იაჰია ჰაკკი – “უმ ჰაშიმის კანდელი”


იაჰია იბრაჰიმ ჰაკკი (1905-1992) XX ს-ის ცნობილი ეგვიპტელი მწერალი, ნოველის ჟანრის ერთ-ერთი ფუძემდებელია ეგვიპტურ მწერლობაში.
ჰაკკი ძირძველი კაიროელი იყო, საიდა ზეინაბის უბანში დაბადებული. ,,უმ ჰაშიმის კანდელში“ კაიროს ამ ძველი უბნის აღწერა სწორედ მის ბავშვობისდროინდელ მოგონებებს აცოცხლებს შთამბეჭდავად მკითხველის თვალწინ.
,,უმ ჰაშიმის კანდელი“ თავად მწერლისთვის ნოველის მისეული ხედვის ხორცშესხმაა. მისი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი ნოველები სწორედ ისინია, რომლებშიც მოვლენები ვრცლად არ ვითარდება.
მთავარი ნოველაში მისი მორალი, მისი აზრია. ის, რაც მე ,,უმ ჰაშიმის კანდელში“ მაინტერესებს, _ აღნიშნავს ავტორი, _ ის მხატვრული სახეებია, აღმოსავლეთ-დასავლეთს რომ უპირისპირებს ერთმანეთს, მატერიალისტურსა და სულიერს, ადამიანთა ლეთარგიულ მდგომარეობასა და მოძრაობის დაუოკებელ სურვილს. ჩემთვის იმედისმომცემი ფაქტია, რომ ამ ნოველის ფასი უცხოურმა სალიტერატურო კრიტიკამ ისევე სცნო, როგორც ჩვენმა საკუთარმა. ყოველ შემთხვევაში, მე ჩემს მწერლობას დავახასიათებდი, როგორც მედიტაციურს, აღწერითს, ანალიტიკურს… წარმოსახვითი ელემენტი ჩემს ნოველებში სუსტია და ნაკლებმნიშვნელოვანი – წერს იაჰია ჰაკკი თავის ავტობიოგრაფიული ხასიათის ესსეში.
,,უმ ჰაშიმის კანდელი“ პირველად 1944 წელს დაიბეჭდა. მას შემდეგ არაერთხელ გამოიცა განმეორებით. თარგმნილია ინგლისურად, ფრანგულად, ესპანურად… ვფიქრობ, ქართველი მკითხველისთვისაც საინტერესო იქნება ამ დიდი მწერლის შემოქმედებასთან ზიარება.

=1=
ბაბუაჩემი შეიხი რეჯებ აბდულა ყმაწვილი იყო, როცა ოჯახის კაცებთან და ქალებთან ერთად კაიროში ჩამოვიდა მოციქულ მუჰამედის ოჯახთან დაკავშირებული სიწმინდეების მოსანახულებლად და ამით ღვთიური ლოცვა-კურთხევის მისაღებად. როდესაც საიდა ზეინაბის მეჩეთის1 შესასვლელს მიუახლოვდნენ, მამამისს ხელით უბიძგებია (თუმცაღა სხვათათვის მიბაძვის სურვილი ხელისკვრას სრულიად ზედმეტს ხდიდა) და ბიჭიც სხვებთან ერთად მეჩეთის მარმარილოს ზღურბლზე წამხობილა და კოცნით დაუფარავს იგი ისე, რომ მეჩეთში შემსვლელ-გამსვლელნი ლამის თავზე ფეხებით შესდგომიან. მათ ამ ქმედებას რომ შესწრებოდა ისეთი მორწმუნე, თავი უმწიკვლო ღვთისმოსავი რომ ჰგონია, პირს იბრუნებდა დროებაზე შემომწყრალი და ალაჰს შესთხოვდა, დაეფარა იგი ამ წარმართობის, ერესისა და უმეცრებისაგან. ხალხის უმრავლესობას რაც შეეხება, მათ ეღიმებათ ამ სოფლელი ხალხის გულუბრყვილობაზე, სამოსელზე რძის, მიწისა და თივის სურნელი რომ ასდით, რადგან ხვდებიან, ამ წმინდა ადგილისადმი პატივის მიგების რაოდენ მგზნებარე სურვილი ტრიალებს მათ გულში, რომ თავიანთი გრძნობების გამოხატვის სხვა გზა, _ გარდა იმისა, რასაც აკეთებენ, _ ვერ უპოვიათ. საქციელს ხომ გულის წადილი განაპირობებს!
ყმაწვილი ბაბუაჩემი კაიროში ლუკმა-პურის ძიებაში გადასახლდა და რა გასაკვირია, რომ საცხოვრებელი თავისი საყვარელი მეჩეთის რაც შეიძლება ახლოს შეირჩია. ასე დაფუძნდა სავაკუფო უძრავი ქონების2 ძველ სახლში, მეჩეთის უკანა მხარეს მდებარე განსაბანველს3 რომ გადაჰყურებდა. შესახვევს ასეც ერქვა _ განბანვის შესახვევი. ერქვა-მეთქი იმიტომ ვამბობ, რომ ქალაქის დაგეგმარების სამსახურის დამანგრეველმა ძალაყინმა კაიროს სიძველეებთან ერთად ისიც მოასწორა მიწასთან. და როს უგნურმა ძალაყინმა გადაუარა, მოედანს მთელი და უვნებელი შერჩა სული, წარმატებული ნგრევა-განადგურების მსხვერპლი კი მხოლოდ აგური და ქვა აღმოჩნდა!
შემდეგ ბაბუაჩემმა ასევე ამ მოედანზე გახსნა მარცვლეულის მაღაზია. ასე ცხოვრობდა ჩვენი ოჯახი სით ზეინაბის4 მფარველობის ქვეშ, მისი დღესასწაულები და ზეიმები ჩვენი დღესასწაულები გახდა, მეჩეთის მუეზინი კი ჩვენი საათი, რომელზეც დროს ვასწორებდით.
მაღაზია გაფართოვდა და ბაბუაჩემმა ბარაქა ნახა მასში, ეს ყველაფერი კი უმ ჰაშიმის წყალობით! ბაბუას უფროსმა ვაჟმა დაამთავრა თუ არა მეჩეთთან არსებული დაწყებითი რელიგიური სკოლა (ქუთთაბი), მამამ მაშინვე თავის ბიზნესში ჩართო იგი, რათა დამხმარედ ჰყოლოდა. მეორე ვაჟს რაც შეეხება, ის ალ-აზჰარში შევიდა, წლები დაჰყო იქ და წარმატებებს ვერ მიაღწია, შემდეგ ჩვენს სოფელში დაბრუნდა რელიგიურ სკოლაში (ქუთთაბში) ყურანის კითხვის მასწავლებლად. დარჩა უმცროსი ვაჟი _ ბიძაჩემი ისმაილი _ ბოლო იმედად, რომელსაც ბედი და მამამისის გაზრდილი ქონება უფრო ნათელ და უკეთეს მომავალს უმზადებდა. თავდაპირველად, როდესაც მამამ ყურანის გაზეპირება აიძულა და ალ-აზჰარისკენ5 უკრა თავი, ალბათ შეშინდა, რადგან ხედავდა, მოედნის პატარა ბიჭები როგორ დასდევდნენ ჩალმოსან ყმაწვილებს დამამცირებელი შეძახილით:
_ დაიჭი ჩალმა, დაიჭი, ჩალმის ქვეშ მაიმუნია…
მაგრამ ბაბუაჩემმა _ შეიხმა რეჯებმა იმედით სავსე გულით მიაბარა იგი სახელმწიფო სკოლას, რომელიც იმ დროს დახმარებას უწევდა ბიჭს მისი რელიგიური აღზრდისა და პროვინციული წარმოშობის გამო. მალე გამორჩეულიც გახდა თავისი თავაზიანობით, გაწონასწორებულობით, მასწავლებელთა პატივისცემითა და ამასთან ერთად მოკრძალებულობითა და დიდი მოთმინებით. თუ ჩაცმაში დახვეწილობა და ელეგანტურობა აკლდა, სამაგიეროდ სისუფთავე არასოდეს დაჰკლებია. თანაც ის უფრო ვაჟკაცურიც იყო და ენაგამართულიც, უფრო ხატოვნად მოსაუბრე, ვიდრე მისი განებივრებული თანაკლასელები _ ეფენდების შვილები, ენა რომ ებმოდათ და აზრის ცხადად გადმოცემა არ შეეძლოთ. დიდხანს არ გაუვლია, რომ უკან მოიტოვა თანატოლები და თავისი კეთილშობილებით ისე გამობრწყინდა მათ შორის, თვალს არ შეეშლებოდა მისი გამორჩევა.
ოჯახის მთელი იმედი მასზე იყო. ჯერ ისევ ყმაწვილი იყო, რომ მხოლოდ ბატონობით მიმართავდნენ: სი ისმაილს6, ისმაილ ეფენდის ეძახდნენ და დიდი კაცივით ექცეოდნენ. საუკეთესო საჭმელი და ხილი მისთვის იყო. სამეცადინოდ რომ დაჯდებოდა, საღამოს ლოცვების ხმამაღლა კითხვით გართული მამა მაშინვე ხმას დაუწევდა ლამის უნაზეს, მთრთოლვარე ჩურჩულამდე. დედა თითის წვერებზე დადიოდა, თვით დედ-მამით ობოლმა მისმა ბიძაშვილმა ფატიმა ან-ნაბავიამაც კი ისწავლა, როგორ უნდა შეეწყვიტა ენის ჭარტალი და მდუმარედ მჯდარიყო მის წინ, თითქოს თავად მონა-ქალი იყო, ეს კი ბატონი. ისე მიეჩვია საღამოების ისმაილთან ერთად გატარებას, თითქოს ბიჭის გაკვეთილები მისი სამეცადინო ყოფილიყოს. მისჩერებოდა ყმაწვილს თავისი მტკივანი, ქუთუთოებჩაწითლებული თვალებით, თან თითები ხელსაქმეს ერთ რიტმში შეუჩერებლად მისდევდნენ. ვინ ეტყოდა ისმაილს: ყურადღებით დააკვირდი ამ ორ ხელს, როგორ შეუმჩნევლად ჩაბუდებულა მათში უცნაური სიცოცხლე, ფხიზელი გრძნობა, გათვითცნობიერებული აღქმა?! ნუთუ არ გესმის, ვერ ხვდები, რომ ბრმა მხედველს მაშინ ემსგავსება, როცა მისი ხელები იძენენ ხედვის უნარს.
_ ადექი, დასაძინებლად წადი, ფატიმა!
_ ჯერ ადრეა, არ მეძინება!
დროდადრო გოგოს თვალი აუწყლიანდებოდა და ჩამოგორებულ ცრემლში ბიჭის სახეს გაურკვეველ ლანდად ხედავდა. ცრემლს სახელოს ბოლოთი მოიწმენდდა და ისევ თვალმოუშორებლად შეაცქერდებოდა. მისთვის სიბრძნე ისმაილის პირიდან იფრქვეოდა, მისი ნაუბრიდან.
ო, ღმერთო! როგორ იტევენ წიგნები ამდენ საიდუმლოს, ამდენ გამოცანას? ან ენას როგორ ძალუძს უცხოთა ენაზე საუბარი? და რაც უფრო იზრდებოდა ყმაწვილი მის თვალში, მით უფრო იკუნტებოდა და პატარავდებოდა თავად მის წინაშე. ხანდახან ისმაილის მზერა შეიძლება მის ნაწნავებზე შეჩერებულიყო ერთხანს ჩაფიქრებით და ღიმილით: ოჰ, ეს გოგოები! ნეტავ იცოდნენ, რა ცარიელი თავები აქვთ!
ყმაწვილი საწოლს რომ მიაშურებდა, მაშინ და მხოლოდ მაშინ გრძნობდა ოჯახი, რომ მათმა დღემ განვლო, დასრულდა და მაშინვე იწყებდნენ ფიქრს იმაზე, თუ რა დასჭირდებოდა ბიჭს ხვალ. მთელი მათი ცხოვრება და მოქმედება მისთვის კომფორტის შექმნას ემსახურებოდა. თაობა თავს სწირავდა იმას, რომ მათი შთამომავლობის ერთი წევრი მოვლენოდა ქვეყანას _ ეს ისეთი ძლიერი სიყვარული იყო, ცხოველურ ინსტინქტში რომ გადადის! შეშფოთებული დედალი ჩადარაჯებული, ფრთხილი მზერით რომ წევს კვერცხებზე უმოძრაოდ და თვინიერად, თითქოს მლოცველი მონაზონი იყოს… ნუთუ ასეთი მსხვერპლი მეტისმეტი, ზღვარსგადასული კეთილშობილება იყო, თუ ვინმე თავკერძა ტირანისთვის შესაწირი ჯიზია, რომელსაც თავისი ნება ყოველ ყელზე რკინის ყელსაბამად და ყოველ ფეხზე რკინის ბორკილად შემოეხვია?! ეს ოჯახი თავის ბიჭს ჩასჭიდებოდა, თავისუფლება და ნებაწართმეული ებღაუჭებოდა მას და უფალს გაფიცებთ, რა იყო ამაში მშვენიერი?! ამ კითხვაზე პასუხი ჩემი გულია, რომელსაც როგორც კი იმ შორეული წარსულის დღეები წარმოუდგება, მაშინვე ამიფრთხიალდება ხოლმე მოგონებებით. თვალწინ დამიდგება ბაბუაჩემ შეიხ რეჯების სახე სიწმინდისა და სინათლის შარავანდედმოსილი. ხოლო ბებიაჩემი სით ადილა თავისი მიმნდობი, გულუბრყვილო ბუნებითა და კეთილშობილებით სისულელე იქნებოდა, ადამიანებში მიგეთვალათ! ასე რომ ყოფილიყო, მაშ ანგელოზები როგორებიღა იქნებოდნენ?! რა უსახური და საზიზღარი იქნებოდა წუთისოფელი, მისი თვინიერებისა და რწმენის მსგავსი რომ არ არსებულიყო ამქვეყნად!
=2=
წელი წელს მისდევდა და ისმაილი პირველობას იხვეჭდა კლასში. გამოცდების შედეგებს რომ გამოაცხადებდნენ, შარბათის ჭიქები ჩამოუვლიდა ხოლმე სამეზობლოს და მეტიც, გამვლელთაც კი ერგებოდათ ხოლმე. ტაამიას და ბისარას7 გამყიდველი ქალი უფლის სამადლობელ სიხარულის ყიჟინას დასცემდა ხოლმე. უსტა8 ჰასანი, უბნის აქიმი და პარიკმახერი, თავის ჩვეულ ფეხის ქირას მიიღებდა ხოლმე, ხოლო სით ადილა თავის საკმელს დაანთებდა და უმ ჰაშიმისთვის9 საზეიმო აღთქმის რიტუალს ჩაატარებდა. პურის კვერები დაცხვებოდა, მოხარშული ლობიოთი გამოივსებოდა, გამოვიდოდა უმ მუჰამედი10 და დაატარებდა ამ პურს თავზე შემოდგმული კალათით. მოედანზე გამოჩენილი არ იყო, რომ პურის კვერებს დაიტაცებდნენ და კალათი უმალ დაცარიელდებოდა ხოლმე. მოსასხამი გაუფრიალდებოდა, გამობრუნდებოდა დარცხვენილი, თან მოსასხამის ბოლოებში ფეხები ებლანდებოდა და გაბრაზებულს საიდას მათხოვრების ღორმუცელობაზე ეცინებოდა. მისი ეს თავგადასავალი ოჯახის ისეთი გასართობი და თავშესაქცევი ხდებოდა, რამდენიმე დღე პირზე რომ ეკერათ.
ასე იზრდებოდა ისმაილი ჯერ ალაჰის, შემდეგ კი უმ ჰაშიმის მფარველობის ქვეშ. მისი ცხოვრება უბანს და მოედანს არ გასცდენია. ყველაზე შორი გასეირნება ის იყო, ნილოსზე გასულიყო, რათა ან მდინარის ნაპირას გაევლო, ან ხიდზე შემდგარიყო. როს მოსაღამოვდებოდა და მზე მხურვალებას დაკარგავდა, მკაფიო გამოსახულებები და მკვეთრი კონტურები აცა-ბაცა მრუდდებოდა და ჩრდილებად იქცეოდა, მოედანი გამოიღვიძებდა, გონს მოეგებოდა და მნახველთა და უცხოთაგან დაცარიელდებოდა. და თუკი გულწრფელად მიუგდებდი ყურს, ღრმა, დაფარულ სუნთქვას გაიგონებდი, მოედანს რომ კვეთდა. ეს ალბათ სიდი ალ-ითრისი11 იყო, სით ზეინაბის მეჩეთის კარის მცველი. განა ეს მისი სახელი არ იხსენიება მსახურთა სახელებს შორის? ის ალბათ თავის სამყოფელშია, მთელი დღის ნამუშევარი ხელებიდან და ტანსაცმლიდან მტვერს იფერთხავს და ჩამოჯდება, რომ კმაყოფილებით ამოიხვნეშოს. და თუ გაგიმართლა და ეს ხვნეშა და სუნთქვა გაიგონე, გუმბათს ახედე ამ დროს. მოციაგე შუქის შარავანდედი ევლება მას თავს. ხან მიინავლება, ხან აკაშკაშდება, თითქოს სანათურს ქარი ეთამაშებაო. ეს სამლოცველოს თავზე დაკიდებული უმ ჰაშიმის კანდელია. აბა კედლები მის შუქს როგორ დაჩრდილავენ?
მოედანი ნელ-ნელა ხელახლა ივსება. მოფარფატებენ სახეზე სიყვითლეშეპარული, ძალღონეგამოლეული, თვალებჩამქრალი სილუეტები. ყოველ მათგანს აცვია ის, რისი შესაძლებლობაც აქვს, ან თუ გინდა იფიქრე, რომ ის ჩაუცვამს, რაც ხელთ მოხვედრია. ქუჩის გამყიდველთა შეძახილები ერთი სევდიანი მელოდიაა:
_ ჩემი მოყვანილი ლობიო!
_ პირი ტკბილეულით ჩაიტკბარუნე და მოციქულზე ილოცე!
_ აბა, ლობიო, ახალი ბოლოკი, ლობიო!..
_ კბილის საწმენდი ჩხირები, მოციქულ მუჰამედის დროიდან რომ იხმარება!..
ეს რა ფარულ ტირანიას უჩიოდნენ?! ეს რა ტვირთი დასწოლოდათ მკერდზე ყველას?! და მაინც, სახეზე ყველას ერთგვარი კმაყოფილება და ბედს შეგუებულობა ეწერა. რა იოლად ივიწყებენ! მრავალი გამოწვდილი ხელი იღებს მცირედ ყურუშებს12 და მილიმებს13. აქ კანონი, სტანდარტი და ფასი არ მოქმედებს. აქ მხოლოდ ნაცნობობა, ხათრი და შევაჭრება ჭრის. აქ შეიძლება საწყაო გაყალბებული იყოს და სასწორი სწორად არ წონიდეს, ამ ყველაფერზე კურთხევა აქვთ! მიწაზე ხალხი მწკრივებად სხედს, ზურგით მეჩეთის კედელს მიყრდნობიან, ზოგიც ტროტუარზე წამოწოლილა. აქ ვის არ ნახავ _ კაცს, ქალს, ბავშვს. არ იცი, ან საიდან გამოჩნდნენ, ან თვალს როგორ მიეფარებიან. ცხოვრების ხის ჩამოცვენილი ნაყოფი ამ ხისავე ქვეშ დამპალა. აქ მათხოვართა სკოლაა. პურის ნატეხებით სავსე ტომრით ზურგდამძიმებული ბიჭი გაჰყვირის:
_ ერთი ლუკმა პური, ღვთის გულისათვის, კეთილისმქმნელნო! მშიერი ვარ.
შუაგულ მოედანზე საიდანღაც უცაბედად ამოზრდილი ფეხშიშველი გოგო (ან თითქმის ფეხშიშველი) იძახის:
_ ჰოი თქვენ, ვინც შემოსავთ უმწეო ხნიერ მორწმუნე ქალს, მუსლიმნო, ალაჰიმც არ აჩვენებს სირცხვილს თქვენს ქალებს!
მისი მკივანა ხმა ფანჯრებისკენ იზიდავს სახეებს. მისი მომაჯადოებელი თვალები ატყვევებენ ფანჯრებიდან მომზირალ ქალებს და წვიმასავით მოდის ძონძ-მანძების გროვები. გოგო წამში თვალსა და ხელშუა ქრება და ვეღარ ხვდები, გაფრინდა თუ მიწამ უყო პირი.
სანელებლების ეს ბრმა გამყიდველი არაფერს მოგყიდის, თუ ჯერ სალამი არ უთხარი და მან კი ყიდვა-გაყიდვის დაკანონებული ფორმულები არ დაგაზეპირებინა.
დღე მიიწურება და მჟავეულობის გამყიდველი თავის კასრებს ასვენებს. ხარატის სამუშაო დღის განმავლობაში მუხლჩაუხრელი ფეხები ტოვებენ სამუშაო ადგილს, სამუშაო ინსტრუმენტებს, რომ საკუთარი პატრონი შინ მიიყვანონ. აქ ტრამვაი სისხლისმსმელი გარეული მხეცია, ყოველ დღე თავისი მონადირებული ნადავლი რომ მიჰყავს. მოდის საღამო, მორცხვი ნიავით მოცოცხლებული, ყავახანებიდან ისმის სიცილი, ზოგი ნაზი და ზოგიც როხროხა, ჰაშიშნარევი. თუ მოედნიდან მარასინას ქუჩის დასაწყისამდე დაეშვები, გაიგონებ მთვრალების ხმაურს ღვინის დუქან ,,ანასტასიდან“, რომელსაც უბნის ენამახვილმა მოსახლეობამ ,,თქვენს მოსვლას გაუმარჯოს!“ * შეარქვა. იქიდან ბარბაცით გამოსული აგზნებული მთვრალი გამვლელებს გადაეკიდება:
_ ერთი აქ ყველაზე ,,ამრევი“ ყმაწვილი დამანახეთ!
_ ჰეი, შენ! ჯანდაბამდე გზა გქონია!
_ შეეშვით მაგ უბედურს!
_ უფალიმც შეიწყალებს და მონანიების სურვილს გაუჩენს!
მოედნის სევდიანი, დაღლილი აჩრდილები რაღაც ერთგვარი სიხარულით და ხალისით ამოძრავდებიან. არ არის საწუხარი ამქვეყნად. მომავალი უფლის ხელშია. სახეები სიყვარულით უახლოვდებიან ერთმანეთს. შეწუხებული ივიწყებს საწუხარს და ბოლო კაპიკებს ნარგილეს მოწევაში თუ კარტის თამაშში ფლანგავს. იყოს რაც იქნება! იკლებს სასწორთა თასების ჩახაჩუხის ხმები, ხელის ურიკები თვალს მიეფარება, შენობებში სანთლები ქრება. სწორედ ამ დროს ამთავრებს ისმაილი მოედნის შემოვლას. მან ზედმიწევნით იცის ყოველი კუთხე-კუნჭული, ყოველი გოჯი და მტკაველი, ყოველი ქვა. მას არც გამყიდველის ძახილი ეხამუშება, არც მისი ადგილ-სამყოფელი. ხალხის ბრბო გარს ეხვევა მას და ისიც ითქვიფება მათში, როგორც წვიმის წვეთი, რომელსაც ოკეანე შთანთქავს.
ის უკვე შეჩვეულია სურათებს, ერთმანეთს რომ გვანან და მეორდებიან. ამ სურათებს არანაირი გამოძახილი აღარ ახლავს მის სულში. არც ინტერესით აკვირდება, მაგრამ არც მობეზრებული აქვს. არც კმაყოფილებას ანიჭებს, მაგრამ არც აღიზიანებს. ის მასაში ისე არ გამოირჩევა, რომ მისმა თვალმა ცხადად აღიქვას მასა. ვინ ეტყვის მას, რომ ყოველივეს, რაც კი ესმის და ვერ კი მიმხვდარა, რა ხმებია, რასაც კი მისი მზერა ეცემა და ვერ კი გაურჩევია ჩრდილებში, საოცარი ძალა აქვს, შეუმჩნევლად შეიპაროს გულში, გზა ჩუმად გაიკვალოს და იქ დაისადგუროს, მის სიღრმეებში ჩააღწიოს და ერთ დღესაც მისი შემადგენელი ნაწილი გახდეს! ხოლო ახლა მისი მზერა არაფრით გამორჩეულია. ხედავს იმას, რასაც უმზერს, ისე, როგორც ყოველი ჯანმრთელი თვალი.

=3=
სრულწლოვანების ასაკი მოახლოვდა და მისი სხეულიც ისე ათუხთუხდა, თითქოს ამას ვიღაც აიძულებსო, თვითონ კი გასაწეწი ნადავლი იყო მიზიდულობისა და განზიდულობის ძალებს შორის. ხალხს გაურბოდა და ლამის გაეგიჟებინა საკუთარ მარტოობას. უცნაური სიამოვნების შეგრძნება დაეწყო, როცა მეჩეთში მოსიარულე ქალებს შორის გაძვრებოდა ხოლმე სივიწროვეში, განსაკუთრებით კი ქალების ვიზიტის დღეს. ასეთ ჭყლეტვაში სამოსის მნიშვნელობა მისთვის მხოლოდ შიშველი სხეულების ერთმანეთისგან გამიჯვნა იყო. ის ამ სხეულებს მსუბუქი მიხლით ან წამიერი, ნაპერწკალივით შეხებით გრძნობდა. ბიჭი ამ სხეულთა შორის განიცდიდა მოცურავის სიამოვნებას გამდინარე ნაკადში, როცა ის წყლის სისუფთავეს არად დაგიდევთ… ოფლისა და პარფიუმის სუნი კი არ აფრთხობდა, პირიქით, ძაღლის გეშით შეიყნოსავდა მას. მეჩეთში ქალების ვიზიტის დღე მსუბუქი ყოფაქცევის ქალების გარეშე როგორ ჩაივლიდა! სიდი ალ-ითრისს ნაბრძანები ჰქონდა, არავინ გაეძევებინათ მეჩეთის ეზოდან, თვით მეძავი ქალებიც კი, სამლოცველოში სანთლის დასანთებად ან მიცემული აღთქმის შესასრულებლად მოსულნი, ეგების ალაჰს მონანიების სურვილი გაეჩინა მათთვის და მათი შუბლებიდან ის წარეხოცა, რაც მათ წილხვედრ ბედს წაეწერა! ბიჭი მათ ადრეც ხედავდა, მაგრამ ვერ ცნობდა. ახლა კი ფეხდაფეხ აედევნებოდა ხოლმე მათ, თვალმოუცილებლად მისჩერებოდა და მზერას ვერ სწყვეტდა. მისი განსაკუთრებული ყურადღებით ერთი თმახუჭუჭა, შავგვრემანი, თხელტუჩება გოგო სარგებლობდა, ყოველ ქალთა ვიზიტის დღეს რომ დადიოდა. ეს ნაიმა იყო, თავისი თანამოსაქმეთაგან სიწყნარითა და თხელი ტანით გამორჩეული. ყველა ეს ქალი დუნედ, მოწყვეტით, დაუდევრად მოაბიჯებს, ის კი მიზანდასახულად, როგორც საკუთარი თავის ბატონ-პატრონი.Hმკლავები გვერდზე, ტანის გასწვრივ მიაქვს გაჭიმული, იდაყვებით სხეულის მხარეს შებრუნებული. თუკი ყურადღებით დააცქერდები, ვერას იპოვი მასში მეძავისას, გარდა დაცემის ნიშნად ჩამოყრილი, დამსხვრეული მკლავებისა, თუმც კი შიგნით გულით დაჰქონდა ბიწიერების საიდუმლო.
ისმაილს ეღიმებოდა, როცა შეიხ დარდირის _ სამლოცველოს მსახურს ამ ქალებს შორის ხედავდა, როგორც მამალს ქათმებში. ის მათ სათითაოდ ცნობდა. არმოსულებს მოიკითხავდა, ერთს სანთელს გამოართმევდა, მეორეს გზას გაუთავისუფლებდა შესაწირავის ყუთისაკენ. მოულოდნელად კმაყოფილება გაბრაზებით შეეცვლებოდა, დაჰყვირებდა ქალებს და გასასვლელისკენ უბიძგებდა მათ. მასთანვე მიდიოდა ქალი თუ კაცი უმ ჰაშიმის კანდელის წმინდა ზეთის სათხოვნელად თავიანთი ან ახლობელთა თვალების სამკურნალოდ. ეს წმინდა ზეთი კურნავს მხოლოდ მათ, ვისი გონებაც რწმენით არის გასხივოსნებული და ამგვარი გონების დაკარგვასთან ერთად მხედველობა სამუდამოდ იკარგება. ხოლო ვინც არ იკურნება, ეს ზეთის უძლურების ბრალი როდია, არამედ იმის, რომ უმ ჰაშიმმა აღარ მოინდომა მისი შეფარება თავისი წყალობის კალთის ქვეშ. შესაძლოა, მისი ცოდვების სასჯელად და შესაძლოა იმიტომ, რომ ჯერაც ვერ განწმენდილა უწმინდურებისგან და უკეთურებისგან. მან უნდა დაითმინოს, იცადოს და განაგრძოს ხშირი სიარული სამლოცველოში. რამეთუ მოთმინება არა მხოლოდ ამქვეყნიური ძალისხმევის და ბრძოლის საფუძველია, არამედ ასევე ერთადერთი გზაც საიქიოსკენ.
ეს წმინდა ზეთი შეიხ დარდირის ნოყიერი პური არსობისაც გახლავთ, თუმც კეთილდღეობის კვალი მას ზედ არ ატყვია. მისი ჭუჭყიანი ჯილბაბი ისევ ისაა და მისი მტვრიანი ჩალმაც ასევე უცვლელია. ნეტავ თავის ფულს რას უნდა უშვრებოდეს?! სამარხის ქვის დაფის ქვეშ ხომ არ ფლავს? როგორც მისი კოლეგები სდებენ ბრალს, ის ამ ფულს ჰაშიშის წევაში უნდა ანიავებდეს და ამ მტკიცების საფუძველს მისი გაუთავებელი ხველა და ჭკუამხიარული ბუნება აძლევთ, სულ ხუმრობა-მასხრობაზე რომ უჭირავს თვალი. სინამდვილე კი ის გახლავთ, რომ შეიხი მეტად ხშირად ეყრება ცოლებს და ასევე ხშირად ქორწინდება. წელი არ გაივლის, რომ ვინმე ახალი გოგო არ მოიყვანოს!
ისმაილმა ის გაიცნო სამლოცველოში ხშირი სიარულისას. ჩვევად ექცა, მწუხრის ლოცვის შემდეგ ღამ-ღამობით ხშირად შეევლო ხოლმე მისთვის, რომ თავი შეექცია მასთან საუბრით. კაცს ბიჭის მიმართ სიმპატიის და მზრუნველობის გრძნობა გაუჩნდა, სწორედ ამ გრძნობამ გაამხელინა მისთვის ერთ ღამეს საიდუმლო, რომელიც მის გარდა არავისთვის უთქვამს:
სი ისმაილ, იცი, ერთ მშვენიერ დღეს პარასკევის ღვთისმსახურებაზე მოვლენ ჩვენი ბატონი ჰუსეინი14, იმამი აშ-შაფიყი15, იმამი ალ-ლაისი16, პატივით მიეგებებიან საიდა ფატიმა ან-ნაბავიას17, საიდა აიშას18, საიდა საქინას19 ცხენოსანთა ესკორტით, მათ თავზე იფრიალებს მწვანე დროშები, მათი სახელოებიდან მუშკისა და ვარდის სურნელი დაიფრქვევა. თავიანთ ადგილებს დაიკავებენ სით ზეინაბის მარჯვნივ და მარცხნივ, სამსჯავროს მოაწყობენ და ხალხის საჩივრებს განსჯიან. თუ მოისურვებენ, ყველა უსამართლობას მოსპობენ, მაგრამ ამის დრო ჯერ არ დამდგარა, რადგან არ არსებობს დაჩაგრული, თან ამასთანავე მჩაგვრელი რომ არ იყოს. მაშ, როგორ უნდა დაისაჯოს იგი? იმ ღამით ეს პატარა კანდელი, სამლოცველოს თავზე რომ ხედავ და ძლივს რომ ანათებს, მაშინ თვალისმომჭრელ ელვას გადმოაფრქვევს. და იმ დროს მე ვერ შევძლებ, თვალი გავუსწორო მას. იმ ღამინდელ კანდელის ზეთში იქნება განკურნების საიდუმლო, ამიტომაც იმ ზეთს მხოლოდ იმ დავრდომილებს მივცემ, ვინც მეცოდინება, რომ ამას იმსახურებს.
ისმაილი გონებაგაფანტული იყო, იმ ტუჩებმოკუმულ შავგვრემან გოგოზე ფიქრობდა, გამოაფხიზლა შეიხ დარდირმა, კანდელზე თითით რომ ანიშნებდა: კანდელი იყო მინავლული, მთვლემარე, როგორც დამშვიდებული თვალი, რომელმაც დაინახა, შეიცნო და დაწყნარდა. მისი მიბნედილი შუქი სამლოცველოს ისეთ ნათელს მატებდა, როგორსაც დედის ნათელი სახე ასხივებს, როცა თავის ყრმას ძუძუთი კვებავს, რომ მან დედის მკლავებში ჩაიძინოს. კანდელის ალის ციმციმი დედის ნაზ გულისცემას ჰგავდა, ან მის მიერ ჩურჩულით აღვლენილ ღვთის სამადლობელს, რომელიც სამლოცველოს თავზე დაფარფატებდა, თითქოს მოწიწებით შორიდან იცავსო მას. ხოლო საკიდი ჯაჭვი კი ფიქცია იყო თითქოს და საბაბი… ნებისმიერი შუქი იუწყება სიბნელესა და სინათლეს შორის შეტაკებას _ სიბნელეს, რომელიც უტევს და სინათლეს, რომელიც თავს იცავს; ნებისმიერი, გარდა ამ კანდელისა, ის ყოველგვარი ბრძოლის გარეშე ანათებდა. არც აღმოსავლეთი იყო აქ და არც დასავლეთი, არც დღის ნათელი და არც ღამე, არც გუშინდელი დღე და არც ხვალინდელი…
ისმაილს გული შეუკრთა, ოღონდ თავადაც არ უწყოდა, რა მოხვდა გულზე.

= 4 =
მისი მომწიფების ასაკს საბაკალავრო წელიც ზედ დაერთო. ისმაილი გამოცდიდან გამოვიდა გულისცემააჩქარებული და ეჭვებით სავსე. შედეგი გამოცხადდა და, აი, ის გასულია, ოღონდ წარმატებულთა სიის კუდში.
მისი საკუთარი სურვილი და მთელი ოჯახის იმედი ის იყო, რომ მედიცინის სკოლაში შესულიყო, მაგრამ მისი შედეგებით მედიცინის სკოლის კარები მისთვის დახურული აღმოჩნდა. ახალი წელი მოახლოვდა, მას კი გადაწყვეტილება ჯერაც არ ჰქონდა მიღებული, მისთვის მხოლოდ მასწავლებელთა მოსამზადებელი კოლეჯის კარი იყო ღია, ან საბაკალავრო წელი თავიდან უნდა გაევლო და ცხოვრების ეს ერთი წელი უმიზნოდ დაეკარგა. მას კი არც ერთის გაკეთება სურდა და არც მეორის. შეიხი რეჯები თავის ვაჟზე ნაკლებ შეშფოთებული და დაბნეული როდი იყო! როგორ მოელოდა ზოგი მისი ნაცნობი, რომ იგი დაკმაყოფილდებოდა შვილის განათლების იმ დონით, რომელსაც მან მიაღწია და ბაკალავრის ხარისხით დაასაქმებდა, თუ ვერაფერში დაეხმარებოდა, შეუმსუბუქებდა მაინც მდგომარეობას! მათ რომ სცოდნოდათ, როგორ მტკიცედ ჰქონდა შეიხ რეჯებს მიზნად დასახული, შვილისთვის წინა რიგებისკენ ებიძგებინა! სად აღარ დადიოდა გამოსავლის ძებნაში… არ ვიცი ვინ, მაგრამ ვიღაცამ უთხრა:
_ შენს ვაჟს რატომ ევროპაში არ გაგზავნი?
შეიხმა რეჯებმა მთელი ღამე წრიალსა და მოუსვენრობაში გაათენა. იცოდა, რომ ეს გადაწყვეტილება 10-დან 15 გინეამდე დაუჯდებოდა თვეში, გარდა იმ აუცილებელი დანახარჯებისა, რომელიც პირველ რიგში დასჭირდებოდა მის ვაჟს _ გზის და იმ სამოსისთვის, ჩრდილოეთის სიცივისგან რომ დაიცავდა. ან როგორ გადაიტანდა ვაჟთან განშორებას?! ან დედამისი თუ იქნებოდა ამაზე თანახმა?! თუ დედის მზრუნველობა და სიყვარული ისმაილის მომავლის სასარგებლოდ გადასწონიდა? ან თვითონ რამდენად შესძლებდა ამ თანხის ყოველთვიურად რეგულარულად გადახდას? და თუ ამას გააკეთებდა, მთელ ოჯახს მხოლოდ საარსებო საშუალებაღა დარჩებოდა ხელმოკლედ ცხოვრებისათვის. და როდემდე გასტანდა ეს? ექვსი თუ შვიდი წელი? სასტიკი და დაუნდობელი დრო მის წისქვილზე არ ასხამდა წყალს. მწუხრის აზანის20 ხმა როგორც გაიგო, ამასობაში ისე ჩაესმა რიჟრაჟის აზანიც. შემდეგ ჩასთვლიმა და ამ ხანმოკლე ძილში ჩაესმა ნაზი ხმა:
_ ალაჰს მიენდე!..
გამოეღვიძა და გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდა. დედა მიხვდა, რომ ვაჟთან განშორება გარდაუვალი იყო და უხმოდ დაეთანხმა, თუმცა ქვითინი არ შეუწყვეტია. მერედა საით? უცხოეთში! ეს სიტყვა, თავისი მაგიური ჟღერადობით, როგორც გაურკვევლობისა და მოუსვენრობის სული, ისე შეიპარა სახლში, სადაც ყურანის რეჩიტატივით კითხვა არ შეწყვეტილა და სადაც შარიათი21 არის ჭეშმარიტებაცა და ცოდნაც. ამ სულმა სახლის ერთ პატარა კუთხეში დაიბუდა და თავს გადაეფარა მას, გაფართოვდა-გაიწელა და გამარჯვებული და კმაყოფილი ძილს მიეცა. უცხოეთი! მამა ისე წარმოთქვამდა მას, თითქოს ის ურწმუნოს მიერ გაღებული მოწყალება ყოფილიყო, რომლის გაღებასაც ის უნდა დასთანხმებოდა, სხვა გზა არ ჰქონდა. დედას რაც შეეხება, ის ამიერიდან ოკეანის შიშმა შეიპყრო და სიცივის კანკალმა აიტანა, მას უცხოეთი სადღაც იმ მაღალი კიბის კენწეროში წარმოედგინა, რომელიც მთავრდება თოვლით დაფარული მიწით და რომელზეც სახლობენ ხალხები, რომელთაც ჯინთა მოხერხება და ეშმაკობები აქვთ. რაც შეეხება ფატიმა ან-ნაბავიას, მას გული ამოვარდნაზე ჰქონდა, რადგან გაეგონა, რომ ევროპელი ქალები ნახევრად შიშვლები დადიოდნენ და ყველანი მეტად დახელოვნებულნი იყვნენ კაცების მოხიბვლასა და ცდუნებაში. და თუ ისმაილი გაემგზავრებოდა, ფატიმამ არ იცოდა, როგორი დაბრუნდებოდა უკან, თუკი საერთოდ დაბრუნდებოდა.
მამამ შეაგროვა ფული, რისი შეგროვებაც კი შეძლო. დედამ თავისი სამკაული გაყიდა და გასამგზავრებელი ბილეთი და თბილი ტანსაცმელი უყიდა ვაჟს, რომელიც მას ევროპის სიცივისგან დაიცავდა. გამგზავრების დრო მოახლოვდა და აი, გამოთხოვების ჟამიც დადგა.
მდუმარე და სევდიანი ოჯახი შეიკრიბა. გულები უფართხალებდათ და თვალებზე ცრემლი მოსდგომოდათ.
მამამ დაიწყო:
_ ჩემი რჩევა და დარიგებაა, უცხოეთში ისე იცხოვრო, როგორც აქ ცხოვრობ, შენი რელიგიისა და მისი მოთხოვნების ზედმიწევნით დაცვით. თუ ერთხელ მაინც გამოიჩენ დაუდევრობას, არ იცი, სად მიგიყვანს შენი ეს უყურადღებობა. ჩემო ბიჭო, ჩვენ გვინდა, რომ წარმატებული დაგვიბრუნდე, ხალხის წინაშე რომ არ შეგვარცხვინო. მე სიბერის პირას მისული კაცი ვარ და მთელ ჩვენს იმედებს შენზე ვამყარებ. გაფრთხილდი, არ გაცდუნონ ევროპელმა ქალებმა! ისინი შენთვის არ არიან და შენ მათთვის.
შემდეგ ცოტა ხნით გაჩუმდა და ისევ განაგრძო:
_ იცოდე, მე და დედაშენი შევთანხმდით, რომ ფატიმა ან-ნაბავია შენ დაგელოდება. შენ ყველაზე შესაფერი ხარ მისთვის და ის კი შენთვის ყველაზე ღირსეული. ის შენი ბიძაშვილია და შენს მეტი არავინ ჰყავს. და თუ ისურვებ, ალ-ფათიჰას22 ერთად წავიკითხავთ დღეს, რათა ღმერთმა ქნას, ღვთის წყალობა და წარმატება ყოფილიყოს შენი თანამგზავრი შენს მოგზაურობაში.
ისმაილს თანხმობის მეტი აღარაფერი დარჩენოდა. ხელი მამას ჩაუდო ხელში და მასთან ერთად ალ-ფათიჰა წაიკითხა, მათ შორის კი ამ დროს იდგნენ მტირალი დედა და დაბნეული ქალიშვილი, რომელმაც აღარ იცოდა, მწუხარებას მისცემოდა თუ გაეხარა.
ისმაილმა იცოდა, ადრე თუ გვიან დადგებოდა დღე, როცა ალ-ფათიჰას წაიკითხავდა, მაგრამ არ ელოდა, რომ ეს საღამო მოხდებოდა. ის ფატიმა ან-ნაბავიასთან ერთად გაიზარდა. და-ძმასავით იყვნენ და ნაკლებ უყურებდა მას იმ თვალით, როგორც იმ თავის შავგვრემან გოგოს.
დაბნეულმა წაიკითხა ალ-ფათიჰა, მამისთვის გულის მოსაგებად და სურვილის შესასრულებლად, გული ეუბნებოდა: შეასრულეო შენი აღთქმა და ვალი, ის კი პასუხობდა: ,,რატომ, რატომ?“ ეს ყველაფერი საიდუმლოებით მოცული, გაურკვეველი იყო მისთვის, რადგან აქამდე წმინდა იყო და უმწიკვლო, ქალთან სიახლოვე ჯერ არ ჰქონოდა. ის ნამდვილად იცრუებდა, _ და ისმაილი კი არ ცრუობდა, _ ¬თუკი უარყოფდა, რომ მას ის შავგვრემანი გოგო სწყუროდა, საერთოდ ყველა ქალი და ბოლოს, განსაკუთრებით ევროპელი ქალები!
= 5 =
ისმაილი ზოგიერთ მეგობართან გამოსამშვიდობებლად გავიდა, შემდეგ მოედანს მიაღწია, როცა მზის ჩასვლა მოახლოებული იყო… მისი ყური როგორც კი შეეძლო, ისე ხარბად იჭერდა გამყიდველთა შეძახილებს, რომელთაც ის შეჩვეული იყო და კარგად იცნობდა. მას მოეჩვენა, რომ მოედანზე მოძრაობა ისეთი არ იყო, როგორსაც იცნობდა. ხალხს თითქოს უფრო სწრაფად დაეწყო სვლა. რა სჭირდათ, რომ აღარაფერს აქცევდნენ ყურადღებას, ნუთუ ცხოვრება მხოლოდ სისწრაფეში შეჯიბრია?! როგორ უნდოდა, გაჩერებულიყო ვინმე იმათგანი, ასე რომ მიისწრაფვოდნენ სადღაც, გამოლაპარაკებოდა მას, მაგრამ მისთვის ზედ არავის შეუხედავს. ჭიანჭველებივით მოფუსფუსე ხალხი მოედანზე ხან ერთმანეთს აწყდებოდა, ხანაც ერთმანეთის გასწვრივ მოძრაობდა და არე-მარეს, ყოველ კუთხე-კუნჭულს ედებოდა. ისმაილი ფეხებმა სამლოცველოსკენ წაიყვანა. უჩვეულოდ წყნარი და მდუმარე ეჩვენა იქაურობა. შეიხი დარდირი თავჩაქინდრული დახვდა, თითქოს ქანცგაწყვეტილი იყო, ან შიშით და ძრწოლით შეპყრობილი. ისმაილმა სამლოცველოს გარს შემოუარა და იმ ზღუდეს მიადგა, რომელიც საქალებოს გამოყოფდა საკაცებო ადგილისგან. მისი ყურადღება კედლის მიღმა მდგარმა ჩრდილმა მიიპყრო. ის შავგვრემანი გოგო იყო! შუბლით კედელს მიყრდნობოდა. ისმაილი იქვე გაშეშდა. გაიგონა, გოგო ჩურჩულით როგორ ამბობდა:
_ ო, უმ ჰაშიმ! ღვთისმოშიში ქალების მფარველო! თვალს ნუ დახუჭავ და პირს ნუ იბრუნებ ჩვენგან. წყალობის მთხოვნელი ხელი გამოწვდილია შენკენ და მიიღე იგი! ალაჰმა განგწმინდა შენ, მფარველად გექცა და თავის წალკოტში მიგიჩინა ბინა. შენი გული მართლაც თანაგრძნობითაა სავსე, და თუ დავრდომილთა, ჩაგრულთა და დაცემულთა არ მოგმართეს შენ, მაშ ვინ უნდა გეძიებდეს სხვა? და თუ დავიწყებულნი ვართ ჩვენ, მაშ გაგვიხსენე! როდის წარმეხოცება მე ის, რაც ბედისწერით მაქვს განჩინებული?! განა კმაყოფილებას გგვრის, რომ ჩემი სხეული მე არ მეკუთვნის და მტკივა კი არა, მგესლავს და მფლეთს?! აი ჩემი სული დამდაბლებული და შენს ზღურბლზე გართხმული, გონმიხდილია და გონს მოსვლა სურს. მას მერე, რაც ღვთის წყალობამ დამტოვა, იმ მძინარესავით ვარ, რომელსაც კოშმარები სდევენ, და რომელსაც სიცოცხლე და სიკვდილი ერთი ხელით ჩაუბღუჯავს. უფლის განჩინება მივიღე და მას ვემორჩილები. არ დავიკარგები, თუკი შენ აქ, ჩვენთან ხარ. და სულერთია, დიდხანს გასტანს ვადა თუ ღვთის წყალობა ახლოსაა, გაძლევ ფიცს, რომ იმ დღეს, როცა უფალი ჩემს მონანიებას მიიღებს, შენს წმინდა სამლოცველოს სანთლებით მოვრთავ, 50 სანთლით, ო, უმ ჰაშიმ, ალ-ჰუსეინის დავ!
გოგომ ტუჩები სამლოცველოს ზღუდეს შეახო. ეს კოცნა მისი ვაჭრობიდან კი არა, მისი გულიდან იყო მომდინარე. და ვინ ამტკიცებს, რომ არ შეიძლება ტიხარს მიღმა უმ ჰაშიმს ტუჩები ჰქონოდა მომზადებული კოცნაზე კოცნით საპასუხოდ?!
ისმაილმა დააპირა, მეჩეთიდან გამოსულიყო, დასწეოდა გოგოს და გამოლაპარაკებოდა, მაგრამ ნაბიჯი ვერ გადადგა წინ. სურდა, გული გადაეშალა მისთვის. მომენტი ოჯახთან და სამშობლოსთან განშორებისა, უცხოობასთან, მარტოობასთან და გაურკვევლობასთან პირისპირ დგომისა ნერვებს უწეწდა და გულს უტეხდა. რატომ კრთის სწორედ ამ ქალის დანახვაზე?! ხომ არ ცდება თავის წარმოდგენებში? არა, ფარულ შინაგან ხმას მის გულში სურდა, ხმა ამოეღო, ალაპარაკებულიყო და მიენიშნებინა მისთვის საიდუმლო, მაგრამ იყო ათას ერთი საფარველი, რომელიც ფარავდა და ახშობდა ამ ხმას. გოგოს ალბათ არ დაუნახავს იგი, არ უგრძვნია მისი იქ ყოფნა. ისმაილი გაოგნებულ-შეცბუნებული შეიხ დარდირისკენ გაქანდა, მისი რატრატი ბალზამად დაედებოდა გულზე. შეიხის სამლოცველოს სიჩუმეში დგომა, კანდელის შუქის ქვეშ, მისი ხელი, ხან ტიხარზე რომ ჩამოეყრდნობოდა და ხანაც სახეს რომ იწმენდდა, იყო ისმაილის ბოლო მოგონება, კაიროდან გამგზავრებულმა რომ წაიღო.
ყველაფერმა იმან, რაც თავს გადახდა სამლოცველოდან გამოსვლის შემდეგ, თხემით ტერფამდე დაუარა, როგორც მოვარდნილმა ძლიერმა ნაკადმა და ყველაფერი თან წაიღო, ამ დროს დრომ დაკარგა თანმიმდევრული წყობა, ხილულმა საგნებმა თავიანთი სიმეტრია, ხმებმა თავისი ნამდვილი ჟღერადობა და განსხვავებულობა. რა მწარე იყო ოჯახთან გამოთხოვება! ჯერ შინ, მოთქმა-ქვითინში, მერე სადგურში, მატარებელსა და პორტში მისი აურ-ზაურით, უცნობი გემითა და ამ გემის საყვირით. წარმომიდგენია, როგორი იქნებოდა გემის კიბეზე ამავალი ყმაწვილი ხნიერი ადამიანის სერიოზულობით, დინჯად მოძრავი, გამოუცდელი მზერით, დონდლო, გულუბრყვილო, ყველაფერი მასში რომ მიანიშნებდა _ ის სოფლელი იყო, ქალაქში თავს უცხოდ რომ გრძნობდა! შემდგომში ბიძაჩემი ისმაილი გამომიტყდა, რომ მაშინ თავის ბარგში ხის ქოშებიც მიჰქონდა, რადგან შეიხ რეჯებს სმენოდა, ევროპაში ლოცვის წინ განბანის რიტუალი რთული შესასრულებელი იყო, რაკი ხალხს იქ შინ ფეხსაცმლით სიარული ჩვევად ჰქონდა. მან ასევე ღიმილით აღმიწერა მაშინ რომ ატარებდა იმ თავისი ნიფხვის სიგრძე-სიგანე და მასში გაყრილი თოკი (მაჰალლავი). ასევე თან მიჰქონდა თურმე დედამისისა და ფატიმა ან-ნაბავიას გამომცხვარი ნამცხვრით სავსე კალათი.
და გემმა გაცურა.
= 6 =
შვიდმა წელმა განვლო და ხომალდი დაბრუნდა.
ვინაა ეს ელეგანტური, მტკიცედ აღნაგი, თავაწეული, სახეგაბრწყინებული ახალგაზრდა, ხტუნვით რომ ეშვება ხომალდის კიბეზე? ღმერთმანი, ეს ხომ თავად ისმაილია! ღმერთო დამიფარე! ეს დოქტორი ისმაილია, ოფთალმოლოგი, ინგლისის უნივერსიტეტების გამორჩეული წარმატებით და წარჩინებით კურსდამთავრებული. მისი პროფესორი ხუმრობით ეუბნებოდა:
_ სანაძლეოს ჩამოვალ, ფარაონების ქურუმი ექიმის სული ჩასახლდა შენში, მისტერ ისმაილ! შენ შენს ქვეყანას სჭირდები, ის ხომ ბრმების ქვეყანაა.
პროფესორი თვლიდა, რომ ისმაილის ცოდნა შთაგონებული იყო, ნათელი ხედვა კი ხანგრძლივ თაობათა სიმწიფიდან მომდინარეობდა, ხოლო თითების მოქნილობა კი მემკვიდრეობა იმ ხელებისა, სალი კლდიდან ისეთი ფიგურები რომ გამოუქანდაკებიათ, ლამის გაცოცხლდებიანო, გგონია!
წინ, ისმაილ! იჩქარე, ჩვენ შენი მონატრულები ვართ. ის შვიდი წელი, რაც შენ არ გვინახიხარ, საუკუნეებივით ნელა გავიდა. შენი წერილები, ჯერ ერთმანეთს რომ მისდევდა, შემდეგ კი უფრო და უფრო რომ გაიშვიათდა, ვერაფერს შველოდა ჩვენს საოცარ მონატრებას შენ მიმართ. გამოეშურე ჩვენკენ, მოგვევლინე სასიცოცხლო ძალად და მაცოცხლებელ წვიმად, დაიკავე შენი ადგილი ოჯახში, რომელიც დაგხვდება, როგორც უმოქმედო და ჟანგმოდებული იარაღი, რაკიღა ის, ვინც მას მოქმედებაში მოიყვანდა, შორს იყო მისგან. ო, ამ ოჯახმა რა ძალისხმევა არ დაიშურა შენთვის! შენ აცნობიერებ ამას?!
ჩამოსვლის წინა ღამეს ისმაილს ცუდად ეძინა. გემბანზე რიჟრაჟზევე ავარდა, რომ არ გამოჰპარვოდა, რა გამოჩნდებოდა პირველი ალექსანდრიის სანაპიროზე. ჰორიზონტზე არაფერი ჩანდა, მაგრამ ყნოსვით შეიგრძნო ნიავში უჩვეულო, მანამდე უცნობი სურნელი. პირველი, ვინც მას სამშობლოდან შეეგება, იყო არსება, რომლის სამშობლოც მთელი სამყაროა _ თეთრი ფრინველი, განმარტოებით მოფარფატე ხომალდის თავზე. თავისუფალი, მაღლა-მაღლა მფრენი, ქათქათა, დამოუკიდებელი. რატომ არის, რომ უკან დაბრუნებისას გემები თითქოს განზრახ ნელა მოძრაობენ, არადა როგორ ჩქარობდნენ გამგზავრებისას?! კეკლუცად ირწევიან დაბრუნებულნი და სულ არ ანაღვლებთ მგზავრები და მათი განცდები. ისმაილმა ოჯახს გემის ჩამოსვლის თარიღი დაუმალა, რომ მოხუცი მამისთვის ალექსანდრიაში მგზავრობის სიმძიმე აერიდებინა. გადაწყვეტილი ჰქონდა, ტელეგრამით შეეტყობინებინა მათთვის კაიროში მატარებლის ჩასვლის დრო. აი, წყლით გარშემორტყმული შუქურა! აი, ყვითელი სანაპირო ხაზი, ლამის წყლის დონეზე რომ ჩანს! ო, ეგვიპტევ, ხელისგულივით გადაშლილო ზღვისკენ, მხოლოდ სივრცის სიხალვათე რომ აქვს საამაყო! არც მზაკვრული რიფების ბარიერებია შენს წინ და არც დამაბრკოლებელი მთები შენს სანაპიროზე. შენ ხარ სამყოფელი, სადაც ყველაფერი შთაგინერგავს დაცულობის და უსაფრთხოების გრძნობას…
აი, პირველი ნავიც გამოჩნდა. მასში წვერგაჭაღარავებული, მოკაკვული მოხუცი, თავისი ნავის კიჩოზე მაიმუნივით დასკუპებული, თევზს იჭერდა. მისი ცისფერი ჯილბაბი, ან ოდესღაც ცისფერი, აწ დაფლეთილი და დაკემსილი იყო. ისმაილის მზერამ ახლა თავის გვერდით მდგომ ეგვიპტელ ქალზე გადაინაცვლა, მეთევზეს რომ დასცქეროდა და თვალები ცრემლით ავსებოდა. ისმაილმა გაიგონა მისი ჩურჩული:
_ ეგვიპტე! ეგვიპტე!
როგორ მიაქცევდა მას მეთევზე ყურადღებას, როცა ის მთლიანად გემს არ აქცევდა ყურადღებას. ამ გემის მსგავსი ბევრი იყო. ზოგი შემოდიოდა, ზოგი გადიოდა და ლამის მის ნავსაც დასჯახებოდნენ, მაგრამ სად ეს ხომალდი და სად ნავის ჩაკეტილი სამყარო, სამყარო, რომელიც დღიდან დღემდე ერთსა და იმავე წესს მისდევდა. ისმაილმა დააპირა, დაეძახა მოხუცისთვის, მისალმებოდა ან ცხვირსახოცი მაინც დაექნია. როგორ იმსხვრევა სტანდარტები და ინგრევა ლოგიკა ამგვარ წუთებში, როცა ემოციები იფეთქებს და გულები შეურყვნელად სუფთაა!
გემის სიკვდილის მაუწყებელმა საყვირმა იკივლა და მისი ცხედარი ადამიანური მოდგმის ჭიანჭველათა ჯარის ნადავლად იქცა, მას რომ შეესივნენ _ ჯარისკაცები და ოფიცრები, ათასი ჯურის ჩვენი თანამოძმე დამპყრობლები, თუმც კი ტარბუშიანები23, მებარგულები, ფულის გადამხურდავებლები, მნახველები. შემდეგ დაიწყო ჭეჭყვა და მუჯლუგუნები, ატყდა ხმამაღალი ძახილი, ხშირი ხვევნა-კოცნა. ისმაილი, ამ ნაკადის შუაში მოქცეული, მაგრამ არა წალეკილი, ხარბად იჭერდა და კრებდა ყველაფერს, რაც კი მასთან და მანამდე აღწევდა. ტუჩებზე ტკბილი, მშვიდი ღიმილი ეფინა, ყურები დაცქვეტილი ჰქონდა და მზერა ცოცხალი, ფხიზელი, რომელსაც ყველაფრის დანახვა და ყველაფრის გაგება სწყუროდა. თუკი დაკვირვებით დააცქერდებოდი მის სახეს, აღმოაჩენდი, რომ სახის სიმრგვალე სადღაც გამქრალიყო და ტუჩის ბოლოებიდან ღაწვებისკენ ღრმულები გაჭიმულიყო. მისი ტუჩები, ჩვეულებრივ მოშვებული, იშვიათად რომ იყო მოკუმული, ახლა შეუპოვრობას, სიმტკიცეს და რწმენას შეეკრა. საბაჟო გაიარა და ეტლში მჯდარი მისი ბორბლების რიტმს უგდებდა ყურს ხან ასფალტსა და ხან ქვაფენილზე. მელოდიის დისონანსმა მას გამგზავრების დღე გაახსენა. რა შორეულ წარსულში ჩაკარგული ეჩვენებოდა ის დღე! ოცნებასავით შორეული!.. რა ძალა ჰქონია იმ დღის ხსოვნას, ინგლისში გატარებულ 7 წელს რომ გაუძლო, წლებს, რომლებმაც ყირაზე დააყენა მისი ცხოვრება. ის უმწიკვლოც იყო და გზასაცდენილიც, ფხიზელიც და მთვრალიც, გოგონებთან მოცეკვავეც და უსაქციელოც. ამგვარ დაცემას ანაზღაურებდა მისი აღმასვლა, და ამაზე არანაკლები სერიოზულობა და ცნობისწადილი. ისწავლა, როგორ დაეგემოვნებინა ბუნების სილამაზე, დამტკბარიყო მზის ჩასვლით (თითქოს მის სამშობლოში დაისს ნაკლები სილამაზე ჰქონდა!) და ჩრდილოეთის სიცივის სუსხით.
და თუმცა ამ პერიოდში მისი სტუდენტი კოლეგა მარის გარდა არავინ ჰყავდა, ესეც საკმარისი აღმოჩნდა მისთვის, წარსული დაევიწყებინა. ამ შავგვრემანმა, აღმოსავლელმა ყმაწვილმა გოგოს გული დაიპყრო. გოგომ მასზე შეაჩერა არჩევანი და ყმაწვილის საპასუხო კეთილგანწყობაც მიიღო. როდესაც გოგომ ყმაწვილს თავი უძღვნა, ის ბიჭისთვის პირველი ქალი იყო, რომელთანაც ბიჭმა თავისი უმწიკვლოება დატოვა. გოგომ ყმაწვილი მთვლემარე, აპათიური მდგომარეობიდან გამოიყვანა და აქტიური და თავდაჯერებული გახადა, სილამაზის ის ახალი ჰორიზონტები გადაუშალა, რომლებიც ბიჭისთვის მანამდე უცნობი იყო _ და ეს არა მხოლოდ ხელოვნებაში, მუსიკასა და ბუნებაში, არამედ ადამიანის სულშიც.
ერთ დღეს გოგოს უთხრა:
_ მაშინ მოვისვენებ, როცა ჩემი ცხოვრების ისეთ გეგმას დავაწყობ, რომელსაც გავყვები.
გოგოს გაეცინა და მიუგო:
_ ძვირფასო ისმაილ, ცხოვრება უცვლელი გეგმა როდია, არამედ მუდმივად განახლებადი პაექრობა.
ბიჭი თუ ეტყოდა: ,,მოდი, ჩამოვსხდეთო“, გოგო პასუხობდა: ,,ადექი, გავიაროთო“. ბიჭი ესაუბრებოდა ქორწინებაზე, გოგო ელაპარაკებოდა სიყვარულზე, ბიჭი მომავალზე უყვებოდა, გოგო ამ წამიერ აწმყოზე. აქამდე ბიჭი მიჩვეული იყო, ყოველთვის საკუთარ თავს მიღმა ეძებნა ის, რასაც ჩაეჭიდებოდა და დაეყრდნობოდა: საკუთარი რელიგია და აღმსარებლობა, განათლება და მისი წარმოშობა, რაც მისთვის ერთგვარი საკიდივით იყო, რომელზეც თავის ძვირფას პალტოს ჩამოჰკიდებდა. ხოლო გოგო კი ეუბნებოდა: ,,ის, ვინც საკიდს მიმართავს, მთელი თავისი სიცოცხლე ტყვედ დარჩება მის გვერდით საკუთარი პალტოს დასაცავად. შენი საკიდი შენში, საკუთარ თავში უნდა გქონდეს“. გოგოს ყველაზე მეტად რაც აშინებდა, ეს ბორკილები იყო, ბიჭი ყველაზე მეტად რასაც უფრთხოდა, ეს იყო დამოუკიდებლობა.
ის ფაქტი, რომ გოგომ მას თავი უძღვნა, თავდაპირველად ბიჭის შეცბუნებას იწვევდა, ბიჭის დარცხვენა კი გოგოს დაცინვის საგანი იყო. ბიჭი ხალხს გაურბოდა, მათი მხრიდან კეთილგანწყობის მოპოვების შესაძლებლობებზე გათვლებს და ვარაუდებს აწყობდა; დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა, თუ როგორ განსჯიდნენ ისინი მას; თუ ისეთ ვინმეს შეხვდებოდა, ვისაც თავაზიანი დამოკიდებულება გულს ეფონებოდა, დიდ უბედურებად არ მიაჩნდა, თუკი მის გულს თავაზიანობით მოიგებდა, თუნდაც მისი გული ამაში მონაწილე არ ყოფილიყო. ხალხის ურთიერთგაცნობა მისთვის პიროვნებათა შეტაკება იყო, საიდანაც ვიღაც Gგამარჯვებული გამოდიოდა, ვიღაც წაგებული. ხოლო გოგოს რაც შეეხება, ის გიჟდებოდა ხალხზე, აღტაცებული იყო ყველათი და თან ყურადღებას არ აქცევდა არავის. ხალხის ურთიერთგაცნობა მისთვის შეხვედრა იყო, ხოლო სიყვარული მომავლისთვის გადაედო. და თუმცა ხალხი ყველა ერთნაირად უყვარდა, ის ამასთანავე დაუზოგავად განიშორებდა სუსტს, სულელს, თავის თავზე დიდი წარმოდგენის მქონეს, მდაბალს, დამწუხრებულს, პირმოთნეს. და ამ ვიგინდარების თავიდან მოცილების შემდეგ მისი მიზიდულობის არეალში ხვდებოდნენ მხოლოდ ისინი, ვის სიახლოვეშიც ის თავს მშვიდად გრძნობდა.
გოგომ ნახა, რომ ბიჭი დიდხანს ეჯდა ხოლმე უღონოებს და უმწეოებს თავის პაციენტთაგან, განსაკუთრებული თანაგრძნობით ეკიდებოდა მათ, ვის გონებასა და ნერვებზე დროის დამანგრეველ კვალს შენიშნავდა _ და მერე რა ბევრნი არიან ასეთნი ევროპაში! უხმოდ იჯდა და ისმენდა მათ ჩივილებს. მისი მხრიდან უდიდესი კეთილშობილება იყო, რომ თავისი ლოგიკა მათი ავადმყოფური ლოგიკისთვის აეყოლიებინა.
მარიმ შენიშნა იგი ავადმყოფთა და ჯანგატეხილთა წრეში, გარშემო რომ ეჯარებოდნენ მას და ეჭიდებოდნენ. თითოეულ მათგანს თავისთვის სურდა იგი. გოგომ გაბედულად შეუტია და მკაცრად გამოაფხიზლა:
_ შენ მესია როდი ხარ, მარიამის ძე! იმას, ,,ვინც ანგელოზთა ზნე-ჩვევებს ეძიებს, თავად სძლევს ხოლმე ცხოველთა ზნე-ჩვევები!“ და ,,კეთილის ქმნა უნდა დაიწყო საკუთარი თავიდან!“ ეს ხალხი დაძირულია, ისინი მათკენ გაწვდილ ხელს ეძებენ და თუ იპოვეს, მასაც დაძირავენ საკუთარ თავებთან ერთად. ეს აღმოსავლური გრძნობები საძაგელი და საზიზღარია, რადგან არაქმედითი და არაეფექტურია. და თუ სიკეთის შესამოსელისაგან განიძარცვება, მისი კვალიფიკაცია სხვაგვარად შეუძლებელი იქნება, გარდა როგორც უძლურებისა და სიმდაბლისა. ამ გრძნობათა ძალა მხოლოდ მათ მალვაშია და არა სააშკარაოზე გამოტანაში!
ბიჭის სული კვნესოდა და იკლაკნებოდა გოგოს მოქნეული ცულის დარტყმების ქვეშ. გოგოს სიტყვებს მჭრელი დანასავით შეიგრძნობდა, იმ ცოცხალ ძაფებს რომ უჭრიდა, მას რომ კვებავდნენ, რამეთუ ეს ძაფები აკავშირებდა ბიჭს გარშემომყოფებთან. ერთ დღეს გამოიღვიძა და მისი სული ისე დალეწილიყო, ქვა ქვაზე არ დარჩენილიყო. რელიგია ზღაპრად ეჩვენა, რომელიც მხოლოდ მასების სამართავად გამოეგონებინათ. აღმოაჩინა, ადამიანის სული თავის სიძლიერესა და შესაბამისად, ბედნიერებასაც მხოლოდ ბრბოსგან გამოცალკევებასა და მასთან დაპირისპირებაში ჰპოვებს. ხოლო ბრბოში გათქვეფა უძლურება და გაბოროტებაა.
მისი ნერვები საიმისოდ სუსტი აღმოჩნდა, გაეძლო იმ ლაბირინთში ხეტიალისთვის, მისი სული რომ გადაეშვა მარტოდმარტო სიცარიელეში. დაავადდა და სწავლა შეწყვიტა. მას ხელი დარია ერთგვარმა შფოთვამ და ფორიაქმა. მეტიც, მის მზერაში დროდადრო შიში და ძრწოლა გამოკრთებოდა ხოლმე.
მხსნელად ისევ მარი მოევლინა. შოტლანდიაში წაიყვანა სამოგზაუროდ, სოფელში. დღისით ფეხით ან ველოსიპედით დაეხეტებოდნენ მინდვრებში, ან თევზაობდნენ, ხოლო ღამით მარი აგემებდა მას სიყვარულის ნეტარების ფერადოვნებას. საბედნიეროდ, ბიჭმა შეძლო იმ გამოცდის წარმატებით დაძლევა, რომელშიც ბევრი მისი ახალგაზრდა თანამემამულე ჩაჭრილა ევროპაში. მან თავი დააღწია ამ კრიზისს ახალი, სტაბილური, მტკიცე და რწმენით აღსავსე სულით. თუ რელიგიური რწმენა გვერდზე გადადო, სამაგიეროდ ის ცოდნით უფრო ძლიერი და მტკიცე რწმენით ჩაანაცვლა, სამოთხის სილამაზისა და სიტკბოების ნაცვლად ბუნების მშვენიერებაზე და მის საიდუმლოებებზე ფიქრობდა. ყველაზე სარწმუნო ნიშანი მისი განკურნებისა ალბათ მაინც ის იყო, რომ მან ნელ-ნელა მარის გავლენიდან თავის დაღწევა შეძლო. ის უკვე გოგოს წინაშე ისე კი აღარ იჯდა, როგორც მოწაფე თავისი მასწავლებლის წინ, არამედ როგორც კოლეგა კოლეგასთან. არც ძალიან გაჰკვირვებია და არც ძალიან სტკენია გული, როცა მარი მას დაშორდა და სხვა ყმაწვილ სტუდენტს _ მისი მოდგმისას და ფერისას _ დაუახლოვდა. როგორც ყოველ შემოქმედს, მასაც მოსწყინდა საკუთარი ნამუშევარი, როგორც კი ის დაამთავრა. ისმაილი განიკურნა და მთელი თავისი მომაჯადოებლობა დაკარგა. ის ისეთივე გახდა, როგორიც სხვები, რომლებსაც მარი იცნობდა. მაშ, დაე, თავისი ახალი მეგობარი გამოეცადა!.. თუმცა ისმაილს გულმა არ გაუძლო და ინგლისის დატოვებამდე მარისთან ბოლო შეხვედრისაკენ გაუწია. დაპატიჟა და გოგოსაც უარი არ უთქვამს, ესტუმრა მას. თავად ისმაილს არ უკითხავს, იცოდა მისმა ახალმა მეგობარმა ამ სტუმრობის შესახებ თუ არა. მარიმ თავი უკანასკნელად უძღვნა და ეს კავშირი გოგოსთვის სერიოზული არ ყოფილა, ეს ხვევნა ერთგვარი გამოსამშვიდობებელი ჟესტი იყო.
და თავის ველოსიპედზე შემომჯდარი მარი სანამ თვალს მიეფარებოდა, ისმაილს დაუძახა:
_ ვიმედოვნებ, ერთ მშვენიერ დღეს ეგვიპტეში გნახავ. ვინ იცის?! მაშ, ნახვამდის! ,,მშვიდობით-მეთქი“- არ გეუბნები.
ო, ეს თანამედროვე ეპოქის ქალები! რა მტკიცე გულით ხვდებიან პირისპირ ალბათობებს! სიცოცხლის ხე მათ წინაშე მრავალფეროვანი ნაყოფით დამძიმებული იზნიქება. მათაც კარგი მადა აქვთ! ერთი ცალი ნაყოფისთვის ტირილი და გლოვა რა საჭიროა, როცა ხე ნაყოფით დახუნძლულია.
= 7 =
უცნაურობა, რომლის ახსნაც არ შემიძლია, ისაა, რომ ისმაილი მარისადმი სიყვარულისგან გამოფხიზლდა და აღმოაჩინა, რომ უკვე ახალი სიყვარულის მსხვერპლი გამხდარიყო. ნუთუ იმიტომ, რომ გულს არ შეუძლია, იყოს თავისუფალი? ან იმიტომ ხომ არა, რომ მარიმ თავისდაუნებურად გამოაღვიძა მისი გული და ისიც გამოფხიზლდა და გამოცოცხლდა?! ეგვიპტეში ისმაილს მხოლოდ გაურკვეველი შეგრძნებები ჰქონდა _ ის ქვიშის მარცვალივით იყო, მასაში გარეული და შეუმჩნეველი, არაფრით გამორჩეული და ამასთან ერთად ქვიშის სხვა მარცვლებისგან განცალკევებული. ხოლო ახლა დაეწყო იმის შეგრძნება, თითქოს ის გრძელი ჯაჭვის ერთი რგოლი იყო, ჯაჭვისა, მას რომ ბოჭავდა და დედა-სამშობლოზე მიაბამდა. ეგვიპტე მის წარმოდგენაში ტყის ფერია იყო, რომელსაც ავსული ჯადოქარი შეეხო თავისი ჯოხით და დააძინა, რომელსაც საქორწინო ღამის მორთულობა ზედ აქვს ასხმული და წყეულიმც იყოს თვალი, რომელიც მის სილამაზეს ვერ დაინახავს და ცხვირი, მის კეთილსურნელებას რომ ვერ შეიყნოსავს. როდის გამოიღვიძებს, როდის?! რაც უფრო ძლიერდებოდა მისი სიყვარული ეგვიპტის მიმართ, მით უფრო იზრდებოდა მისი გაღიზიანება ეგვიპტელებით. მაგრამ ისინი მისი ოჯახი იყვნენ, მისი სისხლი და ხორცი და თანაც რა მათი ბრალი იყო! ისინი ხომ თავად იყვნენ ხანგრძლივი და ქრონიკული უმეცრების, სიღატაკის, ავადმყოფობისა და სიბნელის მსხვერპლნი?! თავად მას მრავალჯერ ჩაუხედავს სიკვდილისთვის თვალებში, კეთროვანს შეხებია და ციებ-ცხელებიანისთვის პირი პირთან მიუტანია. საკითხავია, ნუთუ ახლა იხევს უკან და უარს ამბობს, მიეკაროს ამ ხალხის მასას, რომელიც მისი სისხლისაა და მისი ხორცის?! თავს პირობა მისცა, ეგვიპტის მიმართ საკუთარ სიყვარულში თუ რამე უსიამოვნოს და მიუღებელს იპოვიდა, აუცილებლად უკუეგდო იგი. მარიმ ასწავლა, როგორ გამკლავებოდა საკუთარ თავს. ამის შემდეგ ძნელად თუ გამოუვიდოდა ვინმეს, მისთვის თავს მოეხვია თავისი ცრურწმენები, ილუზიები და ჩვეულებები. ტყუილად კი არ იცხოვრა ევროპაში და მათთან ერთად ილოცა მეცნიერებისა და ლოგიკისთვის! ხვდებოდა, მასა და იმათ შორის, ვისთანაც მას ურთიერთობა ექნებოდა, ხანგრძლივი ბრძოლა გაიმართებოდა, მაგრამ მისი ახალგაზრდული ასაკი ბრძოლასა და მის სირთულეებს იოლად უხატავდა, არად აგდებინებდა, მეტიც, გულანთებული ილტვოდა პირველი შეტაკებისკენ. გონებას წარმოსახვის თავისუფლებას აძლევდა და თავს ხან ჟურნალისტად ხედავდა, პრესაში რომ წერს, ხანაც ორატორად წარმოიდგენდა, ერთ-ერთ თავყრილობაზე საზოგადოებას რომ უხსნის საკუთარ შეხედულებებსა და რწმენებს.
მატარებელი, რომელშიც ისმაილი იჯდა, დაიძრა, მას კი ტელეგრამა არ გაუგზავნია. არ იცოდა, რატომ უმძიმდა და არ შეეძლო მათთან შეხვედრა სადგურში, ხმაურსა და არეულობაში, ხალხის თვალწინ, შემოჯარული ბარგის უხერხულობაში. მას სურდა, თავის ძვირფას ადამიანებს მათ სახლში შეხვედროდა, უცხოთა თვალის გარეშე და არ კი ჰქონდა გათვლილი მოულოდნელობის ეფექტი თავისი მოხუცი მშობლებისათვის. მათ გახსენებაზე გულისცემა უჩქარდებოდა. შეძლებს კი გადაუხადოს მათ ნაწილი მაინც იმ ვალისა, რაც მას მართებს? ის მართლაც იმ იარაღით აღჭურვილი ჩამოვიდა, რომელიც მამამისს სურდა მისთვის და გზას სწორედ ამ იარაღით გაიკვალავს წინა რიგებისკენ. ის უარს იტყვის სახელმწიფო სამსახურზე და კაიროს ყველაზე პრესტიჟულ უბანში გახსნის კლინიკას. ჯერ კაიროელებს და შემდეგ ყველა ეგვიპტელს გააოცებს იმ ხელობით, რომელიც მან სრულყოფილად აითვისა და იმ გამოცდილებით, რაც მან შეიძინა. და როცა ბლომად ფულსაც იშოვის, მოხუც მამას აღარ ამუშავებს, უყიდის მიწას თავიანთ სოფელში, რათა მოსვენებით იცხოვროს. შემდეგ ისმაილს სახე მოეღუშა, რადგან გაახსენდა, რომ ევროპიდან ოჯახისთვის საჩუქარი არ ჩამოუტანია, მაგრამ ნაღველი იმით გადაიყარა, რომ საკუთარ თავს უთხრა:
_ კი მაგრამ, რა არის მთელს ევროპაში ისეთი, მამაჩემს და დედაჩემს რომ შეეფერებათ?
ფატიმა ან-ნაბავია? მისი გახსენება ცოტა არ იყოს, სულს უშფოთებდა. ჯერ ისევ თავისი პირობით იყო შეკრული და თან თავისუფალი, ბრუნდებოდა, საბოდიშო არაფერი ჰქონდა. ეს რთული საკითხი იყო და უკეთესი იქნებოდა, მომავლისთვის გადაედო.
ფანჯრიდან გადაიხედა და თავის წინ სოფელი დაინახა, რომელმაც თვალწინ ისე ჩაუქროლა, თითქოს ქვიშის ქარიშხალმა გადაუარა და წარხოცა, დააქცია და მტვრით დაფარაო. დაკონკილ სამოსში გამოწყობილი გამყიდველები სადგურებზე უკან გამოკიდებული ცხოველებივით ქასქასებდნენ და ოფლად იღვრებოდნენ.
როდესაც ეტლი სადგურს გასცდა და ხალიჯის ვიწრო ქუჩაზე შეუხვია, ისეთ ვიწროზე, ტრამვაი რომ ვერ გაივლიდა, ნანახმა საშინელებამ წარმოდგენილს გადააჭარბა: ჭუჭყი, ნაგავი, ბუზები, სიღატაკე და ნანგრევები. გული შეეკუმშა, ნაღველი შემოაწვა და წუხილმა აიტანა. ამბოხის ნაპერწკალმა იწყო აალება მისი სულის სიღრმეში და ამბოხისთვის მზადყოფნამაც იმატა მასში.
სახლის წინ გაჩერდა. კარის რგოლს წვდა და ჩამოჰკრა. მისი კაკუნი ისმაილის გულისცემას შეერთო. ნაზი ხმა გაიგონა, კაიროელი ქალებისთვის დამახასიათებელი კილოთი რომ კითხულობდა:
_ ვინ არის?
_ ისმაილი ვარ, გააღე, ფატიმა!
= 8 =
ო, ისმაილ! რა სასტიკი ხარ! რა უგუნურია ახალგაზრდობა! დედას ლამის გული წაუვიდა. ენა დაება და თან გულში იკრავდა, სახეს და ხელებს უკოცნიდა, სლუკუნებდა და ტიროდა. ო, ღმერთო! როგორ დაბერებულა და მხრები ჩამოყრია! რა უღონო ხმა და მზერა გახდომია! წასული ადამიანი ილუზიით ცხოვრობს, მოელის რომ დაბრუნდება თავის საყვარელ ადამიანებთან და ისინი ისეთივენი დახვდებიან, როგორებიც წლების წინ დატოვა. იდუმალი ხმა ჩურჩულებს მის გულში:
_ პიროვნულობის ნატამალი არ გააჩნია! ცარიელი პასიური სიკეთეა!
მამა მივიდა მასთან, სახეზე მშვიდ ღიმილგადაფენილი, გათეთრებულიყო, თუმცა წელში არ მოხრილიყო. მის მზერაში ერთმანეთს შერეოდა გადაღლილობა, მოთმინება, მშვიდი სინდისისა და მძიმე ტვირთის განცდა. ისმაილი შემდეგში გაიგებს, რომ კრიზისმა თავისი ცეცხლით გადაბუგა იგი და მისი საქმეებიც უკან-უკან წავიდა. მიუხედავად ამისა, შვილისთვის ბანკში ფულის შეტანა ერთი დღითაც არ გადაუვადებია. ისმაილთან არ უხსენებია, რას განიცდიდა, არც ხელმომჭირნეობისკენ მოუწოდებია მისთვის და არც დაბრუნება დაუჩქარებია. ისმაილი შოტლანდიაში ერთობოდა თავის მეგობარ გოგოსთან ერთად, ბიფშტექსს მიირთმევდა მაშინ, როცა მამამისი სახლში იყო გამოკეტილი და მის ვახშამს ბოლოკი ან ტაამია შეადგენდა.
ისმაილმა მალული მზერა მოავლო სახლს და შეამჩნია, რომ ის უფრო ვიწრო და ბნელი იყო, ვიდრე ახსოვდა. ნუთუ იგი ისევ ნავთის ლამპით ნათდებოდა? ძველი, გაცვეთილი ავეჯი სახლში ისე მიმოფანტულიყო, თითქოს ხანგრძლივი წლების მანძილზე ამ სახლში თანაცხოვრების მიუხედავად, უცხოობაში გადასახლებული მუჰაჯირები (ემიგრანტები) იყვნენ. კი მაგრამ, ქვის იატაკზე რატომ დგანან? ხალიჩა რა იქნა?
ეს უმ მუჰამედია, ჩვეულებისამებრ, თეფშებსა და ქვაბებს შორის რომ იბლანდება და სიხარულის ყურისწამღებ კივილს ტეხს, ის კი აჩერებს და ეუბნება:
ასე ნუ ხმაურობ, დედაბერო, გონს მოდი!
ფატიმა ან-ნაბავია სადღაა? მის წინ ხომ ქალიშვილი დგას ახალგაზრდობის საუკეთესო ხანაში?!
მისი ნაწნავები, მისი იაფფასიანი შუშის სამაჯურები, მისი მიხვრა-მოხვრა და ყველაფერი მასში და მის ტანზე ხმამაღლა აცხადებდა, რომ ის ღრმა სოფლელი გოგო იყო. ნუთუ ეს ის ქალიშვილია, რომელზეც უნდა დაქორწინდეს?! ამ წუთიდან იცოდა, რომ ის უღალატებდა თავის პირობას და დაარღვევდა მიცემულ აღთქმას. თვალები ახვეული რატომ აქვს? და მისი სახის დასანახად ნიკაპს მაღლა სწევს. მას ხომ ტრაჰომა სტანჯავდა და რაც ისმაილი გაემგზავრა, მისი მდგომარეობა დღითი დღე გაუარესდა.
გამზადდა ვახშამი და დასხდნენ. თითქოს ისინი მისი გულისთვის შემოსხდომოდნენ მათ თეთრი ხის მაგიდას. არავინ არ ჭამდა. ისინი უზომო სიხარულის გამო არ ჭამდნენ და ისმაილი კი გამოფხიზლების ელდის გამო. შემდგომში ისმაილი Gგამომიტყდა, რომ თვით იმ მომენტშიც კი, როცა მშობლებთან დაბრუნების ბედნიერებას არ უნდა დაეტოვებინა მისთვის დრო ანალოგიების, შედარებისა და კრიტიკისთვის, თავს ვერ იკავებდა და საკუთარ თავს ეკითხებოდა: როგორ შეძლებს მათ შორის ცხოვრებას? როგორ იგრძნობს თავს მყუდროდ ამ სახლში?
საწოლი მოუმზადეს. შეიხი რეჯები მაშინვე თავის ოთახში გაეშურა, რომ მგზავრობით დაღლილი ვაჟი მოსასვენებლად დაეტოვებინა. დედას ფეხი უკან რჩებოდა და თავს აიძულებდა, წასულიყო. სანამ მარტო დატოვებდა, ფატიმას ანიშნა და მიმართა:
_ მოდი აქ, ფატიმა, სანამ დაიძინებ, თვალებში ჩაგაწვეთებ.
ისმაილმა დედის ხელში შუშის პატარა ჭურჭელი შენიშნა. ფატიმა იატაკზე გაწვა და თავი დედას მუხლზე დაუდო. მანაც შუშის ჭურჭლიდან სითხე ჩააწვეთა თვალებში, რისგანაც ფატიმა ტკივილით აკვნესდა.
ისმაილმა ჰკითხა:
_ ეს რა არის, დედა?
_ ეს უმ ჰაშიმის კანდელის ზეთია. ჩვეულებისამებრ ყოველ საღამოს ვაწვეთებ.
შენმა მეგობარმა შეიხმა დარდირიმ მოგვიტანა. მას შენ ახსოვხარ და ენატრები. შენ თუ გახსოვს იგი, თუ უკვე დაივიწყე?
ისმაილი დაგესლილივით წამოხტა. საკვირველი არ არის, რომ ის, თვალის ექიმი, თავისი დაბრუნების პირველივე საღამოს მოწმე ხდება, თუ რა გზით მკურნალობენ ტრაჰომას დაავადებას მის სამშობლოში!
ისმაილი ფატიმასთან მივიდა და ფეხზე ააყენა. სახვევი მოხსნა და თვალები გაუსინჯა. ნახა, რომ სენს ქუთუთოები უკვე მოესპო და თვალის კაკალიც დაეზიანებინა. დამაწყნარებელი და დამამშვიდებელი მკურნალობა რომ გაევლო, ალბათ გამოჯანმრთელდებოდა, მაგრამ ის მდგომარეობას იუარესებდა მწველი ცხელი ზეთით.
ისმაილმა დედას გულის გამგმირავი ხმით უყვირა:
_ გრცხვენოდეს ამ მავნებლობის! გრცხვენოდეს! მორწმუნე ხარ, ლოცულობ და ამ მონაჩმახს და ცრურწმენებს როგორ უჯერებ?!
დედა გაშრა და ენა ჩაუვარდა. შეეცადა, რაღაც წაელუღლუღებინა, მაგრამ ვერაფრის თქმა ვერ მოახერხა. ისმაილმა კარში მამის სილუეტი დაინახა თავის თეთრ მოკლე ჯილბაბში, თავზე ჩაჩით და მკვდრისფერი სახით. ნუთუ მისი ჩვილი გული რაღაც ცუდის მოლოდინში იყო? მაგრამ რის? ალბათ ისმაილის ქცევაში, მოძრაობასა და მზერაში იყო რაღაც, რამაც პირველივე წუთიდან მას სულში ეჭვი გაუღვიძა. ეს რა ყვირილია? რა მოხდა?
ბოლოს და ბოლოს დედამ ამოთქვა სათქმელი. ალაჰს შემწეობას შესთხოვდა და შვილს ეუბნებოდა:
_ ალაჰის სახელს გაფიცებ ისმაილ, ჩემო ბიჭუნა! ალაჰიმც გონს მოგიყვანს! ეს წამალი და მალამო როდია! ეს ხომ მხოლოდ უმ ჰაშიმის წყალობაა!
ისმაილი იმ მძვინვარე ხარს დაემსგავსა, რომელსაც ცხვირწინ წითელი ნაჭერი აუფრიალეს.
_ აი, ეს თქვენი უმ ჰაშიმია, ამ გოგოს რომ დააბრმავებს. ნახავთ, როგორ ვუწამლებ მას და ჩემი ხელით როგორ განიკურნება, რასაც ვერ ეღირსა სით უმ ჰაშიმისგან.
_ ჩემო ბიჭო, უამრავი ხალხია, რომელიც უმ ჰაშიმის _ უმ ალ-ყავაჯიზის კანდელის ზეთით მის წყალობას ეძიებს და იღებს, მათ ეს ზეთი გამოუცდიათ, უსინჯავთ და ჩვენი უფალი მათ ამ ზეთის მეშვეობით კურნავს. ჩვენ ხომ მთელი ცხოვრება სწორედ ალაჰისა და უმ ჰაშიმის გვწამს. ეს უმ ჰაშიმის წმინდა საიდუმლოა!
_ მე არც უმ ჰაშიმი ვიცი და არც უმ იფრითი24.
სახლში სამარისებური მტანჯველი სიჩუმე ჩამოწვა. ამ სახლში ყურანისა და ლოცვანის რეჩიტატივით კითხვა და აზანის ექო სუფევდა. თითქოს ამ ყველაფერმა ჯერ ერთად გამოიღვიძა და გამოფხიზლდა, შემდეგ დადუმდა და ჩაინავლა… მათ ადგილას უკუნმა სიბნელემ და ძრწოლამ დაისადგურა. ამ უცხო სულთან, ზღვის გადაღმიდან რომ გამოეცხადათ, მათ არ ეცხოვრებოდათ.
მამის ხმა გაიგონა, თითქოს სადღაც შორი ადგილიდან მომავალი:
_ რას ამბობ? ეს არის ის, რაც საზღვარგარეთ ისწავლე? ნუთუ შენგან ის ხეირი მივიღეთ, რომ ურწმუნო დაგვიბრუნდი?! ყველაფერი, რაც კი ამის შემდეგ ისმაილმა მოიმოქმედა, მოწმობდა, რომ მას ძველი ნერვული დაავადება უცაბედად გაუმეორდა და ხელახლა მთელი ძალით იფეთქა. საკუთარ თავზე კონტროლი დაკარგა, ყელში სიმშრალე იგრძნო და გულში მწველი ალი, მისმა გონებამ კი სადღაც სხვა სამყაროში გაცურა. ფეხზე წამოიჭრა. უდავოდ შემაშინებელი გამოხედვა ჰქონდა. დედა მის წინ მოიკუნტა, დაილია, მამა გაერიდა, გზიდან ჩამოეცალა. ისმაილი დედას ეძგერა და შუშის ჭურჭლის წართმევა სცადა, დედა წამით მაგრად ჩააფრინდა ჭურჭელს, მაგრამ შემდეგ ვაჟს შეატოვა. ისმაილმა ძალით, უხეშად გამოგლიჯა ხელიდან და სწრაფი მოძრაობით ფანჯრიდან მოისროლა.
გზაზე მისი დამსხვრევის ხმა ბრძოლაში პირველი ჭურვის სკდომის ხმად გაისმა.
ისმაილი წამით დაბნეული შეჩერდა. მზერა გარშემო მიმოავლო, დედამისის და ფატიმას სახიდან მამის სახეზე გადაიტანა. მათზე სიბრალული და თანაგრძნობა ამოიკითხა, მაგრამ არა შემწყნარებლობა და გაგება. როგორც ჩანს, ისმაილმა მათ შემოხედვაში ძრწოლა ამოიკითხა და უფრო გაშმაგდა. კარისკენ გაექანა, გზად მამამისის ხელჯოხს გადააწყდა და ხელი წამოავლო. მერე სახლიდან სირბილით გავარდა. უკან არ დაიხევდა, რომ მართლაც სასიკვდილო დარტყმით განეგმირა უმეცრება და ცრურწმენები, თუნდაც ამას შესწირვოდა.
= 9 =
მოედნის ახლო ჩაიარა და აი, ისიც, როგორც ყოველთვის, მოღელავდა უამრავი ქმნილებით. ყველას უბედურების ბეჭედი ესვა და ფეხებს მორჩილების ბორკილები უმძიმებდა. ეს ცოცხალი არსებები არ ცხოვრობდნენ იმ ეპოქაში, რომელშიც არაცოცხალი, უძრავი საგნებიც კი მოძრაობაში მოდიან. ეს ბრბო ისეთივე გაჩანაგებული და გაშიშვლებული კვალი იყო, როგორც დანგრეული სვეტთა პედესტალის ნაშთები, რომელსაც ვეღარაფერს მოუხერხებ და მხოლოდ გამვლელებს ედებიან ფეხებში. ეს რა ცხოველური ხმაურია?! ან ეს რა მდაბიური საჭმელია, ხახები რომ შთანთქავენ?! სახეებს ჩააშტერდა და მათზე მხოლოდ ღრმა ძილში ჩაძირულობის ნიშანი ამოიკითხა, თითქოს ყველანი ოპიუმით გაბრუებულანო. ადამიანური გაგება ვერც ერთმა სახემ ვერ შეაგება. ესენი ეგვიპტელები არიან _ უსახური მოდგმა, ყბედნი, ქაჩლები, თვალმტკივანნი, შიშველ-ტიტველნი, შარდში სისხლით და განავალში ჭიებით. თავიანთ წაგრძელებულ კეფაში წათაქებას ამაზრზენი, დამამცირებელი ღიმილით ხვდებიან, მთელ სახეზე რომ გადაეფინებათ. და ეგვიპტე? ნაგვის დატკეპნილი ნაგლეჯი, უდაბნოში გახრწნილი, ბუზები და კოღოები გუნდ-გუნდად ზუზუნით რომ ეხვევიან და რომელშიც გაძვალტყავებული კამეჩების ჯოგი ფეხებით არის ჩაფლული… მოედანი სავსე იყო მზესუმზირის და პარკოსნების, მიწის ნუშის და ტკბილეულობის, _ როგორიცაა ჩაფარის ჯოხი, ჰარისა, ბასისა, სამბუსკა25, გამყიდველებით, ჩალის ფასად რომ ყიდდნენ გასაყიდ საქონელს. მათ გვერდით უამრავი ყავახანა ზედ ტროტუარზე გამოეტანათ, კედლების მახლობლად. ცეცხლი, ჩაიდანი, ყავადანი, ნარგილე _ აი, მთელი მათი სიმდიდრე. აქ სხეულებმა წყალი წლობით არ იციან. რა საპონი და რა უდაბნოს დემონი მათთვის!
აი, ისმაილის წინ გოგომ ჩაიარა, წარბებმოხატულმა და სურმით თვალებშეღებილმა. მოსასხამი (მილაია) ისე მჭიდროდ შემოეტმასნა, რომ თეძო-გავა და კაბის ბოლო გამოკვეთოდა. ჩადრი დაეხურა, რომელიც სახეს უჩენდა. ეს მილაკი რაღას ნიშნავს, ცხვირზე რომ გაუკეთებია? რა გულისამრევი ფარისევლობაა ეს სანახაობა და რა საზიზღრობა! სულ მალე ხალხი იწყებს მის აკიდებას და გლასუნს, თითქოს ძაღლები არიანო, რომელთაც ცხოვრებაში მდედრი არ უნახავთ! აქ გაყინული უძრაობაა, ყოველგვარ პროგრესს რომ კლავს. აქ უმყოფობაა, სადაც დროს აზრი არა აქვს, ნარკოტიკებით გაბრუებულის ფანტაზიები, მძინარის სიზმრები მაშინ, როცა მზე ამოდის…
რომ შეეძლოს ისმაილს, თითოეულ მათგანს იდაყვში ჩაეჭიდებოდა და უხეშად შეაჯანჯღარებდა, ეტყოდა:
_ გამოიღვიძე! ლეთარგიიდან გამოფხიზლდი და გონს მოეგე! თვალები გაახილე! ეს რა უსარგებლო დისპუტია, ყალბი მჭევრმეტყველება და მოსაწყენი, უთავბოლო ერთმანეთის ლანძღვა სისულელეების გამო?! თქვენ ლეგენდებში ცხოვრობთ, კერპების გწამთ, საფლავებზე პილიგრიმობთ და მკვდრებს უხმობთ საშველად.
ფეხი ტროტუარზე დაგდებულ ბავშვს წამოჰკრა, რომელსაც მათხოვრები შემოსჯარვოდნენ გარშემო და თავიანთ ფიზიკურ ნაკლოვანებებს უჩვენებდნენ, რომლითაც ალალ ლუკმას შოულობდნენ და ისე დემონსტრირებდნენ, თითქოს ეს სიგონჯეები ალაჰის წყალობა ყოფილიყოს მათზე ანდა მათი პროფესია და ხელობა.
ისმაილმა იგრძნო, რომ ეს ბრბო სხეულს მოწყვეტილი, მკვდარი ორგანოები იყო, მკერდზე რომ გადაჰფარებოდა და სუნთქვას უხშობდა, ნერვებს აწყვეტდა. ზოგი გამვლელი ისე ეჯახებოდა, თითქოს ბრმები იყვნენ და ხელის ცეცებით იგნებდნენ გზას. ეს კმაყოფილება სინამდვილეში უძლურება იყო, ეს სიკეთე სისულელე, ეს მოთმინება სიმხდალე და ეს მხიარულება კი დაცემა.
ისმილმა ამ ხალხმრავლობიდან თავი გამოიხსნა, მეჩეთისკენ გაიქცა და შიგნით შევარდა. მეჩეთის შიდა ეზო გადაიარა და სამლოცველოსკენ გაეშურა.
წმინდა სამარხი ჰაერის ნაცვლად ბერბერთა სუნამოების მძიმე ოხშივრით სუნთქავდა. აი კანდელიც _ შუშაზე მტვერმოდებული და ჭვარტლით გაშავებული საკიდი ჯაჭვით. მისგან მწველი, სულისშემხუთველი სუნი ქროდა. კვამლი უფრო დიოდა მისგან, ვიდრე ნათელი. ეს სხივი ცრურწმენისა და უმეცრების მანიფესტი იყო. სამლოცველოს ჭერს ღამურა აწყდებოდა. ისმაილს ზიზღით გააჟრჟოლა. სამლოცველოს გარშემო ხალხი ხესავით გაშეშებულიყო. პარალიზებულებივით უძრავად იდგნენ მის ზღუდეს ჩაჭიდებულნი. მათ შორის ვიღაც კაცი რაღაცას ემუდარებოდა სამარხში განსვენებულ დიდ ქალბატონს. ისმაილმა ვერ გაიგო რას, მაგრამ ინტუიციით მიხვდა, რომ ის თავისი მტრის წინააღმდეგ შველას სთხოვდა მას და მისი სახლ-კარის დაქცევას, მისი ბავშვების დაობლებას შესთხოვდა. ისმაილმა სამლოცველოს კუთხეში მიიხედა და შეიხი დარდირი დაინახა _ ქალის თავსაფარწაკრულ ვიღაც კაცს პატარა შუშის ჭურჭელს ისეთი სიფრთხილით და მალვით გადასცემდა, თითქოს ის კონტრაბანდა ყოფილიყოს. ისმაილმა თავი ვეღარ მოთოკა… განსჯა დაკარგა. იგრძნო, ათასმა ზარმა როგორ ჩამორეკა, მზერა აცა-ბაცა გაექცა. შეიმართა, თავისი ჯოხი კანდელს შემოუქნია და დალეწა. კანდელის შუშის ნამსხვრევები გარშემო მიმოიბნა. ისმაილი კი გაჰყვიროდა:
_ მე… მე… მე…
ფრაზის დასრულება ვერ შეძლო (ან კი ვინ უწყის, რის თქმას აპირებდა?), რომ ხალხის ბრბო დაესხა თავს და ზედ გადაუარა. ისმაილი გულწასული დავარდა ძირს. ისინი კი ურტყამდნენ და ფეხით თელავდნენ. თავგახეთქილს სისხლი სახეზე ჩამოსდიოდა. სამოსი შემოგლეჯოდა.
შემდეგ შევიტყვეთ, რომ არა შეიხ დარდირი, რომელმაც იცნო იგი, გადაარჩინა და გამოიხსნა ხალხის მძვინვარებისა და სისასტიკისგან, ისმაილს მათ ფეხქვეშ სული ამოხდებოდა.
შეიხი დარდირი იძახდა:
_ თავი დაანებეთ! მე მას ვიცნობ. ის სი ისმაილია, შეიხ რეჯების ვაჟი. ის ჩვენებურია. თავი დაანებეთ! ვერ ხედავთ, რომ შეპყრობილია!
მათ იგი სახლში წაიყვანეს და საწოლზე დაასვენეს. ოჯახი მის გარშემო შეიკრიბა და მისი დაბრუნების საღამოს სიხარულის ნაცვლად მის დაბნელებულ გონებას მისტიროდნენ.
ალაჰიმც დასწყევლის იმ დღეს, როცა შენ გაემგზავრე, ისმაილ! ნეტავ ჩვენთან დარჩენილიყავი და ევროპას არ წაეხდინე. გონება არ წაერთმია შენთვის და საკუთარი ოჯახი, სამშობლო და რელიგია არ დაგემცირებინა და შეურაცხგეყო!
დედა სახეს იხოკდა. მამა გმინავდა და ტკივილს და რისხვას მალავდა. ფატიმას ცრემლი ღვარად სდიოდა.
= 10 =
მრავალი დღე გავიდა და ისმაილი ისევ ლოგინად იყო ჩავარდნილი. გაჯიუტებული, კედლისკენ პირშექცეული არც ხმას სცემდა არავის და არც არაფერს ითხოვდა. ოდნავ გამოგონდა თუ არა, დაიწყო ფიქრში მსჯელობა: ევროპაში ხომ არ გაბრუნებულიყო და იმ ხალხში ეცხოვრა, ვისაც ესმის ცხოვრება?!
უნივერსიტეტმა მას ასისტენტ პროფესორის თანამდებობა შესთავაზა, რომელზეც თავისი სისულელით უარი განაცხადა. ალბათ ისინი მას ახლაც მიიღებენ, თუკი ის მოითხოვდა. ვითომ რატომ არ უნდა დაქორწინებულიყო იქ და საკუთარი ოჯახი ახალი ცის ქვეშ შეექმნა, შორს ამ ბედკრული სამშობლოდან? რატომ წამოვიდა ინგლისიდან, მისი ლამაზი პროვინციიდან, რატომ მიატოვა მისი სასიამოვნო საღამოები, მისი სასტიკად მკაცრი ზამთარი?! ჩამოვიდა ქვეყანაში, სადაც ჟუჟუნა წვიმასაც კი უბედურებასავით და თავსდატეხილ წარღვნასავით გაურბიან. არც კი უწყიან, რომ იქ, ინგლისში, მდუმარე სახეებით და მტკიცე გამოხედვით დააბიჯებს ხალხი წვიმასა და თოვლში და უმკლავდება ქარიშხლებს! რა აზრი აქვს ბრძოლას ისეთ ქვეყანაში, როგორიც ეგვიპტეა და ისეთ ხალხთან ერთად, როგორებიც ეგვიპტელები არიან?! მათ ხომ ხანგრძლივი საუკუნეები დამცირებასა და მორჩილებაში გაატარეს, დააგემოვნეს ეს დამცირება და გაუტკბათ კიდეც.
შემდეგ თვლემა მოერეოდა და მსჯელობა უთავბოლოდ აერ-დაერეოდა. ფრინველს ჰგავდა, რომელიც მახეში გაება და გალიაში გამოკეტეს. ნუთუ გამოსავალი აღარ დარჩენია?! ტანით გრძნობდა, რომ მიჯაჭვული იყო ამ სახლს, რომლის ატანაც არ ჰქონდა, ამ მოედანს, რომელიც ეჯავრებოდა და როგორც არ უნდა ეცადა, თავის გამოხსნას ვერ შეძლებდა.
ერთ დილას გამოღვიძებულმა ისმაილმა ენერგიის უცნაური მოზღვავება იგრძნო. ასეთ დროს ადამიანი მოულოდნელად და ყოვლად უმიზეზოდ ერთი ბოლოდან მეორეში დახტის. სახლიდან ადრიანად გავიდა და უკან დაბრუნდა ბოთლებით, სახვევებით და საჭირო სამკურნალო ხელსაწყოებით სავსე ჩანთით. შეუდგა ფატიმას მკურნალობას ისე, როგორც ამას მოითხოვდა მისი მედიცინა და მეცნიერება. ევროპაში მკურნალობის ასზე მეტი ასეთი შემთხვევა ჰქონია და ხელი არ მოსცარვია არც ერთ მათგანში. მაშ რატომ არ გამოუვა ეს ფატიმას შემთხვევაშიც? გოგომ მას თავი უდრტვინველად მიანდო. თავისი ავადმყოფობა იმდენად არ ადარდებდა, რამდენადაც ის, რომ ისმაილის თვალწინ ეტრიალა, მისი ზრუნვისა და სიკეთის ობიექტი ყოფილიყო. დედ-მამა ვაჟიშვილს თავს არიდებდა და აღარაფერში აღარ ედავებოდა, შიშობდნენ რა მისი ჯანმრთელობის გამო.
დილაობით და ძილის წინ Fფატიმა მის წინ იჯდა და მის განკარგულებებს ემორჩილებოდა. დღე დღეს მისდევდა, კვირა კვირას, ფატიმას თვალები კი იმავე მდგომარეობაში იყო. შემდეგ უცებ გაუარესება დაეტყო, მოულოდნელად ანთება მოედო და გუგა თვალის თეთრ გარსში შეერია.
ისმაილმა ყურადღება და მზრუნველობა გააორკეცა, წამლების სახეობანი განაახლა. თვალის ქუთუთოები გადმოუბრუნა და მალამოები უსვა და წვეთები აწვეთა, წმინდა და ასუფთავა, მაგრამ მის მკურნალობას შედეგი არ მოჰყოლია. სულელი ხომ არ იყო! ხედავდა, მის თვალწინ ფატიმა ბრმავდებოდა და ვერა ხერხი და საშუალება მისი ცოდნისა მას ვერ შველოდა.
ისმაილმა ფატიმა წაიყვანა თავის კოლეგებთან მედიცინის ფაკულტეტზე, პროფესორებს გაასინჯა. ყველანი დაეთანხმნენ მკურნალობის მის მიერ შერჩეულ გზას, ურჩიეს გაეგრძელებინა იგი. ისიც ჯიუტად და დაჟინებით, გულმოდგინედ აგრძელებდა, სანამ ბოლოს ერთ დილას ფატიმამ არ გამოიღვიძა, თვალები გაახილა და ვეღარაფერი დაინახა… უკანასკნელი სხივი _ ბოლო ნუგეში ჩამქრალიყო მის თვალებში.

= 11 =
ისმაილი სახლიდან გაიქცა. აღარ შეეძლო იქ გაჩერება, ფატიმას განუწყვეტლივ ყურება. ფატიმას სიბრმავე ხომ მისი საკუთარი სიბრმავის ნიშანი იყო! დედის და მამის თვალებში კიცხვა იდგა. ეს რა მოხდა? რატომ დამარცხდა? ვეღარაფერი გაეგო. სად წავიდეს? სამსახური ჯერაც არ დაეწყო. არც შეეძლო და არც სურვილი ჰქონდა მთავრობისთვის მიემართა, რომ რომელიმე გადაკარგულ სოფელში დაენიშნათ. გაეყიდა თავისი წიგნები და ინსტრუმენტების ნაწილი, რომლებიც ევროპიდან ჰქონდა ჩამოტანილი. ერთ ვიწრო ოთახში ცხოვრობდა მადამ ეფტალიას პანსიონში _ მსუქანი ბერძენი ქალისა, რომელიც იმ წუთიდან, რაც ისმაილი ხელში ჩაუვარდა, ექსპლუატაციას უწევდა მას იმ ზომამდე, რომ ლამის დილის სალამიც კი ანგარიშის ქვითარში შეეტანა და მისთვის კარის გასაღებად რომ წამოდგებოდა, ლამის იმ ნაბიჯებისთვისაც კი გასამრჯელო მოეთხოვა. ერთხელ საუზმეზე შაქრის დამატებითი ნატეხის გადაღებისთვისაც კი ევაჭრა და ფული მოსთხოვა. ამ ქალის ღიმილზე ისმაილს ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს უხილავი თითები ჯიბეებს უტრიალებდნენ. ისმაილმა ქალს საჩუქრად ნამცხვრები და სიგარეტები მიუტანა, რაც ქალმა ხარბად და სულმოუთქმელად აიღო, დილით კი ელექტროენერგიის დაზოგვის მიზნით სთხოვა, რომ საღამოობით ასე გვიანობამდე აღარ მჯდარიყო თავის ოთახში. უეჭველია, რომ ეგვიპტეში მოხვედრილი ევროპელები სულ სხვაგვარი ცომისგან არიან მოზელილნი ვიდრე ისინი, ვინც ევროპაში უნახავს. მას აქამდე საკუთარი თავი ოთახში ჰყავდა გამომწყვდეული, ამ ქალის ასეთმა დამოკიდებულებამ კი ქუჩაში გამოაძევა, სადაც დილიდან შუაღამემდე დაეხეტებოდა. არ იცოდა როგორ, მაგრამ ყოველ საღამოს ას-საიდას მოედნის შუაგულში აღმოჩნდებოდა ხოლმე. საკუთარ სახლს გარს უვლიდა, ფანჯრებს ათვალიერებდა, სურდა, ფატიმას სახისთვის მოეკრა თვალი ან მისი ხმა გაეგონა. ფატიმა _ მისი მსხვერპლი, რომელიც არც ამხედრებია მას, არც დაუჩივლია და არც გაუკიცხავს იგი… მან საკუთარი თავი ნებით მიანდო ისმაილს, ამან კი დააზიანა. ფატიმას თავისი ყასბისთვის ისიც კი არ უთქვამს, შეიცადეო… ასე იდგა ხოლმე მოედანზე საათობით ფიქრში წასული, გონებაგაფანტული, მის სმენას შეუმჩნევლად ძველი ქუჩის შეძახილები შეეპარებოდა. ისეთივე, იგივე, შეუცვლელი. ეს როგორ? ალბათ ყოველი მშობელი თავის ძეს მემკვიდრეობად უტოვებს თავის ხელობას, თავის ხმას და თავის ადგილს მოედანზე. საცოდავები! ვისაც კი რაიმე სამსახური გაუწევია მათთვის, წამოუყვედრებია და სასწრაფოდ ბევრად მეტი სამაგიერო უთხოვია უკან. ღვთის გულისათვის ან მათი სიყვარულით მათ არავინ გამოსდგომია რამეში და ამის მიუხედავად, ისინი სირბილით გაჰყოლიან უკან ყველას, ვისშიც კი თავდადება და ერთგულება მოსჩვენებიათ, მისი კაბის კალთებს მოსჭიდებიან და მის სისუსტესა თუ მუხანათობაზე თვალები დაუხუჭავთ. ეს ხალხი დაბერდა და თავის ბავშვობას დაუბრუნდა. რომ ეპოვათ ვინმე, ვინც მათ გაუძღვებოდა, ეს ხალხი ერთი ნახტომით გადავიდოდა უკან, კაცობაში _ გზა ნაცნობი იყო მისთვის, ძველი დიდება და მოგონებები ხელუხლებლად შემორჩენილი.
ისმაილი საკუთარ თავს ეკითხებოდა: ნუთუ მთელ ევროპაში მოიძებნება საიდა ზეინაბის მოედნის მსგავსი მოედანი? ევროპაში უზარმაზარი ლამაზი შენობებია, ნატიფი ხელოვნება, მაგრამ ხალხი გათითოკაცებული და მარტოსული. ბრძოლა ბრჭყალებითა და ეშვებით, ზურგში მახვილის ჩაცემით, ყველა საშუალების გამოყენებით. სიყვარულისა და თანაგრძნობისთვის ადგილი მათთვის სამუშაოს შემდეგაა, დღის ბოლოს. ამ გრძნობებით ისე ერთობიან და ისვენებენ, როგორც კინოსა და თეატრში. მაგრამ… არა… ამ ლოგიკას რომ მიჰყვეს, უნდა უარყოს საკუთარი გონება, უარი უნდა თქვას თავის საქმეზე. განა შეუძლია ვინმეს, არ აღიაროს ევროპის ცივილიზაცია და მისი პროგრესი, აღმოსავლეთის დაცემა, უმეცრება, მისი ავადმყოფობა და სიღატაკე?! ასე განსაჯა ისტორიამ და მის ვერდიქტს ვერ გააუქმებ. სხვა გზა არ არის, უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ ვართ ხე, რომელმაც იყვავილა და ერთ დროს ნაყოფიც გამოიღო, მაგრამ მერე ჩამოხმა და საეჭვოა, რომ სიცოცხლის ნიშან-წყალი ისევ დაეტყოს.
ისმაილი მოედნიდან თავის ოთახს შეაფარებდა თავს, ღამეს გაატარებდა ფიქრში, როგორ გაქცეულიყო ისევ ევროპაში, მაგრამ არ გაივლიდა დიდი ხანი, რომ ჩვეულ ადგილს უბრუნდებოდა საიდა ზეინაბის მოედანზე მეორე საღამოსვე.
= 12 =
რამადანი26 დადგა და ისმაილს თავში აზრადაც არ მოსვლია, ემარხულა, უფრო დიდხანს იდგა ხოლმე მოედანზე და ფიქრს მისცემოდა: ჰაერში, ატმოსფეროში, ცოცხალ არსებებში და არაორგანულ სამყაროში, ყველაფერში იყო რაღაც ახალი, რაც მანამდე არ ყოფილა. თითქოს ყოფიერებამ ძველი სამოსელი გაიძრო და ახალ სამოსში გაეხვია.
სამყარო მოეცვა დროებითი ზავის განწყობას სასტიკი სისხლისმღვრელი ომის შემდეგ.
ისმაილი საკუთარ თავს ეკითხებოდა: რატომ გაუცრუვდა იმედები? ის ხომ ევროპიდან დიდი ცოდნის მარაგით აღჭურვილი დაბრუნდა, ახლა კი, როცა ამ ცოდნის მარაგს მიუბრუნდა, ნახა, რომ ის ცარიელი ყოფილა, მან იქ საკუთარ შეკითხვაზე პასუხი ვერ აღმოაჩინა. ეს ცოდნა უტყვი იყო და მინავლული მის წინაშე და მისი სისუსტის მიუხედავად, მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ იგი მძიმე ტვირთად ქცეულიყო მის ხელში.
მოედანს თვალი მოავლო და მზერა ჯგროდ შეკრებილ ხალხზე შეაჩერა. ასატანად მოეჩვენა ისინი. თვითონაც გაეღიმა იმ მასხრობასა და სიცილზე, მის ყურს რომ მისწვდა. ამ ხმებმა და ქუჩის ჟრიამულმა თავისი სიყმაწვილის დღეები გაახსენა… გაიფიქრა, რომ ალბათ ეგვიპტელების მსგავსი ხალხი არც არსებობს, ასე რომ ინახავდეს თავის ხასიათსა და ტემპერამენტს ჟამთა ტრიალისა და მმართველთა ცვლის მიუხედავად. აი, ამ ქვეყნის შვილი ისე ჩაივლის მის წინ, თითქოს ალ-ჯაბართის ქრონიკათა ფურცლებიდან გადმოაბიჯაო. ისმაილს სული დაუწყნარდა და ფეხქვეშ მყარი, მტკიცე ნიადაგი იგრძნო, მის წინაშეც გათითოკაცებულ ინდივიდთა ჯგრო კი არა, ხალხი დაინახა, ერთი საერთო სარტყელით შეკრული და ეს სარტყელი იყო გარკვეული ტიპის რწმენა _ დროის თანმდევი ნაყოფი და დროისავე ცეცხლზე ხანგრძლივად ნახარში და ეს სახეები მისთვის ხელახლა ამეტყველდა იმ მნიშვნელობით, რომელსაც მანამდე ის ვერ ამჩნევდა. სწორედ აქ იყო უსაფრთხოებისა და სიმშვიდის განცდა. აქ იარაღი ჩაგებული იყო. იქ, კი ევროპაში, აქტივობა შფოთვასა და ფორიაქში გამოიხატებოდა, უკიდურესად გააფთრებულ ბრძოლაში, იარაღიც ალესილი, მომარჯვებული იყო. მაგრამ შედარება რა საჭიროა? მოყვარული ადამიანი არც ზომავს და არც ადარებს. იქ, სადაც შედარებას კარს უღებენ, სიყვარული ფანჯრიდან მიიპარება.
დადგა ალ-კადრის ღამე27… ისმაილი გაფაციცებულ მოლოდინში იყო. მის გულში ალ-კადრის ღამის მოგონება უცნაურად თბილ გრძნობას აღძრავდა. ის გაზრდილი იყო ამ ღამის ძლევამოსილების და გამორჩეულობის რწმენით. არცერთ სხვა ღამეს, თვით დღესასწაულთა ღამეებშიც კი არ უგრძვნია ღვთის წინაშე ასეთი მორჩილება და მოწიწება! მის გონებაში ეს იყო ნათელი წერტილი ღამეთა კუნაპეტ სიშავეში. რამდენჯერ ზეცად აღუპყრია ხოლმე მზერა ამ ღამით და თვალი მოუჭრია მისთვის ვარსკვლავთა ისეთ ელვარებას, წლის სხვა დროს რომ არ უნახავს მსგავსი.
წამით ფიქრებში წავიდა. უეცრად ხრინწიანმა ხმამ და ღრმა ოხვრამ გამოაფხიზლა, მოედანს რომ გარს უვლიდა. უეჭველია, ეს სიდი ალ-ითრისი იყო. ზევით აიხედა. მეჩეთის გუმბათი მოლიცლიცე ნათელში იდგა, გარს რომ ევლებოდა. ისმაილს თავით ფეხებამდე ელვამ დაუარა.
_ ,,ო, ეს სინათლე სად იყო აქამდე, ასე დიდხანს რად გამეცალა?! კეთილი იყოს შენი დაბრუნება! ის ლიბრი გადამეცალა, თვალზე და გულზე რომ მქონდა გადაკრული! ახლა ჩავხვდი იმას, რაც ჩემთვის დაფარული იყო და მიუწვდომელი _ არ არსებობს ცოდნა რწმენის გარეშე! რა თქმა უნდა, ფატიმას არ შეეძლო ერწმუნა ჩემი. მას მხოლოდ შენი კურთხევისა სწამდა, შენი სულგრძელობისა და შენი წყალობის, ო, უმ ჰაშიმ!“
ისმაილმა სამლოცველოში თავდახრილმა შეაბიჯა. სამლოცველოს გარშემო 50 ანთებული სანთლის მოცეკვავე ალი დაინახა, შეიხი დარდირი სათითაოდ რომ ართმევდა მაღალტანიან, შავგვრემან, თმახუჭუჭა ახალგაზრდა ქალს. ეს ნაიმა იყო. ტუჩები მოკუმული აღარ ჰქონდა. ბაგე გაპობოდა და საუბრისას მარგალიტის რიგივით ჩამწკრივებული ქათქათა კბილები უჩანდა. მისთვის ერთი შეხედვა კმაროდა, რომ დაგევიწყებინა ქვეყნად რაც კი რამ მახინჯი და უგვანოა.
ამ გოგომ მოთმინება გამოიჩინა და ირწმუნა! ალაჰმაც შეუნდო და აი, 7 წლის შემდეგ მოსულა დანაპირების შესასრულებლად. სასო არ წარკვეთია, მრისხანებას არ შეუპყრია, ალაჰის დიდსულოვნების რწმენა არ დაუკარგავს! თავად ის კი, განათლებული ყმაწვილი, ნიჭიერი ინტელიგენტი გამედიდურდა, უფალს აუჯანყდა და აუმხედრდა, ამპარტავნებამ შეიპყრო და დაეცა!
ისმაილმა მაღლა აიხედა და დაინახა _ კანდელი თავის ადგილზე ანათებდა, როგორც სიმშვიდით აღვსილი თვალი, რომელმაც დაინახა, შეიცნო და დაწყნარდა. ისმაილს მოეჩვენა, რომ ანთებული კანდელი ნიშანს აძლევდა მას და უღიმოდა.
ისმაილთან შეიხი დარდირი მივიდა, ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მის ამბებს ეკითხებოდა. ისმაილი მისკენ გადაიხარა და უთხრა:
_ ამ კურთხეულ ღამეს, შეიხო დარდირ, ცოტაოდენი კანდელის ზეთი მომეცი!
_ ღმერთმანი, იღბლიანი ყოფილხარ! ალ-კადრის ღამე არ არის? თან ამასთანავე გამოცხადების ღამეცაა!
ისმაილი მეჩეთიდან ხელში შუშის ჭურჭლით გამოვიდა. თავისთვის გულში მოედანსა და მის მცხოვრებთ მიმართავდა:
_ მოდით ყველანი ჩემთან! ვიღაც თქვენთაგანმა ვნება მომაყენა, ვიღაცამ მომატყუა, ვიღაცამ გამაცურა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩემს გულში ისევ მოიძებნება ადგილი თქვენი სიბინძურისთვის, თქვენი უმეცრებისა და სიმდაბლისთვის. თქვენ ჩემიანები ხართ და მე თქვენიანი! მე ამ უბნის, ამ მოედნის შვილი ვარ! დრომ თქვენ სასტიკად გადაგიარათ, მაგრამ რამდენად დაუნდობელიც იყო იგი თქვენ მიმართ, იმდენად დიდი და ძლიერია ჩემი სიყვარული თქვენდამი!
შემდეგ შინ შევიდა და ფატიმას უხმო:
_ მოდი აქ, ფატიმა! განკურნების იმედი ნუ დაგიკარგავს! უმ ჰაშიმის წყალობა და კურთხევა მოგიტანე, შენს სენს გასდევნის, სატანჯველს მოგაცილებს და თვალისჩინს უვნებელს დაგიბრუნებს!
გოგოს ნაწნავი მოქაჩა და განაგრძო:
_ მანამდე კი გასწავლი, როგორ ჭამო და სვა, როგორ დაჯდე ხოლმე და როგორ ჩაიცვა. ხალხში გამოგიყვან, ქალად გაქცევ!
ისმაილი თავის სამუშაოს და მედიცინას დაუბრუნდა რწმენით განმტკიცებული. სასო არ წარკვეთია, როცა ნახა, სენს კარგა ხანია, ფეხი მტკიცედ მოეკიდებინა. ისმაილი შეუპოვრად ებრძოდა და ფეხს კი ვერ აცვლევინებდა. გულმოდგინედ აგრძელებდა თავისას და იმედის ნაპერწკალიც გამოკრთა. ფატიმამ მის ხელში დღითი დღე გამოკეთება დაიწყო. მკურნალობის დასასრულ კი ის შედეგი ეწვია, რომელმაც დასაწყისში დაიგვიანა და აი, ამ ბოლო ეტაპმა ელვის სისწაფით გაირბინა.
ერთ დღესაც ისმაილმა ფატიმა თავის წინ ჯანმრთელი და საღ-სალამათი რომ აღმოაჩინა, გონებასა და გულში უშედეგოდ დაუწყო ძებნა გაოცების გრძნობას, რომელიც, მისდა შესაშინებლად, ვერ აღმოაჩინა.
=13=
ისმაილმა თავისი კლინიკა ალ-ბაღღალას28 უბანში გახსნა, ბორცვების მახლობლად, სახლში, რომელიც ავადმყოფთა მიღების გარდა ყველაფრისთვის გამოდგებოდა. ვიზიტის საფასური ერთ ყურუშს არასოდეს აღემატებოდა. მისი კლიენტურა ელეგანტურად გამოწყობილი მამაკაცები და ქალები როდი იყვნენ, არამედ ღარიბ-ღატაკები, ფეხშიშველები. უცნაური ის იყო, რომ მას სახელი გაუვარდა არა მხოლოდ კაიროში, არამედ კაიროს მიმდებარე სოფლებშიც. მის სახლში მუდამ გლეხი კაცები და ქალები ირეოდნენ, მოდიოდნენ და საჩუქრებად მოჰქონდათ კვერცხი და თაფლი, მოჰყავდათ იხვი და ქათამი.
მისი ხელით გაკეთებული რამდენი მძიმე ოპერაცია წარმატებით დასრულებულა, თან ისეთი საშუალებებით, ვინმე ევროპელ ექიმს რომ ენახა, გაოცების შეძახილი აღმოხდებოდა. თავისი საქმის არსს და სულს ჩასწვდა, თავი ანება სამედიცინო საშუალებათა და ინსტრუმენტთა მნიშვნელობის გადაჭარბებულ შეფასებას და ჯერ უფალს, მერე თავის ცოდნა-გამოცდილებასა და საკუთარ ხელებს მიენდო. ღმერთმაც სიკეთე უწყალობა მის საქმეში და მარჯვენაც უკურთხა. არ უნატრია არც ქონება, არც შენობა-ნაგებობები და არც მამულების შეძენა. ის მხოლოდ თავისი ღარიბ-ღატაკი ავადმყოფების საკუთარი ხელით განკურნებას ესწრაფვოდა.
ისმაილი ფატიმაზე დაქორწინდა და ეყოლათ ხუთი ვაჟი და ექვსი ქალიშვილი.
* * *
ცხოვრების ბოლო დღეებში სხეული უზარმაზარი გაუხდა, ღიპი დაედო. ხარბად ჭამდა, ბევრს იცინოდა, ხუმრობდა, მხიარულობდა. დაუდევრად ეცვა, სახელოებზე და შარვალზე მუდამ სიგარეტის ფერფლის კვალი ჰქონდა, განუწყვეტლივ, ზედიზედ რომ ეწეოდა. ასთმა სჭირდა და სახე სულ აჭარხლებული ჰქონდა, შუბლი ოფლით დაცვარული. მისი სუნთქვა კი მუსიკის რაღაც ნაირსახეობაში გადაზრდილიყო. მნახველი ვერ მიხვდებოდა, დაღლილი იყო თუ მოსვენებული. ყელში მოგუდული სიცილი თვალებში რომ დაუგუბდებოდა (ფილტვებითა და სასუნთქი გზებით დაავადებულებზე მეტყველი და გამომსახველობითი ძალის მქონე თვალები კი არავისა აქვს!), ლამის ჭინკები შემოგხტომოდნენ მისი თვალებიდან. მთელი მისი მზერა სიყვარული იყო და გაგება! მასში იყო ბიწიერებაცა და სიკეთეც, მიმტევებლობაცა და სიძლიერეც. თითქოს ეს მზერა გეუბნებოდა:
_ ამ ქვეყნად მხოლოდ მე და შენ როდი ვართ! ამქვეყნიური არსებობა აქვს სილამაზეს და საიდუმლოებებს, სიტკბოებასა და ბრწყინვალებას. ბედნიერია ის, ვისაც უგრძვნია ისინი. დროა, შენც ეძიო ისინი…
მას დღემდე იგონებენ საიდა ზეინაბის უბნის მოსახლენი მისი სიკეთითა და გულმოწყალებით, ალაჰს შესთხოვენ მიტევებას მისთვის. რა ცოდვების მიტევებას? ამის თაობაზე არავის არაფერი აუხსნია ჩემთვის. ალბათ მისდამი დიდი სიყვარულისა და პატივისცემის გამო. თუმცა გადაკრული მზერითა და ღიმილით მივხვდი _ ბიძაჩემს მთელი ცხოვრების მანძილზე უყვარდა ქალები და ქალებისადმი ეს სიყვარული თითქოს ერთი ასპექტი იყო მისი თავდადებული სიყვარულისა მთელი კაცობრიობის, ადამიანთა მოდგმისადმი.
ალაჰიმც შეუნდობს მას და შეიწყალებს!..

• სიტყვათა თამაშია: ანისთანა არაბ. ნიშნავს: შენი მოსვლით გაგვახარე!NNშეხვედრისას ამბობენ.

არაბულიდან ქართულად თარგმნა დარეჯან გარდავაძემ

მკითხველისთვის ტექსტის გასაგებად დართული კომენტარები და განმარტებები:
1 საიდა ზეინაბის მეჩეთი _ იგულისხმება ზეინაბ ბინთ ალის – მოციქულ მუჰამედის ქალიშვილის ფატიმასა და IV ხალიფა ალის _ შიიტთა პირველი იმამის _ ქალიშვილის სახელზე აგებული მეჩეთი კაიროს ძველ უბანში, რომელიც ასევე საიდა ზეინაბის სახელს ატარებს. ზეინაბი ცნობილია ასევე მეტსახელებით: უმ ალ-მასაქინ და უმ ალ-ყავაჯიზ – ღატაკთა, უპოვართა დედა.
2 სავაკუფო უძრავი ქონება _ ისლამური სამართლით გაუსხვისებელი უძრავი ქონება, რომლის ანდერძით დატოვება ხდება საქველმოქმედო მიზნებისათვის.
3 მეჩეთის განსაბანველი _ იგულისხმება მუსლიმური ტრადიციით ლოცვის წინა განბანვის რიტუალის შესასრულებელი ადგილი, რომელიც ყოველი მეჩეთის ეზოშია.
4 სით ზეინაბი _ ქ-ნი ზეინაბი, იგივე საიდა ზეინაბი, იგივე უმ ჰაშიმი (შერქმეული საკ. სახელი) – მოციქულ მუჰამედის ქალიშვილის ფატიმასა და IV ხალიფა ალის _ შიიტთა პირველი იმამის _ ქალიშვილი, წამებით მოკლული შიიტთა მესამე იმამის – ალ-ჰუსეინის და (იხ. კომენტარი 1).
5 ალ-აზჰარი _ ისლამური სამყაროს უძველესი სასულიერო სასწავლებელი და მეჩეთი კაიროს ძველ უბანში.
6 სი ისმაილი, ისმაილ ეფენდი _ არაბ. საიდ, დიალექტ. სი – ბატონი. სი ისმაილი, ისმაილ ეფენდი – ბ-ნი ისმაილი.
7 ტაამია და ბისარა _ უბრალო ხალხში პოპულარული აღმოსავლური საკვების ნაირსახეობები.
8 უსტა _ არაბ. ოსტატი, უფროსი. გამოიყენება მიმართვის ფორმად: უსტა ჰასანი – ბ-ნი ჰასანი.
9 უმ ჰაშიმი _ ხშირად არაბულ საკუთარ სახელში (ძირითადში ან შერქმეულში) აღინიშნება დედობა, მაგ.: უმ ჰაშიმი – ჰაშიმის დედა (იხ. კომენტარი 4).
10 უმ მუჰამედი _ ქალის საკუთარი სახელი (მუჰამედის დედა).
11 სიდი ალ-ითრისი _ არაბ. ბატონი ალ-ითრისი.
12 ყურუში _ ხურდა ფული.
13 მილიმი _ ფულის ყველაზე წვრილი ერთეული.
14 ჩვენი ბატონი ჰუსეინი _ IV ხალიფა ალისა და მოციქულ მუჰამედის ქალიშვილის ფატიმას ვაჟი, შიიტების მესამე იმამი (წამებით მოკლული).
15 იმამი – არაბ. მუსლიმური თემის ხელმძღვანელი. იმამი აშ-შაფიყი _ ისლამური სამართლისმცოდნე-მუჰადისი, შაფიყიტების სუნიტური მაზჰაბის ხელმძღვანელი.
16 იმამი ალ-ლაისი _ ცნობილი მუჰადისი და სამართლისმცოდნე.
17 საიდა ფატიმა ან-ნაბავია _ IV ხალიფა ალის მეუღლე და მოციქულ მუჰამედის ქალიშვილი.
18 საიდა აიშა _ მოციქულ მუჰამედის მესამე და უსაყვარლესი ცოლი, ხალიფა აბუ ბაქრის ქალიშვილი.
19 საიდა საქინა _ საქინა ბინთ ალ-ჰუსეინი – IV ხალიფა ალისა და ფატიმას შვილიშვილი.
20 აზანი _ სალოცავად მოწოდება, რომელიც მეჩეთის მინარეთიდან ისმის ლოცვის დაწყების წინ.
21 შარიათი _ ისლამური სამართალი.
22 ალ-ფათიჰა _ ყურანის გამხსნელი (პირველი) სურა.
23 ტარბუში _ არაბ. ფესი.
24 უმ იფრითი _ იფრითი – არაბ. დემონი, ავსული. როგორც ზემოთაც აღინიშნა, ხშირად არაბ. საკუთარ სახელში (ძირითადში ან შერქმეულში) აღინიშნება დედობა, მაგ.: უმ ჰაშიმი – ჰაშიმის დედა. უმ იფრითი – ანალოგიით ხელოვნურად გაკეთებული დამცინავი ფორმა: დემონის დედა.
25 ჩაფარის ჯოხი, ჰარისა, ბასისა, სამბუსკა _ ეგვიპტური ეროვნული ტკბილეულის ნაირსახეობანი.
26 რამადანი _ მუსლიმური კალენდრით ის თვე, რომელშიც ყურანის ზეგარდმოვლენა მოხდა. მუსლიმთათვის მარხვის თვეა.
27 ალ-კადრის ღამე _ ისლამური კალენდრით რამადანის თვის 24-ე ღამე. ამავე სახელწოდებისაა ყურანის 97-ე თავი, რომლის თანახმად ამ ღამეს ზეცა იხსნება და სული და ანგელოზები გადმოდიან და განსჯიან ყოველივეს.
28 ალ-ბაღღალას უბანი _ კაიროს გარეუბანი.

Advertisements

3 responses to “იაჰია ჰაკკი – “უმ ჰაშიმის კანდელი”

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

infolab.ge

Just another WordPress.com site

EdulaB

Your Way in Education

iranisti's blog

ირანისტის ბლოგი

USA TODAY College

Preparing students for tomorrow with USA TODAY

Entertainment

What’s good, bad and happening, from pop culture to high culture

ninia's

,,ისეთი სიტყვა მინდა დავწერო, შენ რომ გაიგებ"

gabo.ge

ადამიანი კიბერსამყაროდან

%d bloggers like this: