მუჰამადი [ბიოგრაფია; მოღვაწეობა]


მუჰამადი დაიბადა დაახლ. 570 წელს, ე.წ. “სპილოს წელს”, თავისი დედის სახლში, მექის გარეუბანში.
მუჰამადის მამა _ ‘აბდ ალ-ლაჰი (არაბ. ალაჰის მონა) გარდაიცვალა იასრიბში მუჰამადის დაბადებიდან ორი თვის შემდეგ, როცა ის სირიიდან ბრუნდებოდა. ‘აბდ ალ-ლაჰის მიერ დატოვებული ქონება შეადგენდა 1 აქლემს, რამდენიმე თხას და 1 აბისინიელ მონას (ქალი – ბარაქა). დედა _ ამინა (კურაიშის ტომი). ისლამამდელ მექაში არსებობდა ჩვეულება _ მომთაბარეთა ოჯახებისათვის მიეცათ აღსაზრდელად ახალშობილები. წელიწადში ორჯერ _ გაზაფხულზე და შემოდგომაზე, ბანუ სა‘დის ქალები ჩამოდიოდნენ მექაში, რათა აღსაზრდელად წაეყვანათ მცირეწლოვანი ბავშვები. მუჰამადი მიაბარეს _ ხალიმას. ამ დროს მუჰამადი 6 თვის იყო. მუჰამადს კარგად ექცეოდნენ ოჯახში და იქ გაატარა 4 წელი. მუჰამადის ბიოგრაფები სწორედ ამ პერიოდს უკავშირებენ ლეგენდარულ გადმოცემას, რომლის მიხედვითაც ანგელოზებმა გული გაუპეს მუჰამადს და გაუწმინდეს უწმინდურობისაგან.
6 წლის იყო მუჰამადი, როდესაც გარდაეცვალა დედა. ობოლი მუჰამადი იშვილა ბაბუამ _ ‘აბდ ალ-მუტალიბმა (ის იყო ზამზამის წყლის ზედამხედველი, მისი გარდაცვალების შემდეგ ალ-აბბას ბ. ‘აბდ ალ-მუტალიბი). ორი წლის შემდეგ ბაბუაც გარდაიცვალა. სიკვდილის წინ მან იხმო თავისი უფროსი ვაჟი _ ‘აბდ ალ-მანაფი (აბუ ტალიბი), როგორ ჰაშიმის გვარის მომავალი წინამძღოლი და მას უანდერძა მუჰამადზე მზრუნველობა, რაც მან კეთილსინდისიერად შეასრულა. მუჰამადისათვის წერა-კითხვა არ უსწავლებიათ. ის სიღარიბეში იზრდებოდა. გადმოცემით, მუჰამადი მწყემსავდა აბუ ტალიბის ცხვრებსა და თხებს. 12 წლის ასაკში კი ბიძასთან ერთად შეასრულა პირველი ხანგრძლივი საქარავნო მოგზაურობა სირიაში. სწორედ ამ მოგზაურობის დროს, მუსლიმური გადმოცემით, ბაჰირამ _ ქრისტიანმა ბერმა ქ. ბოსრადან (ბუსრა -სამხრეთ სირია) ამოიცნო პატარა მუჰამადში მომავალი მოციქული. ბაჰირამ ურჩია აბუ ტალიბს, გაფრთხილებოდა მუჰამადს და არ წაეყვანა ის დამასკოში, სადაც შეიძლებოდა მოეკლათ სირიელებს (სხვა ვერსიით ბიზანტიელებს).
25 წლის ასაკში მუჰამადი დაუკავშირდა მდიდარ მექელ ქვრივს _ ხადიჯას (ხადიჯა ბინთ ხუვაილიდ, ეკუთვნოდა კურაიშის ტომს, ასადის გვარს), რომელთანაც სავაჭრო მოურავად მუშაობდა. მას ჰქონდა დადგენილი ანაზღაურება (4 ახალგაზრდა აქლემი) და მოგების განსაზღვრული წილი. გადმოცემით, თვითონ ხადიჯამ შესთავაზა მუჰამადს ქორწინება. მუჰამადიც დათანხმდა. ქორწინების შემდეგ მუჰამადი ტყავებით ვაჭრობდა, თავის კომპანიონთან ერთად. როგორც ჩანს, შორეულ მოგზაურობებში ის აღარ მიდიოდა. ხადიჯასთან ქორწინებამ მატერიალურად უზრუნველყო მუჰამადი და შესაძლებლობა მისცა უფრო მეტი დრო დაეთმო რელიგიური საქმეებისათვის. მუჰამადისაგან ხადიჯას შეეძინა 2 ვაჟიშვილი და ოთხი ქალიშვილი: ზაინაბი, რუქაია, უმმ კულსუმი და ფატიმა.
გადმოცემის თანახმად, მუჰამადმა ქადაგება დაიწყო 609 ან 610 წელს. პირველი ხილვისას მას გამოეცხადა მთავარანგელოზი ჯაბრაილი (გაბრიელი), რომელსაც ხელში ეჭირა ფარჩაში გახვეული წიგნი (ან გრაგნილი). მან უბრძანა მუჰამადს ადამიანებისთვის წაეკითხა ალაჰის ჭეშმარიტი სიტყვა. მუჰამადმა, რომელმაც არ იცოდა წერა-კითხვა, სამჯერ იუარა, მაგრამ ანგელოზის დაჟინებული თხოვნით, წაიკითხა. “წაიკითხე, სახელითა უფლისა შენისა, რომელმაც ყველაფერი შექმნა. რომელმაც შექმნა ადამიანი შედედებული სისხლისგან. წაიკითხე, უფალი შენი ხომ ყოვლად უხვია. მან ასწავლა [ადამიანს წერა] კალმით. ასწავლა ადამიანს ის, რაც ადრე არ იცოდა”[96:1-5]. როდესაც მუჰამადი გამოფხიზლდა ეს აიები თითქოსდა გულზე ეწერა. მთის კალთაზე გამოსულს ხმა შემოესმა: “ო, მუჰამად, შენ ხარ მოციქული ალაჰისა, მე კი ჯაბრაილი”. მოციქული იყო იმ დროს 40 წლის. ეს მოხდა რამადანის თვის ბოლოს, ღამით, როდესაც მოციქული განმარტოვდა ლოცვისათვის ჰირას მთის გამოქვაბულში.
პირველებმა მუჰამადის ქადაგება ირწმუნეს ხადიჯამ და მისი ოჯახის წევრებმა _ ‘ალიმ, ზაიდ ბ. ალ-ჰარისმა (მისი შვილობილი). როცა მუსლიმთა რიცხვმა მიაღწია 30-32 ადამიანს, სამლოცველო შეკრებები გადატანილ იქნა ახალგაზრდა ალ-არკამ ბ. ალ-არკამის სახლში, ას-საფას ბორცვზე. ეს მოვლენა გახდა განმსაზღვრელი ეტაპი ისლამის გავრცელების ისტორიაში. მექაში მუჰამადის ქადაგებას მტრულად შეხვდნენ. მექის პერიოდში მუჰამადი გვევლინება როგორც უბრალო მქადაგებელი. ამ ეტაპზე ის ისლამს არ გამოყოფდა სხვა მონოთეისტური რელიგიებიდან _ იუდაიზმისა და ქრისტიანობისაგან. ახალი რელიგია მიმართული იყო კერპთაყვანისმცემლობის, წარმართობის წინააღმდეგ. ამასთან ამ ეტაპზე ბრძოლა მუჰამადის რელიგიური მისიის ცნობისა და ისლამის მიღებისათვის იძულებას არ გულისხმობდა. მუჰამადი მხოლოდ “არწმუნებდა, აფრთხილებდა”.
მუჰამადის მოღვაწეობის მექის პერიოდში რელიგიური ფაქტორი სჭარბობს. ჩამოყალიბებული პოლიტიკური პროგრამა მას ჯერ არა აქვს. მექელებმა ის არ მიიღეს. ეს ფაქტი შეიძლება აიხსნას მათი შიშით ქალაქის მომავალთან დაკავშირებით. მას შეიძლებოდა დაეკარგა თავისი სტატუსი, როგორც სავაჭრო და საკულტო ცენტრს. რწმენა მათთვის უცხო არ იყო. მაგრამ უჩვეულო იყო ის, რომ მათ თვალწინ გაზრდილმა მუჰამადმა, აქამდე საზოგადოების რიგითმა წევრმა, მოულოდნელად ალაჰის მოციქულობის პრეტენზია განაცხადა. მუჰამადის ერთპიროვნული მმართველობის იდეა მათთვის უცხო და მიუღებელი აღმოჩნდა. მუჰამადმა საზოგადოების სათავეში დააყენა ერთი უზენაესი ღმერთი _ ალაჰი, თვითონ კი ამ საზოგადოებას მოევლინა როგორც მისი მოციქული. მუჰამადმა თავის თავზე აიღო მმართველობის ყველა ფუნქცია.
მუჰამადი ხვდებოდა ქრისტიანებს, იუდეველებს, ჰანიფიტებს და მაშინ გაუჩნდა სურვილი, რომ ექადაგა ერთღმერთიანობა. მუჰამადმა დაიწყო განმარტოება გამოქვაბულში. ის არჩევდა განმარტოებულ ადგილს, სახლში ცარიელ ოთახს, ჰირას მთა იყო მისთვის საყვარელი ადგილი, რამდენიმე დღე რჩებოდა ხოლმე. 610 წლის 27 რამადანს მას გამოეცხადა ანგელოზი ისრაფილი და მთავარანგელოზი ჯიბრაილი. მათგან შეიტყო, რომ ღმერთს იგი აურჩევია თავის მოციქულად. ასეთი გამოცხადებები ხშირად მეორდებოდა. თავდაპირველად ქადაგება ფარულად მიმდინარეობდა, როდესაც მისმა ქადაგებამ ინტენსიური ხასიათი მიიღო, მას დაუპირისპირდნენ. მუჰამადის ქადაგება მიმართული იყო კერპთაყვანისმცემლობის წინაარმდეგ, რაც საშიშროებას უქმნიდა მექის სავაჭრო და პოლიტიკურ ინტერესებს. მის ქადაგებას შეიძლება მოეხდინა ქააბას კულტის დაცემა თავისი კერპებით, რაც გამოიწვევდა პილიგრიმობის დაცემას, მექის ბაზრობის და მექის სავაჭრო კავშირების შესუსტებას. და ამასთან მექის პოლიტიკური ავტორიტეტის დაცემას.
მექის გვაროვნული არისტოკრატიის მტრული დამოკიდებულება მუჰამადის მიმართ იმდენად გამწვავდა, რომ მან მიმდევრების გარკვეული ნაწილი დროებით გააგზავნა ეთიოპიაში. პირველი ეთიოპური ჰიჯრა იყო დაახლოებით 614 წელს. ისინი მალე დაბრუნდნენ უკან. რადგანაც მუჰამადმა გადაწყვიტა კომპრომისზე წასულიყო მექელებთან და ერთ-ერთ ქადაგებაში მექის ტრიადა (სამი ქალღმერთი _ ალ-ლათ, ალ-‘უზზა და მანათ) „ალლაჰის ქალიშვილებად” აღიარა. თუმცა მალე მიხვდა, რომ ეს სიტყვები არღვევდა ერთღმერთიანობის პრინციპს და იყო არა ღმერთის, არამედ სატანის (ეშმაკის) მიერ შთაგონებული. ამიტომ მუჰამადმა მოინანია ეს კომპრომისი. ამან კიდევ უფრო დაძაბა მორწმუნეებსა და წარმართებს შორის ურთიერთობა და მუსლიმები მალე უკან წავიდნენ ეთიოპიაში. მეორე ემიგრაცია ეთიოპიაში მოეწყო რამდენიმე წლის შემდეგ. 80 მუსლიმზე მეტი ოჯახებთან ერთად გაემგზავრა ეთიოპიაში და მათი დაბრუნება თანდათანობით მოხდა მედინაში.
მუჰამადის ქადაგებისა და მოღვაწეობის მოწინააღმდეგე მექის გვაროვნული არისტოკრატიის წარმომადგენლების ინიციატივით ბანუ ჰაშიმის გვარს, რომელსაც თვითონ მუჰამადი ეკუთვნოდა, ბოიკოტი გამოუცხადეს. მაგრამ მუჰამადის გვარის წარმომადგენლებმა არა თუ არ მოკვეთეს იგი ტომიდან, არამედ გააძლიერეს კიდეც მისი მფარველობა. მფარველობის ქვეშ მყოფი პიროვნება კი, უცხო ტომელიც რომ ყოფილიყო, ისლამამდელი არაბეთის წესების შესაბამისად, ხელშეუხებელი იყო. სისხლით ნათესაობა და ტომობრივი კავშირები გადამწყვეტ როლს თამაშობდა. 2 წლის შემდეგ მოიხსნა ეს ბოიკოტი.
619 წლის შემდეგ მექაში მუჰამადის ცხოვრება და მოღვაწეობა გაუარესდა. გარდაიცვალა აბუå ტალიბი, ხოლო გვარის ახალმა მეთაურმა აბუ ლაჰაბმა უარი თქვა მის დაცვა-მფარველობაზე. გარდაიცვალა მუჰამადის ერთგული მეუღლე _ ხადიჯაც. მუჰამადი ახლა იშვიათად გამოდიოდა სახლიდან, რათა შეურაცხყოფა არ მიეღო. ის მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მექაში მისი დარჩენა აღარ შეიძლებოდა.
619 წლის შემდეგ, მუჰამადმა მოკავშირეების ძებნა დაიწყო მექის გარეთ, იასრიბში, სადაც სახლობდა 2 დიდი არაბული ტომი: აუსი და ხაზრაჯი, რომელთა შემადგენლობაში მრავალრიცხოვანი გვარები შედიოდა. იასრიბში მოსახლეობის ძირითადი საქმიანობა მიწათმოქმედება იყო. ინტენსიურ საქარავნო ვაჭრობაში იასრიბელები არ მონაწილეობდნენ. აქვე ცხოვრობდნენ აგრეთვე იუდეველთა ტომები. უნდა აღინიშნოს, რომ არაბული და იუდეველთა ტომები მჭიდრო კავშირში იყვნენ ერთმანეთთან. მაგრამ VII ს. პირველი მეოთხედი იასრიბის არაბულ ტომებს შორის კონფლიქტებით აღინიშნა და ამ კონფლიქტებში იუდეველთა ტომებიც ჩარეული აღმოჩნდნენ. რელიგიური თვალსაზრისით იასრიბის არაბები წარმართები იყვნენ. თუმცა მათზე არ შეიძლება გავლენა არ ჰქონოდა იუდეველების მონოთეისტურ შეხედულებებს. ამდენად, ნიადაგი მუჰამადის ქადაგებისათვის მომზადებული იყო. იასრიბელებმა მასში დაინახეს რელიგიური მოღვაწე, ირწმუნეს მისი მოციქულობისა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ მუჰამადს უნდა მოეგვარებინა სოციალური და პოლიტიკური კონფლიქტები.
მუჰამადის გადასვლას მექიდან იასრიბში (მედინაში) წინ უძღოდა შეხვედრები ‘აკაბაში. პირველ შეხვედრას ესწრებოდა 12 ადამიანი: 10 ხაზრაჯის არაბული ტომიდან და 2 _ აუსიდან. ეს შეხვედრა მუსლიმ ავტორებთან ცნობილია, როგორც `პირველი ‘აკაბა~. შეთანხმება ატარებდა წმინდა რელიგიურ, მშვიდობიან ხასიათს. იასრიბელებმა მუჰამადთან დადეს “ქალთა ფიცი” – ბაი‘ა ან-ნისა’ – იგივე პირობებით, რაც არის მოცემული ყურანის 60:12 სურაში. “ქალთა ფიცში” სპეციალური მოიხსენიება ქალების შესახებ არ არის. არის მოსაზრება, რომ ეს სახელწოდება მიიღო იმის გამო, რომ მასში საერთოდ საუბარი არაა მუჰამადის იარაღით დაცვაზე _ საომარ ვალდებულებებზე. 622 წლის 14 ივლისს შედგა “მეორე ‘აკაბა”, რომელსაც ესწრებოდა 73 მამაკაცი და 2 ქალი. მათ მოეთათბირა მუჰამადი იასრიბში გადასვლაზე და 12 თავისი წარმომადგენელი (ნაკიბ) დანიშნა შეხვედრის მონაწილეთაგან. ეს იყო მნიშვნელოვანი პოლიტიკური შეთანხმება ორმხრივი ვალდებულებებით. იასრიბელი მუსლიმები (ანსარები) აღიარებდნენ მუჰამადს ალაჰის მოციქულად და თავის თავზე იღებდნენ მის დაცვას და მფარველობას. მეორე შეხვედრის დროს დაიდო ახალი ფიცი “ბაი‘ა ჰარბ” _ “ომის ფიცი”.
მას შემდეგ, რაც მუჰამადმა მოკავშირეები შეიძინა, ის მექელ მუსლიმებთან ერთად გადასახლდა იასრიბში. თვითონ მუჰამადი, აბუ ბაქრთან ერთად, იასრიბში შევიდა 622 წლის 20 ან 24 სექტემბერს (12 რაბი‘ ალ-ავვალი). მუჰამადისა და მისი მიმდევრების გადასახლება იასრიბში, აღინიშნება არაბული ტერმინით _ ჰიჯრა. ის საფუძვლად დაედო მუსლიმურ წელთაღრიცხვას. იასრიბს მუჰამადის გადასახლების შემდეგ ეწოდა წინასწარმეტყველის ქალაქი, მადინათ ან-ნაბი, ან მოკლედ მადინა (მედინა). ჰიჯრას შემდეგ იწყება მუჰამადის მოღვაწეობის შემდეგი ეტაპი.
მუჰამადი მედინაში გამოჩნდა როგორც შორსმჭვრეტელი და ჭკვიანი პოლიტიკოსი. ე. წ. მედინის ხელშეკრულება პირველი დოკუმენტია მედინის თემის სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური ცხოვრების რეგულირების შესახებ. თუ შევადარებთ ამ ხელშეკრულებას და ‘აკაბაში შეხვედრის შედეგებს, შეიძლება დავასკვნათ, რომ ‘აკაბას შეთანხმება მუჰამადს ანიჭებდა ტომობრივი არაბებისათვის ჩვეულ მფარველობის ქვეშ მყოფი პირის სტატუსს. მედინის ხელშეკრულებაში კი ის გვევლინება მოღვაწედ. მუჰამადი თვითონ ხდება მფარველი, დამცველი. თუმცა არ ცდილობს გააუქმოს ძველი ტომობრივი სტრუქტურები, ის სთავაზობს მიმდევრებს _ ალაჰის უზენაესობას. ხელშეკრულებაში მუჰამადი წარმოდგენილია უმაღლეს არბიტრად. მის კომპეტენციაში შედის ნებისმიერი დავისა და კონფლიქტის მოგვარება. ე. ი. ფაქტობრივად ის ხდება მედინის მმართველი, თანდათანობით იღებს ხელში მმართველობის ყველა ფუნქციას. მუჰამადი ცდილობს არაბთა პოლიტიკურ გაერთიანებას ისლამის სახელით.
თანამედროვე მკვლევართა ნაშრომებში ეს დოკუმენტი იწოდება “მედინის კონსტიტუციად”. ამ დოკუმენტის მიხედვით, მუსლიმები და არამუსლიმები თანაბრად ფლობდნენ რელიგიის თავისუფლების უფლებას. ამასთან, ისლამური სამართალი არ გამოიყენებოდა არამუსლიმებთან მიმართებაში არც სამოქალაქო და არც სისხლის სამართლის საქმეების განხილვის დროს.
მედინის თემი მუჰამადის ხელმძღვანელობით გახდა მუსლიმური სახელმწიფოს საფუძველი, ხოლო მისი კანონების კრებული მედინის თემისათვის წარმოადგენდა ისლამური სახელმწიფოს პირველ “კონსტიტუციას”. სწორედ მედინის პერიოდში ჩაეყარა საფუძველი არაბეთის ნახევარკუნძულის ტომების გაერთიანებას, რომელმაც სათავე დაუდო ამ სახელმწიფოს.

მუჰამადის მიმდევრები
ზოგადად მუჰამადის მიმდევრებს ეწოდებოდათ ასჰაბები. თავდაპირველად ეს ტერმინი იხმარებოდა ადრინდელი მუსლიმების აღსანიშნავად, რომელთაც მუჰამადის სიცოცხლეში მიიღეს ისლამი, თან ახლდნენ სამხედრო ლაშქრობების დროს და მონაწილეობა მიიღეს არაბულ-მუსლიმური სახელმწიფოს შექმნაში. მოგვიანებით, ამ ტერმინმა შეიძინა ტექნიკური მნიშვნელობა. ასე უწოდებდნენ ყველას, ვისაც სიცოცხლეში ერთხელ მაინც, თუნდაც ბავშვობაში, ნანახი ჰყავდა მუჰამადი. ბოლო კომპანიონი, გადმოცემით, გარდაიცვალა ჰიჯრის 100/718 წლის შემდეგ და რა თქმა უნდა, პატარა ბავშვი იქნებოდა, როცა ნახა მუჰამადი. ასჰაბების ბირთვს შეადგენდნენ: მუჰაჯირები (არაბ. მხ. რ. ალ-მუჰაჯირ) _ მუსლიმები, რომლებიც 622 წ. ჰიჯრის დროს გადასახლდნენ მექიდან იასრიბში (მედინაში) და ანსარები _ (არაბ. მრ. რ. ალ-ანსარ) ისინი, ვინც დახმარება აღმოუჩინეს მუჰამადს და მის თანმხლებ მუსლიმებს მედინაში და მიიღეს ისლამი. ასჰაბებს შორის იყვნენ სრულიად სხვადასხვა ადამიანები: ღარიბები და მდიდრები, მონები და თავისუფლები. რელიგიური თვალსაზრისით, ასჰაბების ყველაზე დიდი დამსახურება იყო ის, რომ მათ პირველებმა აღიარეს მუÐამადი მოციქულად, მის სიცოცხლეშივე მიიღეს ისლამი და შევიწროება განიცადეს ისლამის რწმენის გამო.

Advertisements

38 responses to “მუჰამადი [ბიოგრაფია; მოღვაწეობა]

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

infolab.ge

Just another WordPress.com site

EdulaB

Your Way in Education

iranisti's blog

ირანისტის ბლოგი

USA TODAY College

Preparing students for tomorrow with USA TODAY

Entertainment

What’s good, bad and happening, from pop culture to high culture

ninia's

,,ისეთი სიტყვა მინდა დავწერო, შენ რომ გაიგებ"

gabo.ge

ადამიანი კიბერსამყაროდან

%d bloggers like this: