ისლამის წარმოშობა


ისლამის სამშობლო არაბეთის ნახევარკუნძულია. ისლამი ჩაისახა ჰიჯაზის ქალაქ მექაში, მე-7 საუკუნის პირველ მესამედში. ისლამის წარმოშობა არაბულ საზოგადოებაში გამოწვეული იყო მთელი რიგი სოციალ-ეკონომიკური და პოლიტიკური მიზეზებით. ისლამის წარმოშობის წინ არაბები იყვნენ პატრიარქალურ-თემური წყობილების რღვევისა და კლასობრივი საზოგადოების ჩამოყალიბების პირობებში. როგორც ყველა ტომობრივ საზოგადოებაში, ტომს და მასში შემავალ ყველა გვარს თავისი წინამძღოლი ჰყავდა. თუმცა ეს არ ნიშნავდა ერთპიროვნულ მმართველობას. ისლამამდელ არაბეთში კოლექტიური მმართველობის პრინციპი მოქმედებდა, ფუნქციები განაწილებული იყო. ვ საუკუნის შუა ხანებში კურაიშელებმა თავიანთი წინამძღოლის _ კუსაიÁს მეთაურობით გააძევეს ხუზá‘ას ტომი მექიდან. მათ დაიკავეს მექა და მისი სანახები. მექა იყო ჰიჯაზის ყველაზე მსხვილი დასახლებული პუნქტი _ სავაჭრო და რელიგიური ცენტრი. აქ იდგა ქა‘აბას ტაძარი, რომლის აშენება მიეწერება ბიბლიურ აბრაამსა და მის ვაჟს ისმაილს. ქა‘აბა უძველესი დროიდან წარმოადგენდა არაბი ტომების პილიგრიმობის ადგილს.ამასთან აქ იმართებოდა ბაზრობა , სადაც მომთაბარე ბედუინები ცვლიდნენ თავიანთ საქონელს (ტყავი, აბრეშუმი, საქონელი) ხორბალზე, ფინიკზე და ხელოსნობის ნაწარმზე. კურაიშელები განსახლდნენ ქა‘აბას ტაძრის გარშემო. შუა საუკუნეების არაბი ავტორები ამ ტომში 25 გვარს ითვლიან. თუმცა კუსაიÁს მექაში გადასახლებისას, მისი ოჯახი შედგებოდა 16 გვარისაგან. კუსაიმ თავის თანატომელებს შორის გაანაწილა ქა‘აბას გარშემო ტერიტორია. კუსაიÉ გახდა ქა‘აბას მცველი და მექის მმართველი. ქალაქი მექა დაყოფილი იყო უბნებად, თითოეულ უბანში თითო გვარი ცხოვრობდა. თვითონ კუსაის სახლი, ქა‘აბას დასავლეთით, იყო გვარის უხუცესთა (მალა’) შეკრების ადგილი და მიიღო სახელწოდება _ “დარ ან-ნადვა” (საკრებულო სახლი). ეს იყო მმართველობის ერთგვარი ორგანო _ საკრებულო. ზოგიერთი თანამედროვე მკვლევარი მას სენატს, პარლამენტსაც უწოდებს, რისთვისაც რეალური საფუძველი არ არსებობს. მას ჰქონდა სათათბიროს, საკონსულტაციო ორგანოს ფუნქცია. ამ საკონსულტაციო ორგანოში შედიოდნენ უხუცესები ან მამაკაცები 40 წლის და ზემოთ. კურაიშელთა შეკრებებს არც ერთი ქალი არ ესწრებოდა. პოლიტიკური ძალაუფლება დარ ან-ნადვა-ს არ გააჩნდა, კრიტიკულ სიტუაციებში გადაწყვეტილება ვერ გამოჰქონდა _ არ აცხადებდა ომს ან არ დებდა სამშვიდობო ხელშეკრულებას. ბოიკოტის გამოცხადება ჰაშიმისა და ალ-მუტალიბის გვარებისადმი ადასტურებს, რომ შეიძლებოდა ეკონომიკური და სოციალური ზემოქმედების გამოყენება “მოწინააღმდეგე უმცირესობის” მიმართ. საზოგადოების თითოეული წევრის უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა არა საჯარო კანონი, არამედ გვაროვნულ-ტომობრივი კავშირები.
მე-6 საუკუნის 30-იან წლებამდე, მექის რელიგიურ-პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან დაკავშირებული ყველა ფუნქცია კუსაის ერთ-ერთი ვაჟის _ ‘აბდ ად-დარის ხელში იყო. ბანუ ‘აბდ ად-დარ იყო ქა‘აბას ტაძრის გასაღების მცველი და სარგებლობდა პრივილეგიებით: მლოცველთა წყლით მომარაგება, საკრებულო სახლში წარმომადგენლობა (ნადვა), უქონელი პილიგრიმებისათვის საარსებო სახსრების შეგროვება, კურაიშელთა დროშის ფლობის უფლება. ამას არ შეიძლება ვუწოდოთ ქალაქის ადმინისტრაცია, ეს იყო უფრო საპატიო ვალდებულებები, რომელთაგან ზოგიერთს შემოსავალი მოჰქონდა. არის ცნობები, რომ პილიგრიმები და ვაჭრები იბეგრებოდნენ სხვადასხვა გადასახადებით. ამან გამოიწვია კურაიშელთა მზარდი და ეკონომიკურად ძლიერი გვარის _ ‘აბდ მანაფის უკმაყოფილება. მათ პრეტენზია განაცხადეს ამ პრივილეგიებზე, რომლებიც საშუალებას აძლევდა კურაიშელთა ზედაფენას ზეგავლენა მოეხდინათ სხვებზე, მათ შორის პილიგრიმებზე.
მექის, როგორც სავაჭრო ცენტრის ზრდა განპირობებული იყო ჰარამის არსებობით _ წმინდა, აკრძალული ტერიტორია, სადაც ხალხი მოდიოდა და არ ეშინოდა თავდასხმების. გეოგრაფიული პირობები ასევე ხელსაყრელი იყო. მექაზე გადიოდა დიდი სავაჭრო-საქარავნო გზა, რომელიც უკავშირდებოდა ჰიჯაზს, სირიას, იემენს და მეწამულ ზღვას. თავდაპირველად მექელები იყვნენ მხოლოდ შუამავლები და მევახშეობა იყო მათი ძირითადი შემოსავალი. მე-6 საუკუნის ბოლოს, მექელები თითქმის მთლიანად აკონტროლებდნენ ვაჭრობას იემენიდან სირიაში _ მნიშვნელოვან სავაჭრო გზას, რომლითაც დასავლეთი იღებდა ფუფუნების საგნებს ინდოეთიდან და კეთილსურნელებებს სამხრეთ არაბეთიდან. მექა იყო არამარტო სავაჭრო ცენტრი, არამედ საფინანსოც. იმდროინდელ მექაში მრავლად იყვნენ ვაჭრები, ჩარჩები, გადამყიდველები, რომლებიც ყველაფრისაგან ცდილობდნენ მოგების მიღებას. დასახელებულია ე.წ. მექელი ფინანსისტები, რომლებსაც სპეციალური წიგნი ჰქონდათ შედგენილი, სადაც მიმდინარე ანგარიშებს იწერდნენ. მათ ჩაწერილი ჰქონდათ კრედიტი და დებეტი. მევახშეობით ვაჭრებიც ყოფილან დაკავებული. ეს იყო მათი შემოსავლის ერთ-ერთი და არცთუ უმნიშვნელო წყარო _ ისინი ფულით ვაჭრობდნენ. მექელი მევახშეები აორმაგებდნენ პროცენტებს, თუ ვალი დროზე არ იქნებოდა გადახდილი. თუმცა მექის მონაწილეობამ საგარეო და საშინაო ვაჭრობაში გამოიწვია სიმდიდრის დაგროვება ქალაქში და შესაბამისად დიდი ქონებრივი უთანასწორობა. კურაიშელებს შორის იყო მდიდარი გვარები, რომლებიც დაკავებული იყვნენ ვაჭრობით და მევახშეობით. ასეთი იყო უმაიას გვარი. ღარიბი გვარები დაკავებული იყვნენ წვრილი ვაჭრობით, ხელოსნობით და მესაქონლეობით. ასეთი იყო ჰაშიმის გვარი, რომელსაც მიეკუთვნებოდა ისლამის ფუძემდებელი მუჰამადი. ქონებრივი უთანასწორობა არსებობდა გვარებს შორისაც. მექაში ჩამოყალიბდა ორი ფენა: მექის გვაროვნული არისტოკრატია და გვაროვნული დემოკრატია.

არაბეთის ტერიტორიების დიდი ნაწილი, მათ შორის მექა იყო ორი დიდი იმპერიის _ ბიზანტია და ირანი _ დაპირისპირების ობიექტი. ასევე თავისი ინტერესები ჰქონდა აბისინიის სამეფოს ანუ ეთიოპიას. ამ იმპერიების ინტერესი არაბეთისადმი ძირითადად გამოწვეული იყო სავაჭრო მიზნებით. ბიზანტიას სჭირდებოდა ფუფუნების საგნები აღმოსავლეთიდან, ხოლო სპარსეთი აკონტროლებდა პრაქტიკულად ყველა სავაჭრო გზას _ ორივე სახმელეთო გზას ინდოეთიდან და ჩინეთიდან, გარდა იმისა, რომელიც გადიოდა ჩრდილოეთით კასპიის ზღვიდან და საზღვაო გზებს ინდოეთიდან და ცეილონიდან სპარსეთის ყურის გავლით. რჩებოდა მხოლოდ სახმელეთო გზა დასავლეთ არაბეთის და სირიის გავლით და მარშრუტი მეწამულ ზღვაზე, რომელიც ნაკლებად გამოიყენებოდა. 525 წელს ეთიოპიამ დაიპყრო იემენი და სამხრეთ არაბეთი. 570 ან 575 წელს ირანმა დაიპყრო იემენი და დაამყარა თავისი კონტროლი სატრანზიტო ვაჭრობაზე, გადაკეტა გზა იემენიდან ჰიჯაზის გავლით სირიაში, პალესტინასა და ირანში. საქარავნო გზა გადიოდა მხოლოდ ირანის გავლით. ამ გარემოებამ და მეზობელი სახელმწიფოების თუ ტომების თავდასხმებმა გამოიწვია ჰიჯაზის ეკონომიკური დაცემა, მრავალი არაბული ტომის განადგურება, უქონელთა რიცხვის გაზრდა, საზოგადოების შიგნით დაპირისპირებების გამწვავება. საჭირო გახდა ამ ტომების გაერთიანება და არაბული სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბება. ეს ამოცანა განახორციელა რელიგიურ-პოლიტიკურმა მოძრაობამ ისლამის დროშით.
რაც შეეხება რელიგიურ ვითარებას წინაისლამურ მექაში, წარმართი არაბები უმაღლესი ღმერთის _ ალაჰის გვერდით თაყვანს სცემდნენ კერპებს. ქა‘აბას ტაძრის ეზოში იდგა 360 კერპი, რომლებიც წარმოადგენდნენ შუამავლებს ხალხსა და ალაჰს შორის. მე-3 საუკუნის მეორე ნახევრიდან მექის მთავარი კერპი იყო ჰუბალი, რომელიც მფარველობდა კურაიშელებს. ჰუბალის კერპი-სიმბოლო იყო ადამიანის გამოსახულება მოტეხილი მარჯვენა ხელით (დამზადებული წითელი სერდოლიკისაგან). კურაიშელებმა ეს კერპი ამ სახით მიიღეს და ბოლოს მათ დაამზადეს ხელი ოქროსაგან. ამ კერპის წინ იდო 7 სამარჩიელო ისარი, რომლებიც წმინდად ითვლებოდა. ერთ-ერთ მათგანზე ეწერა “წმინდა სისხლის”, მეორეზე ეწერა “უცხო”. თუ ადამიანი არ იყო დარწმუნებული თავისი ბავშვის წარმომავლობაში, მაშინ ჰუბალს სწირავდა სამსხვერპლო ცხოველს, რომელსაც ესროდნენ ამ ორ ისარს. თუ დაეცემოდა ისარი წარწერით _ “წმინდა სისხლის”, ბავშვი ითვლებოდა მის ღვიძლ შვილად, ხოლო თუ დაეცემოდა ისარი წარწერით _ “უცხო”, ბავშვზე უარს ამბობდა. ამ ისრების გვერდით იყო სხვა ისრები, რომლითაც შეიძლებოდა მარჩიელობა სიკვდილის, ქორწინების და სხვ. შესახებ. თუ წარმართ არაბებს შორის რაიმე საკამათო იყო, ისინი მიდიოდნენ ჰუბალთან და ისროდნენ ისრებს. თვითონ მუჰამადის ბაბუამ მიმართა ამ ისრებს. არაბეთის ნახევარკუნძულზე კერპს თაყვანისცემისას მძივებს, ნაჭრებს ან იარაღს მიუტანდნენ ხოლმე, სწირავდნენ მსხვერპლს, რომლის ხორცი შემწირველთა შორის იყოფოდა. არაბებს ჩვეულებად ჰქონდათ აგრეთვე ალაჰისა და სხვა კერპების წილი გამოეყოთ თავიანთი მინდვრებიდან, ან მათთვის მიეძღვნათ თავიანთი სახნავ-სათესები.
არაბეთის ღმერთების პანთეონში მრავალი ღვთაების სახელი ცნობილი იყო უძველესი დროიდან. მის სათავეში იდგა უმაღლესი ღვათაება _ ალაჰი (ალ-ლაჰ, ალ-ილაჰ _ ღვთაება). ისლამამდელ არაბეთში ყველაზე სათაყვანებელი იყო სამი ქალღმერთი (ტრიადა) _ მანათ, ალ-ლათ და ალ-‘უზზა, რომლებიც ტრადიციულად ითვლებოდნენ ,,ალლაჰის ქალიშვილებად“ (ბანათ ალ-ლაჰ). მანáთის კერპი-სიმბოლო (შავი უფორმო ფიგურა) იდგა საზღვაო სანაპიროზე, მექასა და მედინას შორის, კუდაიდაში. მანათს ყველაზე მეტად პატივს მიაგებდა ორი არაბული ტომი მედინაში _ აუსი და ხაზრაჯი. ალ-ლათის კერპი-სიმბოლო იყო ოთხკუთხა ქვის ფილა, რომელიც იდგა ტაიფის მახლობლად. ალ-ლათ იყო ტაიფში მცხოვრები საკიფის ტომის მთავარი ღვთაება. ალ-‘უზზას კერპი-სიმბოლო იდგა მექასთან, ნახლას ახლოს დაბლობში. მას განსაკუთრებულ პატივს მიაგებდა კურაიშის ტომი, რომელიც ყოველწლიურ დღესასწაულს მართავდა მის საპატივსაცემოდ. ამ სამი ქალღმერთის თაყვანისცემა გაგრძელდა 630 წლამდე, როცა მუჰამადმა აკრძალა კერპების კულტი. ისლამამდელ არაბეთში გავრცელებული იყო აგრეთვე ქვების, კლდეების და ხეების თაყვანისცემა. თითოეულ ოჯახს თავისი კერპი-ღვთაება ჰყავდა. თუმცა, არ არის ცნობილი, უკავშირდებოდა თუ არა ისინი წინაპართა კულტს. ქააბას მათავარი სიწმინდე იყო შავი ქვა. მუსლიმთა რწმენით, თავდაპირველად ის იყო თეთრი ფერის და შემდეგ გაშავდა ადამიანთა ცოდვებისაგან. მოგვიანებით, მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ისლამის ისტორიაში.
წინაისლამურ ხანაში ასახელებენ მისნებს (ქაჰინ), კულტის მსახურებს, ტაძრის ქურუმებს (რაბბ ალ-ბაით), წინასწარმეტყველებს (ნაბიÁ). “ქაჰინ” იყო ადამიანი, რომელსაც თითქოსდა ურთიერთობა ჰქონდა ღვთაებასთან ან მის წარგზავნილთან (ანგელოზთან, ჯინთან) ტრანსის მდგომარეობაში. ქáჰინებს არამარტო ძალუძდათ დაფარულის ცოდნა, არამედ ისინი თამაშობდნენ არბიტრის (ჰაქიმ, ÐÐჰაქამ) როლს საკამათო საკითხების განხილვის დროს. ხალხი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა მათ გადაწყვეტილებებს _ იყო ის სწორი თუ არასწორი. ამდენად, მათ ჰქონდათ თავიანთი ადგილი საზოგადოებაში. თითოეულ ტომს თავისი ქაჰინი ჰყავდა. ზოგიერთი სარგებლობდა დიდებით თავისი ტომის გარეთაც და მასთან მიდიოდნენ რჩევისათვის.
ტიპოლოგიურად ქაჰინები არაბეთის წინასწარმეტყველთა (,,ცრუ წინასწარმეტყველთა~) წინამორბედები იყვნენ. ზოგიერთი მათგანი თავდაპირველად ქáჰინი იყო. “ცრუ მოციქულების” ქადაგებები გარკვეული აუდიტორიისათვის იყო განკუთვნილი.
მონოთეისტური რელიგიებიდან არაბებთან პირველად გავრცელდა იუდაიზმი. არაბეთში იუდაიზმის მთავარი ცენტრები გახდა იემენი, აგრეთვე ჰიჯაზის ჩრდილოეთი ოაზისები, მათ შორის იასრიბი (მედინა). იუდეველები ცხოვრობდნენ ტაიფის ოაზისშიც. არაბებთან გავრცელდა მეორე მონოთეისტური რელიგიაც _ ქრისტიანობა. მან შეაღწია არაბეთში სამი გზით: 1. სირიიდან არაბების საშუალებით ჰასანიანთა სამეფოში, რომელთაც მიიღეს ქრისტიანობა ვ ს.-ის ბოლოს; 2. ლახმიდიანთა დედაქალაქის _ ჰირას საშუალებით; 3. სამხრეთით, ეთიოპიიდან, სადაც აქსუმის სამეფოში ქრისტიანობა განმტკიცდა უკვე მე-4 ს.-ში. იემენში იუდაიზმთან ერთად გავრცელდა ქრისტიანობაც. იემენის ქალაქებში, ჰიჯაზის ოაზისებში, ჩრდილოეთ არაბეთის ქალაქებში იყო იუდეველთა და ქრისტიანთა ტაძრები. ზოროასტრიზმს პირველი მუსლიმები შეიძლება გაცნობოდნენ იუდეველთა და ქრისტიანთა მეშვეობით, რომელთაც შეითვისეს ზოროასტრიზმის ზოგიერთი ელემენტი და უშუალოდ სპარსელებისაგან.
მუჰამადის წინამორბედები გარკვეულწილად აღმოჩნდნენ ჰანიფები _ მონოთეისტები, რომლებიც არც იუდეველები იყვნენ და არც ქრისტიანები. წინაისლამურ არაბეთში ჰანიფებს უწოდებდნენ მათ, ვინც უარყოფდა ტომობრივი კერპების თაყვანისცემას, ასკეტებს, რომლებიც იცავდნენ რიტუალურ სიწმინდეს, წამდათ ერთი ღმერთი. მუჰამადი იცნობდა ჰანიფებს და განიხილავდა მათ როგორც “წმინდა და ჭეშმარიტი” რელიგიის მიმდევრებს. სწორედ ამ მნიშვნელობით არიან ისინი მოხსენიებული ყურანში, სადაც ისინი უპირისპირდებიან კერპთაყვანისმცემლებს. ჰანიფებში მუჰამადი ხედავდა აბრაამის უძველესი რელიგიის მიმდევრებს. მუჰამადის ბიოგრაფი იბნ ჰიშამი (გარდ. 833წ.) ასახელებს მუჰამადის თანამედროვე ოთხ ჰანიფას მექაში, რომელთა შორის იყო მუჰამადის პირველი ცოლის _ ხადიჯას ნათესავი ვარაკა ბ. ნაუფალი.

Advertisements

7 responses to “ისლამის წარმოშობა

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

infolab.ge

Just another WordPress.com site

EdulaB

Your Way in Education

iranisti's blog

ირანისტის ბლოგი

USA TODAY College

Preparing students for tomorrow with USA TODAY

Entertainment

What’s good, bad and happening, from pop culture to high culture

ninia's

,,ისეთი სიტყვა მინდა დავწერო, შენ რომ გაიგებ"

gabo.ge

ადამიანი კიბერსამყაროდან

%d bloggers like this: