა კარგად ფეხმოკიდებული და განვითარებული. ამ ძიებაში აღმოვაჩინე, რომ არ არსებობს სტუდენტებისათვის განკუთვნილი თანამედროვე, ახალგაზრდული მედია საშუალება, რომლის დახმარებითაც სტუდენტები შეძლებენ უწყვეტ რეჟიმში მიიღონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია. სწორედ ამიტომ, დეკემბრიდან მე და ჩემი გუნდი წარმოგიდგენთ ახალ, სტუდენტურ, ახალგაზრდულ, თანამედროვე ელექტრონულ და ბეჭდურ ჟურნალს – Tsutimes. სახელიდანვე გამომდინარე მიხვდებით, რომ ჟურნალი თსუ-ს კედლებში ყალიბდება.

აი, ასე მიედინება ჩემი ცხოვრება. დღეიდან შევეცდები მკითხველს თავი შევახსენო, როგორც ჩემი ბლოგის საშუალებით, ისე აწ უკვე tsutimes – ის ფურცლებიდან.

20121127-012111.jpg


არჩევნები – 2012

დილის 7 საათი, სოფელი დიღომი, საარჩევნო ოლქი #3,უბანი 56. არჩევნები 2012 ოფიციალურად გახსნილად ცხადდება. დილის 8 საათიდან ამომრჩეველთა ნაკადი უწყვეტად მოედინება. წელს, მათი რაოდენობა უპრეცედენტოა. ისინი ერთი მიზნის გარშემო ერთიანდებიან. ეს საკუთარი, თავისუფალი არჩევანის დაფიქსირება გახლავთ.

ჩემი მოვალეობაა პირნათლად დავაკვირდე არჩევნების მიმდინარეობის პროცესს და ვუზრუნველყო მისი გამჭირვალობა. ვფიქრობ, რთული მისიაა იმ ისტორიის გათვალისწინებით, რამაც ქართველების გონებაში ღრმა კვალი დატოვა.  მაგრამ, ჩემდა გასაკვირად, არჩევნები 2012 თითქმის იდეალურად მიმდინარეობს. არ შეინიშნება არცერთი გაყალბების მცდელობა. იგი სრულიად ჯდება განვითარებული, დემკრატიული ქვეყნების სტანდარტებში. ეს, ჩვენთვის სიახლეა.

მთელი დღის განმავლობაში საარჩევნო პროცესი მშვიდად მიმდინარეობდა, თუმცა, იყო რამდენიმე პროვოკაციის მცდელობა. კონკრეტულად, ობიექტური მედიის მექად შერაცხულმა ინფო9-ს ჟურნალისტმა სცადა საარჩევნო უბანზე არეულობის შემოტანა და ამით “გემრიელი” კადრების მოპოვება, თუმცა მისი ეს მცდლეობა კრახით დასრულდა. აღსანიშნავია ისიც, რომ “ქართულ ოცნებას” წარმომადგენლები ჰყავდა არა მარტო პარტიის სახელით, არამედ სხვადასხვა ორგანიზაციის სახელითაც. მაგალითად ” ქალი და არჩევანი”-ის წარმომადგენელი სრულებით არ მალავდა, რომ იგი პარტიული იყო და არჩევნებზე ოცნების ინტერესების დაცვას არ ერიდებოდა. სხვა ოცნების წარმომადგენლებიც ცდილობდნენ საარჩევნო პროცესში ზოგჯერ მართლაც, რომ არაფრისმთქმელი ხარვეზების აღმოჩენას და მათ გაფეტიშებას. “ქართულ ოცნებას” საკუთარი ოპერატორი ემსახურებოდა, რომელიც მთელი დღის განმავლობაში განუწყვეტლივ იღებდა. მათგან განსხვავებით, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები სიმშვიდით გამოირჩეოდნენ. ალბათ, მათ ისედაც იცოდნენ ის სურათი, რაც ხმების დათვლის შემდეგ დაიხატა.

ერთი თვალის შევლებაც საკმარისი იყო საარჩევნო უბანზე,  რომ მიმხვდარიყავი თუ საით, ვის გაამრჯვებისკენ მიექანებოდა პროცესი”ქართული ოცნება” ხალხის საერთო რჩეული იყო, თუმცა არა მისი მაჟორიტარები. ისინი ხმას აძლევდნენ ბიძინა ივანიშვილს და არა მის გუნდს. ისინი დაუფარავად აღნიშნავდნენ, რომ დავით უსუფაშვილს, რომელიც საბურთალოზე იყრიდა კენჭს, არადროს არ მისცემდნენ ხმას, რომ არა ივანიშვილი.

საღამოს, 8 საათზე საარჩევნო უბანი დაიხურა და დაიწყო ხმების დათვლა. ყოველ წამს, ყურში ერთი ხმა ჩამესმოდა: “მაჟორიტარი 41, პროპორციული 41”. აქ-იქ თუ გაიგონებდი 5 იანს ან კიდევ უფრო იშვიათად სხვა ციფრს. ამ ყველაფრის ამსხაველი ვიდეო მასალაც მაქვს, მაგრამ არ ვთვლი საჭიროდ მის გამოქვეყნებას.

შუა ღამისას ხმების დათვლაც დამთავრდა. საბოლოო შედეგები კი ამ უბანზე შემდეგნაირად გამოიყურება:

საუბნო პროპორციული:

1 – “კახა კუკავა – თავისუფალი საქართველო” -2
4- “ეროვნულ-დემოკრატიული პარტია” – 1
5- “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 129
9- “სამართლიანი საქართველოსათვის” – 1
10- “გიორგი თარგამაძე – ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება” -9
17- “სახალხო მოძრაობა” – 0
19- “თავისფულება-ზვიად გამსახურდიას გზა” – 0
23 -“ჯონდი ბაღათურია-ქართული დასი” – 15
24 ” ახალი მემარჯვენეები” – 1
26 – “სახალხო პარტია” – 0
30- “მერაბ კოსტავას საზოგადოება” – 1
35- “მომავალი საქართველო” – 0
36 – “საქართელოს მშრომელთა საბჭო” -0
38 – “შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია” -9
40- “საქართველოს სპორტსმენთა კავშირი” – 1
41 – ბიძინა ივანიშვილი -ქართული ოცნება” – 918

საუბნო მაჟორიტარული:

1 -ნანა დევდარიანი -4
4 –  გურამ ჩახვაძე – 0
5 – ანდრია ურუშაძე – 128
10 – ნოდარ სარჯველაძე -10
23 -ჯონდო ბაღათურია – 128
24 -მამუკა კაციტაძე – 1
30 -გიორგი ლილუაშვილი – 2
36 – ამირან ლუაშვილი – 0
38 – სიმონ პეტრიაშვილი- 7
41- დავით უსუფაშვილი – 802

ახლა, მხოლოდ ერთი რამ დაგვრჩენია. ძალიან კარგად გავაანალიზოთ დღევანდელი რეალობა და სწორი ნაბიჯები გადავდგათ. “რუსთავი 2”-თან მომხდარი ფაქტი სრულებით არ გვაუწყებს დემოკრატიის ზეიმს. ასე რომ წინ დიდი სამუშაო ელის ახლად არჩეულ ხელისუფლებას. მათ, ჩვენი იმედები, უნდა გაამართლონ.


Entertainment

What’s good, bad and happening, from pop culture to high culture

ninia's

,,ისეთი სიტყვა მინდა დავწერო, შენ რომ გაიგებ"

ქრისტინას ბლოგი

ქრისტინას ბლოგი

gabo.blog

გოჩა გაბოძე

teen news about all

ერთი შემაძრწუნებლად საინტერესო ბლოგი :)